10/30/2012

ნავთობი, როგორც იარაღი


   1969 წლიდან ამერიკის დღის წესრიგში ენერგეტიკულმა, კერძოდ კი ნავთობმომარაგების საკითხებმა იწყო წინ წამოწევა. საწყის ეტაპზე ქვეყნისთვის საფრთხის მომასწავებელი იყო სულ უფრო მზარდი იმპორტის ფაქტი. ამის აღმოსაფხვრელად ნავთობის იმპორტზე დაწესდა კვოტა. ამას მოჰყვა მოთხოვნის ზრდა და შედეგად ამერიკაში დაიწყო ენერგეტიკული კრიზისი. ამერიკის იმჟამინდელი პრეზიდენტი ნიქსონი იძულებული გახდა მოეხსნა კვოტა და შეექმნა გადანაწილების სისტემა.
   კვოტების გაუქმების შემდეგ ამერიკა უკვე ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე გამოვიდა და ახლო აღმოსავლური ბაზრის მომხმარებელი გახდა. 1973 წლისთვის ამ ქვეყანაში რეკორდულად გაიზარდა ნავთობის იმპორტი და დღიურად 6.2 მილიონი ბარელი შეადგინა. (1970 – 3.2. 1972 – 4.5). ამას კი მოჰყვა ენერგოდისტრიბუტორი კომპანიების მხრიდან ნავთობზე ადგილობრივი ფასის მატება, შედეგად საბაზრო ფასმა საგრძნობლად გადააჭარბა ნავთობის ოფიციალურ ფასს, დაწესებულს მიმწოდებელი ქვეყნების მიერ. ეს, ბუნებრივია, ექსპორტიორების მხრიდან პროტესტის საბაბი გახდა. ყველაზე მკაცრი ამ მხრივ ლიბია აღმოჩნდა, რომლის მმართველმა კადაფიმ  კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციების 51%–ის ნაციონალიზაცია მოახდინა. მასთან ერთად ოპეკის სხვა წევრები – ერაყი და ალჟირი ითხოვდნენ გადაეხედათ ნავთობის ფასის რეგულაციებთან დაკავშირებული ტერეგანისა და ტრიპოლის შეთანხმებებისთვის.
   ექსპორტიორების პროტესტის საგანს წარმოადგენდა ისიც, რომ დოლარის ინფლაციისა და დევალვაციის პირობებში სულ უფრო კარგავდა ფასს ამერიკული კუპიურა, რაც მათში ბუნებრივად ბადებდა საკითხს იმის შესახებ, უნდა ეწარმოებინათ თუ არა ნავთობი, რაც მათი არსებობის წყაროსა და ძალას წარმოადგენდა და გაეცვალათ იგი ფულში, რომელსაც არაფერი უმაგრებდა ზურგს და დღითიდღე უფასურდებოდა.

ეგვიპტე
   ეგვიპტეში ნასერის შემდეგ ხელისუფლების სათავეში ანვარ სადათი მოვიდა, რომელიც საწყის ეტაპზე ნაკლები ნდობით სარგებლობდა და დროებით ფიგურად მოიაზრებოდა. სადათმა მემკვიდრეობით მიიღო ქვეყანა, რომელიც პოლიტიკური და მორალური კუთხით წარმოადგენდა ბანკროტს. მისი უმთავრესი მიზანი იყო ეგვიპტის ეკონომიკური განვითარება, თუმცა, მაშინ, როდესაც ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტის 20%–ზე მეტი სამხედრო ხარჯებს ეთმობოდა, რაიმე სახის ეკონომიკურ წარმატებაზე საუბარი ზედმეტი იყო. საწყის ეტაპზე სადათს სურდა ისრაელთან კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირება და სტაბილიზაცია, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდა, რომ ვიდრე ისრაელი სუეცის არხთან მდებარეობდა, ეს შეუძლებელი იყო. მისი აზრით, მოლაპარაკების დაწყების ინიციატორად ყოფნა მას სუსტ ქვეყნად წარმოაჩენდა, მითუმეტეს, რომ ისრაელის ხელში იყო სინას ნახევარკუნძული და სუეცის არხის აღმოსავლეთი სანაპირო, რაც მან 1967 წლის 6 დღიანი ომის დროს მოიპოვა. საჭირო იყო სათანადო ზომების მიღება. პირველ რიგში მან ქვეყნის შიგნით განიმტკიცა პოზიციები და დაიწყო ანტისაბჭოური ქმედებები – დევნიდა პროსაბჭოურად განწყობილ მოქალაქეებს და ამასთან 1972 წელს მან ქვეყნიდან გააძევა საბჭოელი მრჩეველები და სამხედრო ექსპერტები. ამ ქმედებების ქვეშ კი ამერიკის ნდობის მოპოვების სურვილი იკითხებოდა.
