Pages

3/29/2013

თომას ჰობსის ,,ლევიათანი’’


თომა ჰობსი  (1588 – 1679)  - ინგლისელი ფოლოსოფოსი.

   ავტორის პოლიტიკური ფილოსოფიური შეხედულებების შთამბეჭდავ ექსპოზიციას წარმოადგენს მისი  ნაშრომი ,,ლევიათანი’’. იგი გადმოსცემს ჰობსის ხედვას საზოგადოებისა და ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესებისა და მიზეზების შესახებ. მასში მოცემულია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ თანაარსებობს ერთ სივრცეში ადამიანი, სახელმწიფო და სამყარო.
   ნიშანდობლივია საკუთრივ ნაშრომის სათაური. ,,ლევიათანი’’ მითოლოგიურ-თეოლოგიური წარმომავლობის სიტყვაა და მოყვანილია ბიბლიაში, სადაც ის ზღვის უზარმაზარი ცხოველის გამოსახულებას წარმოადგენს. ამ პოლიტიკურ-ფოლოსოფიური კონტექსტის მქონე ნაწარმოებში, სადაც განხილულია სახელმწიფო ძალაუფლების საკითხები, ლევიათანი სწორედ სახელმწიფოს გამომხატველ არსებად მიიჩნევა, ან კიდევ სუვერენის, რომელიც, თავის მხრივ, სწორედ სახელმწიფოს სახეა.
   ,,ლევიათანი’’ ინგლისის სამოქალაქო ომის პეროდში იწერებოდა. ამან მეტწილად დიდი გავლენა იქონია ავტორის შეხედულებებზე და შედეგად ნაწარმოები გაჯერებულია პათოსით, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია არსებობდეს ძლიერი ცენტრალური ავტორიტეტი - სახელმწიფო ძალაუფლება, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო დაპირისპირებები.
   იმისთვის, რათა უკეთ გამოკვეთოს ძალაუფლების არსებობის საჭიროება, ჰობსი საკმაოდ ვრცელ მსჯელობას გვთავაზობს ბუნებრივი მდგომარეობის შესახებ. ავტორის თქმით, ესაა მდგომარეობა, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს ზემდგომი ძალა, რომელსაც ადამიანები დაემორჩილებოდნენ და სადაც  ინდივიდები ცხოვრობენ სრული თავისუფლებისა და თანასწორობის პირობებში. ნაწარმოებში დეტალურადაა აღწერილი, თუ რა დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები შეიძლება ჰქონდეს ამ ბუნებრივ მდგომარეობას, თუ რატომაა საჭირო ბუნებრივი მდგომარეობიდან სახელმწიფოებრივ მდგომარეობამდე გადასვლა და რა მეთოდებით ხდება ეს.
   საერთაშორისო ურთიერთობების რეალიზმის სკოლა კარგად იცნობს გამოთქმას ,,ყველას ომი ყველას წინააღმდეგ’’. მისი კონტექსტი სწორედ ბუნებრივი მდგომარეობის პირობებია და თანამედროვე საერთაშორისო კონიუქტურიდან გამომდინარე იგულისხმება ის, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა ბუნებრივ მდგომარეობაში მცხოვრები ადამიანების ურთიერთობას ჰგავს, სადაც არ არსებობს ერთი უზენაესი მმართველი და რა დროსაც როგორც სახელმწიფოების, ისე ჰობსისეული ინდივიდების ქცევას უსაფრთხოების ინტერესები განსაზღვრავს. თომას ჰობსი მსჯელობის ამგვარი ხაზით პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა.
   კრიტიკოსების მიერ ,,ლევიათანი’’ შეფასდა, როგორც ნაშრომი, რომელიც რევოლუციონერების წამქეზებლური შტრიხებით იყო გაჯერებული, ხოლო ჰობსს რევოლუციისადმი სიმპათიის გამოხატვაში სდებდნენ ბრალს. შინაარსის გარდა, გამაღიზიანებელი იყო ასევე ნაშრომის გამოცემის გარეკანი. შედეგად, ,,ლევიათანი’’ აკრძალული ლიტერატურის ნუსხაში მოხვდა, ხოლო ჰობსს კი რელიგიურ და პოლიტიკურ თემებზე ნაშრომების გამოქვეყნება აეკრძალა.
   ამგვარად, იკითხეთ თავისუფლებისა და ლიბერალური სხვა ღირებულებების დაფუძნებისთვის აკრძალული ჰობსის ,,ლევიათანი’’  და გაეცანით იმ საწყისებს, რაც თანამედროვეობისთვის ყველაზე აქტუალური ფასეულობების დამკვიდრების წინაპირობა გახდა.

No comments:

Post a Comment