Showing posts with label შემეცნებითი მასალები. Show all posts
Showing posts with label შემეცნებითი მასალები. Show all posts

3/29/2013

თომას ჰობსის ,,ლევიათანი’’


თომა ჰობსი  (1588 – 1679)  - ინგლისელი ფოლოსოფოსი.

   ავტორის პოლიტიკური ფილოსოფიური შეხედულებების შთამბეჭდავ ექსპოზიციას წარმოადგენს მისი  ნაშრომი ,,ლევიათანი’’. იგი გადმოსცემს ჰობსის ხედვას საზოგადოებისა და ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესებისა და მიზეზების შესახებ. მასში მოცემულია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ თანაარსებობს ერთ სივრცეში ადამიანი, სახელმწიფო და სამყარო.
   ნიშანდობლივია საკუთრივ ნაშრომის სათაური. ,,ლევიათანი’’ მითოლოგიურ-თეოლოგიური წარმომავლობის სიტყვაა და მოყვანილია ბიბლიაში, სადაც ის ზღვის უზარმაზარი ცხოველის გამოსახულებას წარმოადგენს. ამ პოლიტიკურ-ფოლოსოფიური კონტექსტის მქონე ნაწარმოებში, სადაც განხილულია სახელმწიფო ძალაუფლების საკითხები, ლევიათანი სწორედ სახელმწიფოს გამომხატველ არსებად მიიჩნევა, ან კიდევ სუვერენის, რომელიც, თავის მხრივ, სწორედ სახელმწიფოს სახეა.
   ,,ლევიათანი’’ ინგლისის სამოქალაქო ომის პეროდში იწერებოდა. ამან მეტწილად დიდი გავლენა იქონია ავტორის შეხედულებებზე და შედეგად ნაწარმოები გაჯერებულია პათოსით, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია არსებობდეს ძლიერი ცენტრალური ავტორიტეტი - სახელმწიფო ძალაუფლება, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო დაპირისპირებები.
   იმისთვის, რათა უკეთ გამოკვეთოს ძალაუფლების არსებობის საჭიროება, ჰობსი საკმაოდ ვრცელ მსჯელობას გვთავაზობს ბუნებრივი მდგომარეობის შესახებ. ავტორის თქმით, ესაა მდგომარეობა, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს ზემდგომი ძალა, რომელსაც ადამიანები დაემორჩილებოდნენ და სადაც  ინდივიდები ცხოვრობენ სრული თავისუფლებისა და თანასწორობის პირობებში. ნაწარმოებში დეტალურადაა აღწერილი, თუ რა დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები შეიძლება ჰქონდეს ამ ბუნებრივ მდგომარეობას, თუ რატომაა საჭირო ბუნებრივი მდგომარეობიდან სახელმწიფოებრივ მდგომარეობამდე გადასვლა და რა მეთოდებით ხდება ეს.
   საერთაშორისო ურთიერთობების რეალიზმის სკოლა კარგად იცნობს გამოთქმას ,,ყველას ომი ყველას წინააღმდეგ’’. მისი კონტექსტი სწორედ ბუნებრივი მდგომარეობის პირობებია და თანამედროვე საერთაშორისო კონიუქტურიდან გამომდინარე იგულისხმება ის, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა ბუნებრივ მდგომარეობაში მცხოვრები ადამიანების ურთიერთობას ჰგავს, სადაც არ არსებობს ერთი უზენაესი მმართველი და რა დროსაც როგორც სახელმწიფოების, ისე ჰობსისეული ინდივიდების ქცევას უსაფრთხოების ინტერესები განსაზღვრავს. თომას ჰობსი მსჯელობის ამგვარი ხაზით პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა.
   კრიტიკოსების მიერ ,,ლევიათანი’’ შეფასდა, როგორც ნაშრომი, რომელიც რევოლუციონერების წამქეზებლური შტრიხებით იყო გაჯერებული, ხოლო ჰობსს რევოლუციისადმი სიმპათიის გამოხატვაში სდებდნენ ბრალს. შინაარსის გარდა, გამაღიზიანებელი იყო ასევე ნაშრომის გამოცემის გარეკანი. შედეგად, ,,ლევიათანი’’ აკრძალული ლიტერატურის ნუსხაში მოხვდა, ხოლო ჰობსს კი რელიგიურ და პოლიტიკურ თემებზე ნაშრომების გამოქვეყნება აეკრძალა.
   ამგვარად, იკითხეთ თავისუფლებისა და ლიბერალური სხვა ღირებულებების დაფუძნებისთვის აკრძალული ჰობსის ,,ლევიათანი’’  და გაეცანით იმ საწყისებს, რაც თანამედროვეობისთვის ყველაზე აქტუალური ფასეულობების დამკვიდრების წინაპირობა გახდა.

