Showing posts with label პოლიტიკა. Show all posts
Showing posts with label პოლიტიკა. Show all posts

2/19/2013

ბოროტება ექსკლუზიურად


                                        სენსაციური კადრების უჯრებში დების ფენომენი


,,- ჩვენ გამოშვებას სკანდალური ვიდეომასალით ვიწყებთ...’’
,,- გთხოვთ, მოარიდოთ ეკრანებს პატარები...’’
,,- მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა...”

   ამ სიტყვებით იწყება დღეს დილიდან თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვება. დიახ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის ტელევიზიებიც ასე უპრობლემოდ ავრცელებენ მკვლელობის, წამების, შეურაცხყოფის ამსახველ ვიდეოკადრებს, ’ამაყნი’ არიან იმით, რომ სკანდალური მასალა ჩაიგდეს ხელში და მიდის რბოლა იმაზე, თუ რომელი მათგანი გაუშვებს ეთერში ექსკლუზიურად პირველი ბოროტებას.
   რბოლაში ,,რუსთავი 2-მა’’ იმარჯვა. ბოდიში მოიხადა - მძიმე საყურებელია, მაგრამ მაინც ვუშვებო და გაუშვა ეთერში. მას მიჰყვა მაესტრო, შემდეგ იმედი. ამ უკანასკნელმა ბოდიში არა, მაგრამ ბავშვების ეკრანებიდან მორიდება კი ითხოვა. შემდეგ იყო პირველი არხი და  მეცხრე არხი - უბოდიშოდ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
   და შედეგად სიტყვა ’კადრების’ ექო მასიურად გავრცელდა:
- ნახე კადრები?
- ეს რა კადრები გაუშვეს!
- მიდი, ნახე კადრები!
- მკვლელობის კადრები...
- ტელევიზიით...
- კადრები...

   19 თებერვალს ,,რუსთავი 2’’, უდაოდ, ჯაბნიდა დანარჩენ ტელევიზიებს რეიტინგში. მან პირველმა ექსკლუზიურად მოახერხა სკანდალური ვიდეომასალის ტირაჟირება და მაყურებლების უმეტესობამაც სწორედ მისი ლოგოთი იხილა ეს კადრები პირველად.
   ამ შემთხვევაში კი დგება ეთიკის, პროფესიონალიზმის, რეპუტაციის, ჰუმანიზმის საკითხი. მაგრამ როდესაც ექსკლუზიურ კადრები გივარდება ხელში, იქ სისხლი გიდუღს, ჟურნალიზმის ოპერატიულობის პრინციპს ამოფარებული თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილს ივიწყებ, ’რეიტინგი’, ’სკანდალი’, ’პირველი’ - ეს სიტყვები გიფრიალებს თვალწინ და მერე რა, თუ ამგვარი მასალის გაშვებით ვინმე ცუდად გახდება, გაბრაზდება, იტირებს?! მერე რა, თუ გადაუმოწმებელია ეს კადრები და მისი ნახვისას მაყურებელი ბევრ აცდენას შეამჩნევს?! სწორედ ეს ამდენი ’მერე რა’ განაპირობებს დეჰუმანიზაციას და გვაცხოვრებს დეჰუმანურ ეპოქაში.