   1973 წლის დასაწყისში სადათმა საომარი მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მიიღო, რაც შეფასდა არა როგორც სურვილი დაებრუნებინა დაკარგული ტერიტორიები, არამედ მისწრაფება, როგორმე დაეძრა ისრაელთან მოლაპარაკებების პროცესი და ომით გარკვეულწილად გაელღო ყინული. გარდა ამისა, ომი მას საშუალებას მისცემდა არ ყოფილიყო ისრაელის წინაშე უპირატესობის არ მქონე და უფრო მოქნილი გამოჩენილიყო. სადათის მიზანი არა იმდენად საომარ ხასიათს ატარებდა, რამდენადაც ფსიქოლოგიურსა და დიპლომატიურს. ისრაელის მხრიდან კი ეს ყველაფერი არასერიოზულად იქნა აღქმული. სადათი კი საიდუმლო გეგმის შედგენას შეუდგა სირიის მმართველ ჰაფეს ასადთან ერთად.
საუდის არაბეთი
   50–იანი წლებიდან მოყოლებული არაბულ სამყაროში აქტიურად მიმდინარეობდა საუბრები ე.წ. „ნავთობის იარაღზე“, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო ისრაელის წინააღმდეგ არაბული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მიზანი მოქცეული იყო მის სრულ განადგურებასა და ტერიტორიულ დათმობებს შორის. 70–იანი წლებიდან მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული დაძაბულობიდან გამომდინარე ნავთობის იარაღის პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების დასარეგულირებლად გამოყენებისკენ მოწოდებამ სულ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა არაბულ სამყაროში. თუმცა, ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდა საუდის არაბეთი და მისი მეფე არავილ ფეისალი. მიუხედავად იმისა, რომ ის არანაკლებ რადიკალურად იყო განწყობილი ისრაელის მიმართ, მაინც ეწინააღმდეგებოდა ნავთობის როგორც იარაღად გამოყენებას. ამის უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ საუდის არაბეთი ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში მიბმული იყო ამერიკასთან. სწორედ ეს უკანასკნელი უმაგრებდა მას ზურგს არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების კუთხითაც.
   საუდის არაბეთი იყო ქვეყანა, რომლის ნავთობით მომარაგებაზეც დამოკიდებული იყო მთელი მსოფლიო, მათ შორის ამერიკა. მისი წილი მსოფლიო ბაზარზე წლიდან წლამდე იზრდებოდა: 1970 – 13%. 1973 – 21%. 1973 წელს ის ყოველდღიურად მოიპოვებდა 8.4 მილიონ ბარელ ნავთობს, რაც 62%–ით მეტი იყო 1972 წელს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, რაც საშუალოდ 5.4 მილიონს შეადგენდა.
