1969 წლიდან ამერიკის დღის წესრიგში ენერგეტიკულმა,
კერძოდ კი ნავთობმომარაგების საკითხებმა იწყო წინ წამოწევა. საწყის ეტაპზე ქვეყნისთვის
საფრთხის მომასწავებელი იყო სულ უფრო მზარდი იმპორტის ფაქტი. ამის აღმოსაფხვრელად ნავთობის
იმპორტზე დაწესდა კვოტა. ამას მოჰყვა მოთხოვნის ზრდა და შედეგად ამერიკაში დაიწყო ენერგეტიკული
კრიზისი. ამერიკის იმჟამინდელი პრეზიდენტი ნიქსონი იძულებული გახდა მოეხსნა კვოტა და
შეექმნა გადანაწილების სისტემა.
კვოტების
გაუქმების შემდეგ ამერიკა უკვე ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე გამოვიდა და ახლო აღმოსავლური
ბაზრის მომხმარებელი გახდა. 1973 წლისთვის ამ ქვეყანაში რეკორდულად გაიზარდა ნავთობის
იმპორტი და დღიურად 6.2 მილიონი ბარელი შეადგინა. (1970 – 3.2. 1972 – 4.5). ამას კი
მოჰყვა ენერგოდისტრიბუტორი კომპანიების მხრიდან ნავთობზე ადგილობრივი ფასის მატება,
შედეგად საბაზრო ფასმა საგრძნობლად გადააჭარბა ნავთობის ოფიციალურ ფასს, დაწესებულს
მიმწოდებელი ქვეყნების მიერ. ეს, ბუნებრივია, ექსპორტიორების მხრიდან პროტესტის საბაბი
გახდა. ყველაზე მკაცრი ამ მხრივ ლიბია აღმოჩნდა, რომლის მმართველმა კადაფიმ კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციების
51%–ის ნაციონალიზაცია მოახდინა. მასთან ერთად ოპეკის სხვა წევრები – ერაყი და ალჟირი
ითხოვდნენ გადაეხედათ ნავთობის ფასის რეგულაციებთან დაკავშირებული ტერეგანისა და ტრიპოლის
შეთანხმებებისთვის.
ექსპორტიორების
პროტესტის საგანს წარმოადგენდა ისიც, რომ დოლარის ინფლაციისა და დევალვაციის პირობებში
სულ უფრო კარგავდა ფასს ამერიკული კუპიურა, რაც მათში ბუნებრივად ბადებდა საკითხს იმის
შესახებ, უნდა ეწარმოებინათ თუ არა ნავთობი, რაც მათი არსებობის წყაროსა და ძალას წარმოადგენდა
და გაეცვალათ იგი ფულში, რომელსაც არაფერი უმაგრებდა ზურგს და დღითიდღე უფასურდებოდა.