2/09/2013

წიგნებო, აპატიეთ ამ ხალხს


  8 თებერვალს მიხეილ სააკაშვილს ყოველწლიური ანგარიში უნდა ჩაებარებინა პარლამენტისთვის. პრეზიდენტის ეს გამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე უკვე დაანონსებული იყო, თუმცა, 6 თებერვალს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით  დებატები შედგა და უკვე 7-ში ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ სააკაშვილი პარლამენტის წინაშე არ წარსდგებოდა მანამ, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე არსებული უთანხმოება არ მოგვარდებოდა  - გამოწვევა #1
   სააკაშვილის გუნდმა ოპერატიულად მოახერხა სიტუაციის გადაწყობა და პარლამენტისგან მიღებული უარის შემდეგ პრეზიდენტის წარდგენა ეროვნული ბიბილიოთეკის დარბაზში დაიგეგმა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები და საპარლამენტო უმცირესობის წევრები უნდა დასწრებოდნენ. - საპასუხო  გამოწვევა #1
   მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა არ უნდა შემდგარიყო - ეს იყო მისი ოპონენტების იდეაფიქსი. მოტივი კი შემდეგი: მას შემდეგ, რაც სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა გაუვიდა, მას არ აქვს უფლება ყოველწლიური ანგარიშით წარსდგეს. სწორედ ამიტომ, ვინაიდან პარლამენტმა უმრავლესობის ძალით ქუთაისში პრეზიდენტის გამოსვლა აღკვეთა, ახლა უკვე საჭირო იყო, არც ბიბლიოთეკაში მიეცათ მისთვის სიტყვით გამოსვლის თავისუფლება. როგორ? რისი მოფიქრება შეიძლებოდა? ევრიკა! პოლიტპატიმრები - სულ ახლახანს განთავისუფლებული პოლიტპატიმრები, რომელთაც  ნაციონალური მოძრაობისთვის ისედაც აქვთ ანგარიში გასასწორებელი და პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დღე ამისთვის საუკეთესო დრო იქნება. გადაწყდა - პოლიტპატიმრები აქციას გამართავენ ბიბლიოთეკის შენობის წინ, მოიმარაგებენ კვერცხებს, ცოცხებს და სააკაშვილს არ მისცემენ შენობაში შესვლის საშუალებას. - გამოწვევა #2
  მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, მანანა მანჯგალაძე, აცხადებდა, რომ იგეგმებოდა პროვოკაცია და სამართალდამცავებს ძალადობის პრევენციისკენ მოუწოდებდა. პრეზიდენტის მისვლის დროისთვის კი  სიტუცია, როგორც მოსალოდნელი იყო, უკონტროლო გახდა. მთელი დღის განმავლობაში შეკრებადაწყებული პოლიტპატიმრებისა და მათი თანამოაზრეების რაოდენობა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის წინ იმდენი გახდა, რომ საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები მათი ძალადობის აღკვეთას ვერ ახერხებდნენ. ძალადობა შემთხვევით არ მიხსენებია - ნაცემი და დასისხლიანებული ნაციონალური მოძრაობის წევრები - ეს იყო შედეგი იმ მასშტაბური შეხლაშემოხლისა, რა დროსაც უკან არ იხევდნენ პოლიტპატიმრები, რა დროსაც ვერაფერს (ან არაფერს) გახდა პოლიცია და რა დროსაც ასევე უკან დახევა არ უცდია ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ეს უკანასკნელნი შეგნებულად (ან შეუგნებლად) აღმოჩნდნენ დემონსტრანტების ’დაღებულ ხახაში’, თუმცა, შეძახილი: ”წავიდა შოუს დადგმა, წავიდა, ჰა, კაია ხო შოუს დადგმა?! (©გ. უგულავა) გვაფიქრებინებს, რომ მათ საქციელს შეუგნებლობის არაფერი ეცხო. -  საპასუხო გამოწვევა #2    
   აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მივიდა. მან იქ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრობის წევრებმა არ ისარგებლეს შსს-ს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული გზით. თავის მხრივ, კი უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, უარყო ცნობა რაიმე სახის უსაფრთხო კორიდორის არსებობის შესახებ. ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ პასუხს აგებს ყველა ის პირი, რომელმაც არეულობის დროს კანონდარღვევაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ამ არეულობის პროვოცირებაში მან ნაციონალური მოძრაობის წევრები დაადანაშაულა. ამგვარად, ნაციონალების დაჩაგრული და ნაცემის იმიჯის საპასუხოდ უმრავლესობამ სწორედ ისინი დაადანაშაულა პროვოკაციის მოწყობაში პათოსით - რომ არა მათი შესვლა აბობოქრებულ ბრბოში, მოვლენები ამგვარი ძალადობის ფორმას არ მიიღებდა - გამოწვევა #3
   აქციის მონაწილეებმა თავისას მიაღწიეს და დანაპირები შეასრულეს - მიხეილ სააკაშვილმა ბიბლიოთეკის შენობაში სიტყვით გამოსვლა ვერ მოახერხა. თუმცა, სიტუაციის გადაწყობის ზემოთნახსენებ ოპერატიულ მანერას ნაციონალური მოძრაობის გუნდმა ამ შემთხვევაშიც მიმართა - გადაწყდა, რომ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა რეზიდენციის შენობაში შედგებოდა. - საპასუხო გამოწვევა #3