   ამ პერიოდში გადაიკვეთა ფეისალისა და სადათის ინტერესები – ორივეს მიზანი საბჭოური ‘დათვისგან’ განთავისუფლება იყო. საუდის არაბეთის მხარდაჭერის გარეშე არსებობდა საფრთხე იმისა, რომ ეგვიპტე კვლავ სსრკ–ს გავლენის ქვეშ აღმოჩენილიყო, ამიტომაც თხოვდა იგი ფეისალს დახმარებას ისრაელის წინაღმდეგ, მოუწოდებდა რა განეხილა საკითხი ნავთობის იარაღად გამოყენების შესახებ ისრაელთან კონფრონტაციისას და ასევე დასავლეთის წინააღმდეგ. თუმცა, ფეისალმა სადათს მხოლოდ ფულადი დახმარება აღუთქვა და კვლავაც უარი განაცხადა ნავთობის იარაღად გამოყენებაზე.
   ფეისალი ორმაგ მარწუხებში იყო მოქცეული – ერთი მხრივ, ის ზეწოლას განიცდიდა შიდა წრეებში, მეორე მხრივ, კი არაბულ სამყაროში. საბოლოოდ, საუდის არაბეთის მეფეს ჩამოუყალიბდა პოზიცია, რომლის მიხედვითაც ის არ დააკმაყოფილებდა ამერიკის მზარდ მოთხოვნას ნავთობზე, თუ ეს უკანასკნელი უარს არ იტყოდა ისრაელის მხარდაჭერაზე. სწორედ ეს იყო საუბრის ძირითადი თემა ფეისალსა და ნავთობკომპანია ‘არამკოს’ პრეზიდენტ იამანს შორის შეხვედრისას, რა დროსაც მეფემ ეს უკანასკნელი შუამავლად გამოიყენა ამერიკულ მხარესთან მოსალაპარაკებლად, დააბარა რა დროულად განესაზღვრა შტატებს საკუთარი პოზიცია, როგორც არაბულ სამყაროსთან, ისე ისრაელთან მიმართებაში. პროამერიკული პოზიციის გამო საუდის არაბეთს არაბულ სამყაროში საფრთხე ემუქრებოდა, რაც სულაც არ შედიოდა მეფის ინტერესებში. ფეისალის ამ პოზიციისადმი კი ამერიკულმა მხარემ არასერიოზული დამოკიდებულება გამოამჟღავნა და მისი შეხედულებები გაზვიადებულად მიიჩნია. იამანი კი მას აფრთხილებდა, რომ ნავთობის ექსპორტის შეწყვეტა მხოლოდ ფეისალის ნებაზე იყო დამოკიდებული, რომელსაც, მართალია,  არ სურდა ამის განხორციელება, მაგრამ ამერიკის ანტიარაბული პოზიციის გამო, იძულებული გახდებოდა ამგვარად მოქცეულიყო, რაც, თავის მხრივ, ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასაც გააფუჭებდა. ისრაელისგან ნებისმიერი სახის გამიჯნვა კი იმ საფრთხეს, რასაც ნავთობის მიწოდების შეწყვეტა ჰქვია, თავიდან ააცილებდა ამერიკას.
   ამერიკა გამორიცხავდა ფაქტს, რომ ეგვიპტე ისრაელის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა, ვინაიდან სამხედრო უპირატესობა ამ უკანასკნელის მხარეს იყო. ეგვიპტის ეს ნაბიჯი კი ირაციონალური იქნებოდა, ვინაიდან ის დამარცხდებოდა. მსგავს პოზიციას იზიარებდა ისრაელიც. მიუხედავად იმისა, რომ სადაზვერვო სამსახურებისგან ამერიკა განუწყვეტლივ იღებდა ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მზაობის ზრდასთან დაკავშირებით, ის ომის დაშვებას მაინც სკეპტიკურად უყურებდა, პასუხობდა რა არგუმენტით, რომ ეგვიპტე საშემოდგომო მანევრებს ასრულებდა, როგორც სჩვეოდა ხოლმე წელიწადის ამ დროს.