2/24/2013

ნიკოლო მაკიაველის ,,მთავარი’’

ნიკოლო მაკიაველი (1469-1527) - იტალიელი მოაზროვნე და პოლიტიკური მოღვაწე.

  ნიკოლო მაკიაველი პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი ღირსეული ფუძემდებელია. მისმა მემკვიდრეობამ  გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროპაში პოლიტიკური ენის დამკვიდრებაში და მნიშვნელოვანი სტიმული მისცა ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას. მან შეიმუშავა ის პრაქტიკული საშუალებები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ევროპული პოლიტიკის განხორციელება.
   მაკიაველის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია პრაგმატიზმი - როცა პოლიტიკური ქმედების მოტივაცია განპირობებულია საზოგადო სიკეთის მოსაზრებით და სეკულარიზმი - როცა სახელმწიფო ძალაუფლება დაცლილია ყოველგვარი საკრალური შინაარსისგან და წარმოჩნდება, როგორც საზოგადოების მაორგანიზებელი ფაქტორი. მაკიაველის ეს მიმართება კონკრეტულად გამოიხატა, როგორც მისი მთავარი პოლიტიკური ტექსტების ენობრივი არჩევანით (სეკულარული იტალიური ენა საკრალური ლათინურის ნაცვლად), ისე ევროპაში ფართოდ გავრცელებული კონცეფციით - ,,სახელმწიფო მოსაზრება’’ (Ragion di Stato), რომელიც ეროვნულ სახელმწიფოს უკვე თავისთავად ღირებულებად მიიჩნევს, განსხვავებით შუა საუკუნეებში მიღებული თეოლოგიური ინტერპრეტაციებისგან.
      მაკიაველის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს ნაშრომს წარმოადგენს ,,მთავარი’’. ნაწარმოები დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე და სწორედ მასში გამოიხატა მისი პოლიტიკური შეხედულებები.
  ,,მთავარი’’ დაწერილია პოლიტიკური ლიდერის სახელმძღვანელოდ. ნაწარმოებში მეთოდურადაა განხილული ძალაუფლების აღების და შენარჩუნების ხერხები სხვადასხვა ვითარებაში. მასში საუბარია სამთავროების რაობის, ტიპოლოგიის, მათი დაპყრობის ხერხების შესახებ; მოცემულია მითითებები იმაზე, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქალაქები და სახელმწიფოები სხვადასხვა პირობებში; საუბარია ძალაუფლების მიღწევის გზებზე; მოცემულია სამთავროთა ძლიერების შეფასების კრიტერიუმები; ნაწარმობში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლაშქარზე საუბარს და მისი სახეობების განხილვას; ამის შემდეგ ავტორი უკვე  უშუალოდ მთავრის თვისებების აღწერაზე გადადის, ნათლად აყალიბებს თითოეული ამ თვისების  დადებით და უარყოფით ფაქტორებს და განიხილავს მათ საჭოროებას სხვადასხვა ვითარებაში. ბოლო ნაწილში მოცემულია მსჯლობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განიმტკიცოს მთავარმა პოზიციები, როგორ უნდა შეინარჩუნოს სიძლიერე და რა არის საამისოდ საჭირო.
   ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი აზრი იმაშია, რომ პოლტიკის წარმართვა არ უნდა ეფუძნდებოდეს მორალს, რომ პოლიტიკაში ფუნდამენდუტი ფასეულობა უსაფრთხოება და სახელმწიფოს თვითგადარჩენაა, სადაც ზნეობრივი ნორმები და მორალი სახელმწიფოს ინტერესებს ემორჩილება. სწორედ ამის საფუძველზე უწესებს მაკიაველი ლიდერს მის უფლება-მოვალეობებს - რომ ის არ უნდა სარგებლობდეს ქრისტიანული ეთიკის მიხედვით და რომ მისი უმთავრესი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და გადარჩენას უნდა ეფუძნდებოდეს. მაკიაველი მთავარს აყენებს არა საკუთარი თავის, ან რეჟიმის სამსახურში, არამედ ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დამცველად.
     მაკიაველი ამ ნაშრომით პოლიტიკური რეალიზმის იდეებსა და ნორმებს აყალიბებს. გთავაზობთ პასაჟს ნაწარმოებიდან, სადაც რეალიზმის უმთავრესი პოსტულატებია გადმოცემული:
   ”არსებობს ბრძოლის ორი სახე: ერთია ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე - ძალის მეშვეობით. პირველი ნიშნეულია ადამიანებისთვის, მეორე კი - მხეცებისთვის. მაგრამ რაკი პირველი ხშირად არასაკმარისია, ძალაუნებურად უნდა მივმართოთ ხოლმე მეორეს. ამიტომ მთავრისთვის აუცილებელია, რომ თანაბარი წარმატებით იბრძოდეს, როგორც მხეცი და როგორც კაცი. მთავარი უნდა ითავსებდეს და ისისხლხორცებდეს ამ ორივე ბუნებას, ვინაიდან ერთი მეორის გარეშე უდღეურია. ამრიგად, თუ მთავარი იძულებულია იბრძოდეს, როგორც მხეცი, ცხოველთა მთელი სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს, ვინაიდან ლომს არ შეუძლია თავი დაიცვას გველისგან, მელას - მგლებისგან. მაშასადამე, მელა უნდა იყო, რომ შენიშნო გველი და ლომი, რომ დაიფრინო მგლები. იმას, ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს, ბევრი რამ არ ესმის.’’
    ამგვარად, მთავარს ორივე თვისება სჭირდება - როგორც ძლიერება (ლომი), ისე ცბიერება (მელა), რადგან ხალხის ბედი მის ხელშია. ის, რომ ხალხის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული მმართველის და ამავე დროს სახელმწიფოს ბედთან, არის მაკიაველის და ზოგადად, პოლიტიკური რეალიზმის ამოსავალი წერტილი.
   ,,მთავარმა’’ დიდი გავლენა მოახდინა მრავალი პოლიტიკური მოღვაწის ჩამოყალიბებაზე. ცნობილია, რომ მას ფანქრით ხელში გამუდმებით კითხულობდა იოსებ სტალინი. ასევე აღმოჩენილ იქნა და გამოიცა ნაპოლეონ ბონაპარტის კომენტარები მაკიაველის ტექსტზე. 
   მაკიაველის მიერ პრაგმატიზმისა და სეკულარიზმის დამკვიდრებამ შექმნა თეორიული საფუძველი იმისათვის, რომ სახელმწიფოს რეალური საყრდენი უკვე რელიგია და ეთნოსი კი არ არის, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური ინტერესების ერთიანობა, რაც, საბოლოო ჯამში, განვითარების საშუალებას აძლევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