1/23/2013

კოჰაბიტაციის საჭიროება კოალიციანტებს შორის


   საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ერთ-ერთი სიახლე, რაც ქართულმა საზოგადოებამ იგემა, ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში ახალი სიტყვის,   კოჰაბიტაციის გამოჩენაა. ტერმინმა პოპულარობა სწრაფად მოიპოვა და ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ან ასოთწყობითაა მოხდენილი, ან იმის გამო, რომ ქართველებს გვიყვარს უცხოური ტერმინების ქართულ სალაპარაკო ენაში ხშირი გამოყენება. მესამე ვარიანტიცაა - ქართულ რეალობაში პირველადაა ისეთი სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი ერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია, პარლამენტი კი მეორე. საჭირო იყო ამ ვითარებისთვის რაიმე სახელის დარქმევა. ვარიანტი ,,კოჰაბიტაცია’’ კი დასავლურმა ელიტამ შემოგვაშველა და ჩვენც ავიტაცეთ.  მოკლედ, კოჰაბიტაცია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ახალი მოდური ტენდენციაა და მისით ,,შემოსვა’’ ხელისუფლებისა (კოალიცია ,,ქართული ოცნება’’) და მთავარი ოპოზიციური ძალის (ნაციონალური მოძრაობა) უმთავრესი პრეროგატივაა.

11/14/2012

ქართულ-აფხაზური ნონსენსი - ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ და აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსი


  საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას პირველი გამოხმაურებები მოჰყვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მხრიდან. არაღიარებული ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, ის ისაუბრებს მასთან ვინც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა და მოვა მხოლოდ თანასწორ დონეზე. მისი თქმით, თუ ქართული ოცნება აფხაზეთის დაბრუნებაა, ეს ილუზორული ოცნებაა, ხოლო თუ ქართული ოცნება აფხაზეთთან სამშვიდობო შეთანხმებას გულისხმობს, მაშინ ამ საკითხის განხილვა შეიძლება. ანქვაბმა აღნიშნა, რომ აფხაზური მხარისთვის მთავარი საკითხი საქართველოსთან თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმებაა.
   აფხაზური მხარის ამ ინიციატივამ ბუნებრივად წარმოშვა შეკითხვები, რაც უკავშირდება მის უფლებებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან შესაბამისობაში. იმ პირობებში, როდესაც კონფლიქტს ასიმეტრიული ხასიათი აქვს, ანუ როდესაც მასში ჩართული მხარეების რესურსები განსხვავებულია თავისი არსით, მთელი რიგი სადავო საკითხი ჩნდება, რომელთაგან უმთავრესი მაინც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართლებრივ სტატუსს უკავშირდება. როდესაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მხრიდან მოდის შეთავაზება ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, ისმის შეკითხვა, ამ ვითარებაში ვისთან ურთიერთობს საქართველო? ვისთან აფორმებს ხელშეკრულებას? რა ტიპის ხელშეკრულება იქნება ეს? და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: ხელშეკრულების გაფორმება ხომ არ იქნება დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასი, ან წინაპირობა და ხომ არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ საქართველო აფხაზურ მხარეს უყურებს, როგორც თანასწორ სუბიექტს?