იომ–ქიფურის ომი
   6 ოქტომბერს, როდესაც ებრაული სამყარო იომ–ქიფურის დღესასწაულს აღნიშნავდა, ეგვიპტე და სირია მოულოდნელად თავს დაესხა ისრაელს. ამ დღეს იერიშის მიტანას თავისი დატვირთვა ჰქონდა – მოულოდნელობის ეფექტი გამოიწვევდა მოწინააღმდეგის დეორიენტაციას. სადათის თვითდამშვიდებას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ ისრაელიც თავის მხრივ აქტიურ სამხედრო მობილიზაციას აწარმოებდა ამ პერიოდში და აქედან გამომდინარე, ეს იყო ეგვიპტის მხრიდან პრევენტული დარტყმა. უმთავრესი შეცდომა როგორც ამერიკელების, ისე ისრაელელებისთვის იყო ის, რომ მათ ყურადღება არ გაამახვილეს სადათის მენტალიტეტზე და მის მიმართ თავიდანვე არასერიოზულად განეწყვნენ. პირველი ოთხი დღის განმავლობაში ისრაელი სრულმა უწესრიგობამ მოიცვა და უკან დაიხია, რა დროსაც მოკავშირეებმა, ეგვიპტემ და სირიამ ყველა მიმართულებით საგრძნობი წინსვლა მოიპოვეს.
   ომის დაწყებისთანავე ამერიკის უმთავრესი მიზანი შერიგენის უზრუნველყოფა იყო, რის მიხედვითაც კონფლიქტური მხარეები უნდა დაბრუნდებოდნენ პრეომამდელ პოზიციებზე, შემდეგ კი კონფლიქტის გადაჭრა უნდა მომხდარიყო დიპლომატიური გზით. ამერიკას არ სურდა პირდაპირ ჩარეულიყო კონფლიქტში, ასევე არ სურდა ღიად გაეწია ისრაელისთვის სამხედრო დახმარება არაბების წინააღმდეგ იმ პირობებში, როცა ამ უკანასკნელს სსრკ ამარგებდა. თუმცა, ამავე დროს ის ვერ შეურიგდებოდა ისრაელის დამარცხებას. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ისრაელს გაემარჯვა „გატეხილი ცხვირით“, რაც უფრო დამყოლს გახდიდა მას მოლაპარაკებების დროს.
   1967 წლის ექვსდღიანი ომის გამოცდილებით ისრაელს ეგონა, რომ სამხედრო რეზერვი სამ კვირას ეყოფოდა. თუმცა, წინა შემთხვევა აშკრად განსხვავებული იყო, ვინაიდან მაშინ მის ხელში იყო უპირატესობა, რაც თან სდევს მოულოდნელი თავდასხმის ეფექტს და ასევე მაშინ ის უფრო იყო ძლიერი სამხედრო კუთხით. ამ შემთხვევაში ისრაელს თავდაცვაზე უწევდა ზრუნვა, რა დროსაც მეტად ინტენსიურად იხარჯებოდა შეიარაღება.
   ამერიკა მიხვდა, რომ ისრაელი რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ მას სამხედრო დახმარება აღუთქვა, რაც შეუმჩნეველი უნდა ყოფილიყო მოწინააღმდეგისთვის. პარალელურად სსრკ ინტენსიურად აახლებდა სამხედრო რესურსებს ჯერ სირიაში, შემდეგ კი ეგვიპტეში. მან თვითონაც საომარ მზადყოფნაში მოიყვანა სამხედრო შენაერთები და სხვა არაბულ ქვეყნებსაც მსგავსი ქმედებისკენ მოუწოდა. ამერიკა ხვდებოდა, რომ თუ ისრაელს არ დაეხმარებოდა, დამარცხდებოდა ეს ქვეყანა. მას კი არ უნდოდა, რომ მისი მოკავშირე საბჭოთა იარაღს დაემარცხებინა. საბოლოოდ, ამერიკა, რომელსაც სურდა შუამავალი ყოფილიყო ეგვიპტე–ისრაელის კონფლიქტში, ერთ–ერთი მხარის მხარდამჭერი აღმოჩნდა. ახლა უკვე არაბული სამყაროსთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ამერიკული ძალისხმევა სსრკ–ს წინააღმდეგ რომ იყო მიმართული. მისთვის მთავარი იყო ის, რომ ამერიკა დახმარებას სწორედ ისრაელს უწევდა აღნიშნულ კონფლიქტში არაბების საწინააღმდეგოდ.