1/30/2013

პლატონის ,,სახელმწიფო’’

   პლატონი - დიდი ბერძენი მოაზროვნე, ფილოსოფოსი - სოკრატეს მოწაფე და არისტოტელეს მასწავლებელი.  მისი არგუმენტები და მიგნებები ყველა ეპოქაში სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციათა წყაროს და ახლის ძიების მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენდა.
   პლატონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი, ,,სახელმწიფო’’, ავტორის ფილოსოფიურ სოციოლოგიური შეხედულებების უნიკალურ თავმოყრას წარმოადგენს. ესაა დიალოგის ფორმით გადმოცემული მსჯელობა, რომელშიც განხილულია სამართლიანობის პრინციპების რაობა (I და IIწ.), მოქალაქეთა აღზრდის პრინციპები და ოთხი სათნოების საკითხი (III და IVწ.), აღზრდის ორგანიზება, როგორც სახელმწიფოს სტრუქტურაში ადამიანის ადგილის განსაზღვრის საშუალება (IV, V და VIIწ.), სახელმწიფოს სახეები (VIIწ.), მეფობისთვის ფილოსოფოსობის აუცილებლობა (VI და IXწ.), სახელმწიფო, როგორც სათნოების განხორციელების ერთადერთი საშუალება (Xწ.)
   პლატონის ,,სახელმწიფო’’ თანამედროვე აზროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმთავრესი ფუძემდებლური ნაშრომია. მასში ვხვდებით მსჯელობის იმგვარ არგუმენტირებულ მიმდინარეობას, რომელიც უცილობლად აქტუალურია თანამდეროვე ეპოქაშიც.  ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე შექმნილი ამ ნაშრომის მთელი უნიკალურობა იმაშია, რომ დღევანდელი სტანდარტების პირობებშიც თამამად შეიძლება მასში მოყვანილი არგუმენტების გამოყენება და მორგება.
   მაშ ასე, გთავაზობთ პლატონის ,,სახელმწიფოს’’ ელექტრონულ ვერსიას.