10/30/2012

ნავთობი, როგორც იარაღი


   1969 წლიდან ამერიკის დღის წესრიგში ენერგეტიკულმა, კერძოდ კი ნავთობმომარაგების საკითხებმა იწყო წინ წამოწევა. საწყის ეტაპზე ქვეყნისთვის საფრთხის მომასწავებელი იყო სულ უფრო მზარდი იმპორტის ფაქტი. ამის აღმოსაფხვრელად ნავთობის იმპორტზე დაწესდა კვოტა. ამას მოჰყვა მოთხოვნის ზრდა და შედეგად ამერიკაში დაიწყო ენერგეტიკული კრიზისი. ამერიკის იმჟამინდელი პრეზიდენტი ნიქსონი იძულებული გახდა მოეხსნა კვოტა და შეექმნა გადანაწილების სისტემა.
   კვოტების გაუქმების შემდეგ ამერიკა უკვე ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე გამოვიდა და ახლო აღმოსავლური ბაზრის მომხმარებელი გახდა. 1973 წლისთვის ამ ქვეყანაში რეკორდულად გაიზარდა ნავთობის იმპორტი და დღიურად 6.2 მილიონი ბარელი შეადგინა. (1970 – 3.2. 1972 – 4.5). ამას კი მოჰყვა ენერგოდისტრიბუტორი კომპანიების მხრიდან ნავთობზე ადგილობრივი ფასის მატება, შედეგად საბაზრო ფასმა საგრძნობლად გადააჭარბა ნავთობის ოფიციალურ ფასს, დაწესებულს მიმწოდებელი ქვეყნების მიერ. ეს, ბუნებრივია, ექსპორტიორების მხრიდან პროტესტის საბაბი გახდა. ყველაზე მკაცრი ამ მხრივ ლიბია აღმოჩნდა, რომლის მმართველმა კადაფიმ  კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციების 51%–ის ნაციონალიზაცია მოახდინა. მასთან ერთად ოპეკის სხვა წევრები – ერაყი და ალჟირი ითხოვდნენ გადაეხედათ ნავთობის ფასის რეგულაციებთან დაკავშირებული ტერეგანისა და ტრიპოლის შეთანხმებებისთვის.
   ექსპორტიორების პროტესტის საგანს წარმოადგენდა ისიც, რომ დოლარის ინფლაციისა და დევალვაციის პირობებში სულ უფრო კარგავდა ფასს ამერიკული კუპიურა, რაც მათში ბუნებრივად ბადებდა საკითხს იმის შესახებ, უნდა ეწარმოებინათ თუ არა ნავთობი, რაც მათი არსებობის წყაროსა და ძალას წარმოადგენდა და გაეცვალათ იგი ფულში, რომელსაც არაფერი უმაგრებდა ზურგს და დღითიდღე უფასურდებოდა.

9/08/2012

ქალაქ შარლოტიდან ’ჩამოტანილი’ და საქართველოს 11 სხვადასხვა ქალაქში გადანაწილებული წინასაარჩევნო მუხტი

პარალელები ამერიკულ და ქართულ წინა საარჩევნო კამპანიებში - მინი ექსკურსი 

  დღევანდელ დღეს ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამჯერად მსგავსებას  წინა საარჩევნო პერიოდის მახასიათებლები განაპირობებს. ორივე ქვეყანა არჩევნების მოლოდინშია და ორივე მათგანში აქტიური წინა საარჩენო კამპანიაა გაჩაღებული. განსხვავება არჩევნების ტიპშია - საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, ამერიკა კი საპრეზიდენტო.
   ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების მისამართით ხშირია გზავნილები, რაც ზოგჯერ ბრალდების ხასიათსაც იღებს, რომ ის ამერიკული პოლიტიკური სისტემისა და სტილის კოპირებას ახდენს ჩვენს ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ამგვარი სტერეოტიპი არსებობს, მისი მართებულობის გადასამოწმებლად ერთი კონკრეტული ტიპის აქტივობაში ამ ორი ქვეყნის შედრება უნდა მოხდეს.
  ამგვარად, გთავაზობთ ამერიკული და ქართული წინა საარჩევნო კამპანიების მინი ექსკურსს. სტატია არ მოიცავს ვრცელ ანალიზს, ის მხოლოდ ეხება წინა საარჩევნო კამპანიის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის განხილვას ორივე მხარესთან მიმართებაში. ამერიკის შემთხვევაში ეს ეხება ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას დემოკრატიული პარტიის მიერ ქალაქ შარლოტში, ხოლო საქართველოს შემთხვევაში კი ნაციონალური მოძრაობის ყრილობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
   დაკვირვების შედეგად გამოვლინდა მსგავსების ორი მნიშვნელოვანი დეტალი. ერთ შემთხვევაში საქმე ეხება პირველი ლედების ფაქტორს. მეორე შემთხვევაში - ორი ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლების შინაარსობრივ თანხვედრას ერთ კონკრეტულ საკითხში. რამდენიმე დღის წინ საკუთარი მეუღლის მხარდასაჭერად მიშელ ობამამ საკმაოდ ამაღელვებელი და შთამბეჭდავი სიტყვა წამოსთქვა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე. ის აქცენტს, ძირითადად, მათ ოჯახურ თანაცხოვრებაზე, მეუღლის პიროვნული თვისებების უპირატესობებსა და პოლიტიკურ მიღწევებზე აკეთებდა. მიშელ ობამას ამ გამოსვლამ მსოფლიო პრესის დიდი ყურადღება მიიქცია და მასზე დღემდე  ბევრი საუბრობს იმ კონტექსტში, რომ ამ გამოსვლას ობამას რეიტინგზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