ნავთობის ფასი
   1973 წელს ვენაში გაიმართა კონფერენცია, სადაც ოპეკის წევრ ქვეყნებს ნავთობკომპანიებთან ნავთობზე ახალი ფასი უნდა შეეთანხმებინათ. მათი მიზანი იყო შეემცირებინათ ის სხვაობა, რაც საბაზრო ფასსა და მათ მიერ დაწესებულ ფასს შორის არსებობდა, ვინაიდან ეს სხვაობა ნავთობკომოპნიების სასარგებლოდ მოქმედებდა და მათ  ჯიბეში მიდიოდა. კომპანიების მხრიდან შემოთავაზება იყო ფასის 15%–იანი ზრდა, რაც გულისხმობდა 45 ცენტს. ექსპორტიორების მხრიდან კი შემოთავაზებული იყო 100%–იანი ზრდა (3$). ამან მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა. ვითარება ითხოვდა უშუალოდ დასავლური ქვეყნების მმართველი წრიდან პოზიციის დაფიქსირებას, რაც შემდეგი სახით ფორმულირდა: ექსპორტიორების მიერ შემოთავაზებული ვარტიანი საკმაოდ მაღალი იყო, კომპანიები კი არ უნდა წასულიყვნენ დათმობაზე.
   ომის მიმდინარეობისას ვენის კონფერენცია შეწყდა და გადაინაცვლა ელ კუვეიტში. სპარსეთის ყურის ქვეყნები უკვე აღარ დაელოდნენ  კომპანიების პასუხს და საკუთარი გადაწყვეტილება გაახმაურეს: ფასს 70%–ით მოუმატეს – ბარელზე 5.11 დოლარი. ამ გადაწყვეტილებას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა – ერთი ის, რომ ფასი გაიზარდა და მეორე – ის ცალმხრივად დააწესეს ექსპორტიორებმა. შედეგად მათ ნავთობის ფასზე ძალაუფლება მოიპოვეს, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თვითონ იყვნენ თავიანთი რესურსების განმკარგველნი.

   ამ ვითარებაში მნიშვნელოვანი იყო,  თუ რა პოზიციას დაიკავებდა საუდის არაბეთი და რა ქმედებებს განახორციელებდა, ვინაიდან ის იყო ქვეყანა, რომელზეც მოდიოდა უდიდესი წილი დასავლეთის ნავთობმომარაგებისა. ფეისალი კი კვლავ თავს იკვებდა სადათის შეთავაზებაზე და პარალელურად ატყობინებდა ამერიკას იმ ზომების შესახებ, რასაც მიიღებდა, თუ ის კვლავ განაგრძობდა ისრაელის მხარდაჭერას.
   ელ კუვეიტის კონფერენციის შემდეგ შეხვედრა შედგა ნიქსონსა და 6 არაბული ქვეყნის ნავთობის მინისტრებს შორის, რა დროსაც ნიქსონმა გაეროს ეგიდით შერიგების იდეა წამოაყენა. ეს გულისხმობდა გაეროს 242 რეზოლუციის ჩარჩოში მოქმედებას, რის მიხედვითაც ისრაელი უნდა დაბრუნებოდა 1967 წლის საზღვრებს – ანუ მოეთხოვებოდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება. ამავე შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს არაბებთან თავის მართლებაც მოუწია ისრაელის დახმარების გამო. სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა მათ განუმარტა, რომ ამერიკული შენაერთების ისრაელში განლაგება არ უნდა განხილულიყო, როგორც არაბების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, არამედ ეს იყო საკითხი, რომელიც ამერიკა–სსრკ–ს ურთიერთობას ეხებოდა. ამერიკა იძულებული შეიქმნა რეაგირება მოეხდინა სსრკ–ს მიერ ახლო აღმოსავლეთში შეიარაღების განთავსებაზე. აღნიშულ შეხვედრაზე არაბებს არ წამოუყენებიათ ნავთობის საკითხი. სწორედ ეს ფაქტორი უჩენდა ამერიკელებში იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ისინი არ წამოიწყებდნენ ნავთობის ომს ამერიკის წინააღმდეგ.
