Showing posts with label კვლევა. Show all posts
Showing posts with label კვლევა. Show all posts

11/14/2012

ქართულ-აფხაზური ნონსენსი - ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ და აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსი


  საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას პირველი გამოხმაურებები მოჰყვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მხრიდან. არაღიარებული ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, ის “ისაუბრებს მასთან ვინც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა და მოვა მხოლოდ თანასწორ დონეზე”. მისი თქმით, “თუ ქართული ოცნება აფხაზეთის დაბრუნებაა, ეს ილუზორული ოცნებაა, ხოლო თუ ქართული ოცნება აფხაზეთთან სამშვიდობო შეთანხმებას გულისხმობს, მაშინ ამ საკითხის განხილვა შეიძლება.” ანქვაბმა აღნიშნა, რომ აფხაზური მხარისთვის მთავარი საკითხი საქართველოსთან თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმებაა.
   აფხაზური მხარის ამ ინიციატივამ ბუნებრივად წარმოშვა შეკითხვები, რაც უკავშირდება მის უფლებებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან შესაბამისობაში. იმ პირობებში, როდესაც კონფლიქტს ასიმეტრიული ხასიათი აქვს, ანუ როდესაც მასში ჩართული მხარეების რესურსები განსხვავებულია თავისი არსით, მთელი რიგი სადავო საკითხი ჩნდება, რომელთაგან უმთავრესი მაინც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართლებრივ სტატუსს უკავშირდება. როდესაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მხრიდან მოდის შეთავაზება ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, ისმის შეკითხვა, ამ ვითარებაში ვისთან ურთიერთობს საქართველო? ვისთან აფორმებს ხელშეკრულებას? რა ტიპის ხელშეკრულება იქნება ეს? და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: ხელშეკრულების გაფორმება ხომ არ იქნება დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასი, ან წინაპირობა და ხომ არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ საქართველო აფხაზურ მხარეს უყურებს, როგორც თანასწორ სუბიექტს?

12/28/2011

საქართველოს კურსი ატლანტიკური ინტეგრაციისკენ - დამოკიდებულებები მიზანსა და მიზნის მიღწევის საშუალებებზე


ნაშრომი  ეხება ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომში ნატო) საქართველოს ინტეგრაციის საკითხს. ის იკვლევს სტუდენტების დამოკიდებულებას ერთი მხრივ, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისადმი და მეორე მხრივ, მათ დამოკიდებულებას დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. კვლევის მიზანია გამოკვეთოს კავშირი ამ ორ ცვლადს შორის და დაადგინოს, თუ როგორ აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისადმი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი განწყობაზე.
    კვლევა ჩატარდა გამოკითხვის მეთოდოლოგიის გამოყენებით და კითხვარების მეშვეობით გამოკითხულ იქნა მიზნობრივი აუდიტორია – საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მოძღვრებები 30 სტუდენტი.

4/04/2011

რამ გამოიწვია 2009 წლის “გაზის ომი” რუსეთსა და უკრაინას შორის?


ნაშრომი წარმოადგენს რუსეთ-უკრაინის 2009 წლის 1 იანვრის  გაზის კონფლიქტის ანალიზს და ეხება ქვეყნებს შორის ენერგეტიკული პოლიტიკის წარმართვის თავისებურებებს. მისი მთავარი მიზანია გამოიკვლიოს აღნიშნული კრიზისის გამომწვევი პოლიტიკური მიზეზები და გაამყაროს თეზა ეკონომიკური ფაქტორებით დაწყებული კონფლიქტების უკან პოლიტიკური მიზეზების არსებობის შესახებ. კვლევის მიმდინარეობისას ხდება აღნიშნული ზოგადი ჰიპოთეზის დავიწროება და შედეგად საკვლევ კითხვაზე ჰიპოთეტური პასუხი შემდეგი სახით ყალიბდება: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი იყო რუსეთ-უკრაინის 2009 წლის ”გაზის ომის” გამომწვევი  მნიშვნელოვანი  პოლიტიკური ფაქტორი.