7/04/2012

”მასთ ქერი” - არადამაკმაყოფილებლად დაკმაყოფილებული მოთხოვნა


   საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და შედეგად წინასაარჩევნო აქტივობები სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს. ეს ის პერიოდია, როდესაც სამოქალაქო სექტორის საქმიანობა ყველაზე აქტიურ ხასიათს იღებს და როდესაც ხელისუფლების მხრიდან დათმობებზე წასვლის ალბათობა ყველაზე დიდია. დემოკრატიულობის რიტორიკიდან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს წინასაარჩევნო პერიოდი მაქსიმალურად ეფუძნებოდეს ’ხალხის მმართველობის’ ფასეულობებს და ამისთვის ის იძულებულია უსმინოს საზოგადოების კარნახს. საზოგადოების ნაკარნახევის მოსმენა კი მას ე.წ. შუამავლის - სამოქალაქო სექტორის (არასამთავრობო ორგანიზაციები) მეშვეობით შეუძლია. ეს უკანასკნელიც, როგორც უკვე ითქვა, განსაკუთრებით სწორედ წინა საარჩევნოდ აქტიურდება და ცდილობს მიაღწიოს იმ მინიმალურს, რასაც ხელისუფლების მხრიდან მოსმენა ჰქვია და იმ მაქსიმალურს, რასაც ხელისუფლების მხრიდან დათმობაზე წასვლა ჰქვია. ერთი სიტყვით - ცდილობს მიაღწიოს სამართლიანობას.

4/17/2012

სუეცის კრიზისი - ‘ცივი რბოლა’ ახლო აღმოსავლეთში



შესავალი
   ‘ცივი ომი’  – ესაა ეპოქა, როდესაც ტერმინმა ’ომი’ უპრეცედენტო დატვირთვა შეიძინა, დამკვიდრდა რა მხარეთა იმგვარი დაპირისპირების აღსაწერად, რა დროსაც სახეზე იყო არა პირდაპირი შეტაკებები მათ შორის, არამედ კონფრონტაცია დაპირისპირებულ მხარეებს შორის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გავლენის გავრცელებაში გამოიხატებოდა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ესაა ეპოქა, როდესაც მსოფლიო ორ ბანაკადაა დაყოფილი, თითოეულ მათგანს კი სათავეში აშშ და სსრკ უდგას.  მათი დაპირისპირების უმთავრეს არსს გავლენის სფეროების გაფართოება და მსოფლიოს ყველა რეგიონში უპირატესობის მოპოვება წარმოადგენს. რაც შეიძლება მეტი ქვეყნის დაქვემდებარება, პრიორიტეტული გეოპოლიტიკური პოზიციების დაკავება, შეჯიბრი შეიარაღების გაზრდაში, ბირთვული რბოლა –  ეს და სხვა დანარჩენი ერთობლივად წარმოადგენს იმას, რაც ტერმინ ‘ომის’ ქვეშ მოიაზრება.
   ცივი ომის ერთ–ერთი ‘გაჩერება’ ახლო აღმოსავლეთი იყო. სუეცის კრიზისი გახდა მორიგი ნათელი გამოვლინება იმისა, თუ რა მასშტაბებს აღწევდა პოზიციებისთვის ბრძოლა, რომ ერთი მხარის მოგება ავტომატურად ნიშნავდა მეორის წაგებას და სწორედ ეს ‘ნულოვანი შედეგის’ პრინციპი იყო სუეცის კრიზისის უმთავრესი ლაიტმოტივი.