   თუმცა, ეს ასე არ მოხდა. არაბებმა დაიწყეს გეგმის შემუშავება საიმისოდ, რომ ნავთობის იარაღი ამერიკის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ირანი გამოვიდა ინიციატივით მოეხდინათ ყველა ამერიკული კომპანიის ნაციონალიზაცია, რაც კი არაბულ სამყაროში ფუნქციონირებდა. ასევე გაეუქმებინათ ყველა ის აქტივი, რაც ამერიკულ ბანკებში ჰქონდათ და ამერიკისთვის ნავთობზე ემბარგო დაეწესებინათ. თუმცა, ალჟირი საუდის არაბეთთან ერთად ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა და უარი ითქვა ამერიკისთვის ტოტალური ეკონომიკური ომის გამოცხადებაზე. ამის შემდეგ არაბებმა მიიღეს გადაწყვეტილება ნაწილობრივი ემბარგოს შესახებ, რაც გულისხმობდა ნავთობის წარმოების 5%–ით შემცირებას, რაც ყოველ მომდევნო თვეს ასევე 5%–ით შემცირდებოდა მანამ, სანამ პრობლემა არ მოგვარდებოდა. ამასთანავე შემუშავებულ იქნა საიდუმლო რეზოლუცია, რის მიხედვითაც წარმოების მსგავსი ეტაპობრივი შემცირებით მონაწილე ქვეყნებს სათითაოდ საშუალება მიეცემოდათ საერთოდ შეეწყვიტათ ამერიკისთვის ნავთობის მიწოდება. წარმოების შემცირება, ბუნებრივია გამოიწვევდა ნავთობმომარაგების შემცირებას. ეს კი გამოიწვევდა მომხმარებელ ქვეყნებს შორის მეტოქეობის გაღვივებას.
   ახალმა არაბ–ისლამურმა კონფლიქტმა დადებითი შედეგი რაც არაბულ მხარეს მოუტანა ის იყო, რომ მოლაპარაკებების პროცესში მათ საშუალება მიეცათ ხისტი პოზიციები გამოემჟღავნებინათ და შედეგად მათ ვაჭრობის მეტი საშუალება მიეცათ. ეს დაწესებული ემბარგო შემდგომში ნავთობზე ფასის მომატების შანსსაც კი იძლეოდა.
   ამერიკული პარადოქსი იმაში მდგომარეობდა, რომ მიუხედავად მცდელობისა თავიდან აერიდებინა არაბებთან კონფრონტაცია და ამის დაპირებებსაც იძლეოდა მინისტრებთან შეხვედრის დროს, პარალელურად 2.2 მილიარდი დოლარი გამოყო ისრაელის დასახმარებლად. ამას მოჰყვა არაბული სამყაროს მკაცრი რეაქცია: ლიბიამ სრული ემბარგო დააწესა ამერიკის ყველა სახის ენერგო მომარაგებაზე, ხოლო საუდის არაბეთმა უკანასკნელ ბარელამდე შეუწყვიტა მას ნავთობის მიწოდება. სხვა არაბული ქვეყნებიც მსგავსი გადაწყვეტილების გზას ადგნენ. ეს იყო ის მომენტი, როდესაც ნავთობის იარაღი მთელი დატვირთვით ჩაერთო თაშში, იარაღი, რომელიც, კისინჯერის სიტყვებით, იყო პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმი.