2/03/2012

პარადოქსებისა და ანომალიების მინი სამყარო - ჩრდილოეთ კორეის ‘ფენომენი’ თანამედროვე ეპოქაში


   
    დემოკრატიული ღირებულებები, სიტყვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა –  ეს ის ძირითადი ფასეულობებია, რომელთა აღსრულებასაც თანამედროვე სამყაროს უმეტესი სახელმწიფოები ცდილობენ, ასახელებენ რა მათ თავიანთი ქვეყნის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრიორიტეტად და საერთაშორისო საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად და მის თვალში პოზიტიური განწყობის შესაქმნელად სწორედ ამ ფასეულობებისადმი უპირატესობის მინიჭებას ცდილობენ. თუმცა, ამ თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ მსწრაფ მსოფლიოში არსებობს ისეთი სახელმწიფოებიც, სადაც სრულიად რადიკალური  ვითარებაა ამ მხრივ და ერთ–ერთ მათგანს ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენს.

   ჩრდილოეთ კორეა, ესაა სახელმწიფო, სადაც მმართველობის ტიპი არის მემკვიდრეობითი დიქტატიზმი, სადაც გაცხადებულია პიროვნების კულტი და რომელიც დაფუძნებულია „ჩუჩხეს“ იდეოლოგიაზე. 

12/28/2011

საქართველოს კურსი ატლანტიკური ინტეგრაციისკენ - დამოკიდებულებები მიზანსა და მიზნის მიღწევის საშუალებებზე


ნაშრომი  ეხება ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომში ნატო) საქართველოს ინტეგრაციის საკითხს. ის იკვლევს სტუდენტების დამოკიდებულებას ერთი მხრივ, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისადმი და მეორე მხრივ, მათ დამოკიდებულებას დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. კვლევის მიზანია გამოკვეთოს კავშირი ამ ორ ცვლადს შორის და დაადგინოს, თუ როგორ აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისადმი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი განწყობაზე.
    კვლევა ჩატარდა გამოკითხვის მეთოდოლოგიის გამოყენებით და კითხვარების მეშვეობით გამოკითხულ იქნა მიზნობრივი აუდიტორია – საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მოძღვრებები 30 სტუდენტი.

11/07/2011

შტრეზემანის სტრატეგია – გერმანია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ


   დამთავრდა პირველი მსოფლიო ომი და დამარცხებულ გერმანიას ომისშემდგომი რეპერაციები დაეკისრა. თუმცა, გამარჯვებული ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, დღითიდღე უფრო რწმუნდებოდნენ, რომ დამარცხებულ გერმანიაზეც სუსტები იყვნენ. საფრანგეთი მუდამ მოკავშირის ძებნაში იყო. მას სურდა, რომ ბრიტანეთსა და აშშ-ს მისთვის გარანტიები მიეცათ უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. იგი ომმა იმდენად გამოფიტა, რომ საკუთარი საზღვრების დაცვის უნარიც კი არ გააჩნდა. საფრანგეთის პანიკური შიში გერმანიის მიმართ აიძულებდა ფრანგებს ხმამაღლა ესაუბრათ გარანტიებსა და დაზღვევაზე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, ეს კი ბრიტანეთის მიერ გაგებული იყო, როგორც ჰეგემონობის სურვილი. საფრანგეთის ეკონომიკური ვარდნაც ასევე ძალზე დრამატული იყო.

4/04/2011

რამ გამოიწვია 2009 წლის “გაზის ომი” რუსეთსა და უკრაინას შორის?


ნაშრომი წარმოადგენს რუსეთ-უკრაინის 2009 წლის 1 იანვრის  გაზის კონფლიქტის ანალიზს და ეხება ქვეყნებს შორის ენერგეტიკული პოლიტიკის წარმართვის თავისებურებებს. მისი მთავარი მიზანია გამოიკვლიოს აღნიშნული კრიზისის გამომწვევი პოლიტიკური მიზეზები და გაამყაროს თეზა ეკონომიკური ფაქტორებით დაწყებული კონფლიქტების უკან პოლიტიკური მიზეზების არსებობის შესახებ. კვლევის მიმდინარეობისას ხდება აღნიშნული ზოგადი ჰიპოთეზის დავიწროება და შედეგად საკვლევ კითხვაზე ჰიპოთეტური პასუხი შემდეგი სახით ყალიბდება: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი იყო რუსეთ-უკრაინის 2009 წლის ”გაზის ომის” გამომწვევი  მნიშვნელოვანი  პოლიტიკური ფაქტორი.

12/05/2010

ნოე ჟორდანიას არჩევანი


   1917 – 1921 წლები, ეს ის პერიოდია, როდესაც დგას საქართველოს თვითგამორკვევის საკითხი, როდესაც ქვეყანა ყალიბდება, როგორც სახელმწიფოებრივი მექანიზმი და როდესაც მას ეძლევა შანსი საერთაშორისო არენაზე დამოუკიდებლად ასპარეზობისა.
  დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოში რუსეთის 1917 წლის რევოლუციის პირველივე დღეებიდან იჩენს თავს. სწორედ ეს რევოლუცია იძლევა სერიოზულ შესაძლებლობას წამოიჭრას საქართველოს საკითხი, როგორც საჯარო სამართლის საკითხი რუსეთში, მაგრამ მხოლოდ ბოლშევიკური გადატრიალება და პირველი მსოფლიო ომის შედეგად წარმოქმნილი პოლიტიკური კონიუქტურა შესაძლებელს ხდის ამ საკითხის საერთაშორისო სამართლის ნიადაგზე გადაწყვეტას.

1/11/2010

წინასაარჩევნო ვითარება უკრაინაში


   2010 წლის 17 იანვარს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სულ 18 კანდიდატია დარეგისტრირებული. გამოკითხვების მიხედვით, წინასაარჩევნო მარათონს “პარტია რეგიონების” ლიდერი ვიკტორ იანუკოვიჩი ლიდერობს. მისი მთავარი კონკურენტი კი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკოა, რომელიც ლიდერს 13-15%-ით ჩამორჩება. ქვეყნის პრეზიდენტს, ვიკტორ იუშენკოს არჩევნებში გამარჯვების პრაქტიკული შანსებიც კი არ გააჩნია. საპრეზიდენტო კანდიდატების მიახლოებითი რეიტინგი წინასაარჩევნოდ კი ასეთია: 

ეს შედეგები ადასტურებს თებერვლის დასაწყისში მეორე ტურის გამართვის აუცილებლობას, რადგან ვერცერთი კანდიდატი ვერ აგროვებს ხმათა 50%-ზე მეტს, რაც ერთი ტურის ჩატარებისთვისაა აუცილებელი.

11/04/2009

პოლიტიკური გაურკვევლობა მოლდოვაში



მოლდოვაში აქტიური პოლიტიკური ამინდია. იმართება არჩევნები, როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო, თუმცა, შედეგი არაეფექტურია – ქვეყანას ჯერ კიდევ არ ჰყავს პრეზიდენტი. პოზიციებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის; ერთის მხრივ, ესაა კომუნისტური პარტია, რომელიც ქვეყნის სათავეში 6 წლის განმავლობაში იყო და მეორეს მხრივ, ლიბერალურ დემოკრატიული პარტიებისგან შემდგარი კოალიცია, რომელიც ერთი, “ევროპული ინტეგრაციისკენ”, ლოზუნგის ქვეშ ერთინდებიან. შექმნილი ვითარება კი ქვეყანაში არასტაბილურ მდგომარეობას ქმნის.