   მორიგი პარადოქსი ამერიკის მხრიდან იყო ის, რომ იგი არ ელოდა ამგვარ ხისტ ნაბიჯს არაბების მხრიდან. ერთადერთი მოლოდინი, რაც მათ მიმართ არსებობდა ომის დროს ამერიკის ისრაელის მხარეს გამოსვლისას, იყო ის, რომ არაბები მოახდენდნენ უბრალოდ ამერიკული კომპანიების ნაციონალიზაციას. ემბარგოს დაწესება მათი მხრიდან კი ნაკლებ წარმოსადგენი იყო. არაბების ეს ქმედება იყო პასუხი ამერიკის დემონტრაციული დახმარებისა ისრაელის მისამართით. მეორე მხრივ, ამ დემონსტრაციული დახმარებით მათ თითქოს ხელ–ფეხი გაეხსნათ ამერიკის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, რაც ზოგიერთ ქვეყნებს უპირობოდ უნდოდათ, განსხვავებით საუდის არაბეთისა და სხვა კონსერვატორი ქვეყნისა, რომელთაც ინტერესებშიც არ იყო ასე ღიად დაპირისპირებოდნენ ამერიკა.
 უოტერგეიტის საქმე
   მაშინ, როცა ახლო აღმოსავლეთში მსგავსი ვითარება იყო და როდესაც ამერიკას ნავთობის კრიზისი დაუდგა, ამერიკის პირველი პირი სულ სხვა საკითხებით იყო დაკავებული. საქმე ეხება უოტერგეიტის სკანდალს. როდესაც ახლო აღმოსავლეთში ომი დაიწყო, ნიქსონი იმდენად იყო დაკავებული პირადი პრობლემებით, რომ ვერ მოახერხა როგორც ძლიერმა პრეზიდენტმა საქმეები ეწარმოებინა როგორც მეომარ მხარეებთან, ისე ნავთობექსპორტიორ ქვეყნებთან. ამერიკის მთელი საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელობა ჰენრი კისინჯერს დაეკისრა.
   სიტუაციის გაანალიზებისას იკვეთება კავშირი ემბარგოს დაწესებას, ნავთობმომარაგების შეწყვეტას, უოტერგეიტის საქმესა და ოქტომბრის ომს შორის. გაჩნდა გარკვეული თეორიები ნავთობის კრიზისის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. ერთნი ამბობდნენ, რომ ეს კრიზისი კისინჯერის მიერ იყო საიდუმლოდ დაგეგმილი იმ მიზნით, რომ გაეუმჯობესებინა ამერიკის მდგომარეობა ევროპასთან და იაპონიასთან შედარებით. სხვა მოსაზრების მიხედვით, კრიზისი ნიქსონის მიერ იყო ხელოვნურად შექმნილი, რათა ყურადღება უოტერგეიტიდან  ამ საკითხზე გადასულიყო.

   კონფლიქტის განმავლობაში ამერიკა და სსრკ–ს შორის დაპისიპირებული მხარეების შერიგებაზე მიმდინარეობდა საუბრები. ამას ადგილი ჰქონდა საწყის ეტაპზე, როდესაც სსრკ ამერიკას ომის დაწყების შესახებ აფრთხილებდა და ახალი ერთობლივი დიპლომატიური ინიციატივების წამოყენებისკენ მოუწოდებდა და ასევე ბოლო ეტაპზეც, როდესაც ბრეჟნევი ულტიმატუმს უყენებდა ამერიკულ მხარეს, თუ ერთობლივად არ იმოქმდენენ მხარეების განსამიჯნად, ის დამოუკიდებლად დაიწყებდა ამ ოპერაციის განხორციელებას. ამერიკისთვის ეს საფრთხისმომასწავებელი იყო ვინაიდან სსრკ–ს ჯარები ამ პერიოდისთვის სრულ მზადყოფნაში იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ დაზვერვის მიერ დაფიქსირებულ იქნა ბირთვული შეიარაღების გადატანა კონფლიქტურ რეგიონში. ამერიკაში ამ საფრთხეებზე სერიოზულად დაფიქრდნენ და გადაწყდა, რომ სსრკ–ს ჩარევის დაშვება არ შეიძლებოდა, ვინაიდან ამით საერთაშორისო წესრიგს საფრთხე დაემუქრებოდა. ამერიკამ გადაწყვიტა ძალისთვის ძალითვე ეპასუხა. ამ მიზნით მისმა სამხედრო მზაობამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია – გამოცხადდა რა ბირთვული საომარი მზადყოფნა. ნებისმიერი შეცდომა და ადგილი ექნებოდა ბირთვულ კონფრონტაციას. მსგავსი დაძაბული სიტუცია ცივი ომის პერიოდში კუბის კრიზისის შემდეგ არ ყოფილა.
   თუმცა, მეორე დღეს საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში შეწყდა და მხარეებმა მოლაპარაკებების დასაწყების სურვილი გამოთქვეს. სუპერსახელმწიფოებმა კი გააუქმეს სამხედრო განგაში.
     ნავთობის იარაღს არაბები კვლავაც აკონტროლებდნენ. ემბარგო არ მოხსნილა და მისი გავლენა ოქტომბრის ომის შემდეგაც საკმაო ხანს იგრძნობოდა.


პარალელები სუეცის კრიზისთან
   ახლო აღმოსავლეთის ორი კონფლიქტი – 1956 წლის სუეცის კრიზისი და 1973 წლის არაბეთ–ისრაელის დაპირისპირება, ამის პარალელურად კი ამერიკული ნავთობის კრიზისი, არის შემთხვევები, სადაც სახეზეა პოლიტიკისა და ეკონომიკის მჭიდრო კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება, რა დროსაც  ეკონომიკური მიზნები, წყაროები და ინსტრუმენტები წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებების დროს და პირიქით.
   სუეცის კრიზისის შემთხვევაში ის ეკონომიკური წყარო, რამაც კონფლიქტის გაღვივება განაპირობა, იყო სუეცის არხი და მისი რესურსებით სარგებლობისთვის დავა. ხოლო 1973 წლის შემთხვევის დროს უკვე პოლიტიკურმა ქვეტექსტმა განაპირობა ეკონომიკური სანქციების დაწესება, კერძოდ, ამერიკის მიერ ეგვიპტე–ისრაელის ომში ისრაელის მხარდაჭერა გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ არაბულ სამყაროს ნავთობის ემბარგო დაეწესებინა ამერიკისთვის.
   გარდა პოლიტ–ეკონომიის თეორიის პრაქტიკული გამოვლინებისა ამ ორ კონფლიქტში, მნიშვნელოვანი პარალელების გავლება შეიძლება ცივი ომიდან გამომდინარეც. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა და სსრკ ორი დაპირისპირებული მხარის სამხედრო მხარდამჭერად გვევლინება, ორივე მათგანი მაინც ერთიანი ძალებით ცდილობს კონფლიქტების დარეგულირებას. ისევე როგორც სუეცის კრიზისის დროს, როდესაც გაეროს ეგიდით ისრაელს დაევალა სუეცის არხიდან ჯარების გაყვანა, 1973 წლის მოვლენების დროს ბრეჟნევი როგორც ნიქსონთან, ისე კისინჯერთან აქტიურად საუბრობდა საერთო ძალებით მხარეების შერიგებაზე.
   მორიგი საერთო შტრიხი, რაც ამ ორ კონფლიქტებს აერთიანებს, არის ის, რომ არცერთ მათგანში ამერიკას არ სურდა სამხედრო კუთხით აშკარად ჩარეულიყო კონფრონტაციაში. სუეცის კრიზისის დროს ეს პოზიცია მან ბოლომდე შეინარჩუნა, ხოლო 1973 წელს მას მაინც მოუხდა კონფლიქტში ჩართვა, როგორც ისრაელის დამხმარე ქვეყანას, თუმცა, მისი სურვილი იყო, რომ ეს შეუმჩნეველი ყოფილიყო არაბულ სამყაროსთან გართულებების თავიდან ასაცილებლად.
   საბოლოო ჯამში, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური რესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვისას. ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების ურთიერთგამომდინარეობა მთელი რიგი კონფლიქტების წინაპირობა გამხდარა.

No comments:

Post a Comment