2/09/2013

წიგნებო, აპატიეთ ამ ხალხს


  8 თებერვალს მიხეილ სააკაშვილს ყოველწლიური ანგარიში უნდა ჩაებარებინა პარლამენტისთვის. პრეზიდენტის ეს გამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე უკვე დაანონსებული იყო, თუმცა, 6 თებერვალს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით  დებატები შედგა და უკვე 7-ში ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ სააკაშვილი პარლამენტის წინაშე არ წარსდგებოდა მანამ, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე არსებული უთანხმოება არ მოგვარდებოდა  - გამოწვევა #1
   სააკაშვილის გუნდმა ოპერატიულად მოახერხა სიტუაციის გადაწყობა და პარლამენტისგან მიღებული უარის შემდეგ პრეზიდენტის წარდგენა ეროვნული ბიბილიოთეკის დარბაზში დაიგეგმა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები და საპარლამენტო უმცირესობის წევრები უნდა დასწრებოდნენ. - საპასუხო  გამოწვევა #1
   მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა არ უნდა შემდგარიყო - ეს იყო მისი ოპონენტების იდეაფიქსი. მოტივი კი შემდეგი: მას შემდეგ, რაც სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა გაუვიდა, მას არ აქვს უფლება ყოველწლიური ანგარიშით წარსდგეს. სწორედ ამიტომ, ვინაიდან პარლამენტმა უმრავლესობის ძალით ქუთაისში პრეზიდენტის გამოსვლა აღკვეთა, ახლა უკვე საჭირო იყო, არც ბიბლიოთეკაში მიეცათ მისთვის სიტყვით გამოსვლის თავისუფლება. როგორ? რისი მოფიქრება შეიძლებოდა? ევრიკა! პოლიტპატიმრები - სულ ახლახანს განთავისუფლებული პოლიტპატიმრები, რომელთაც  ნაციონალური მოძრაობისთვის ისედაც აქვთ ანგარიში გასასწორებელი და პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დღე ამისთვის საუკეთესო დრო იქნება. გადაწყდა - პოლიტპატიმრები აქციას გამართავენ ბიბლიოთეკის შენობის წინ, მოიმარაგებენ კვერცხებს, ცოცხებს და სააკაშვილს არ მისცემენ შენობაში შესვლის საშუალებას. - გამოწვევა #2
  მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, მანანა მანჯგალაძე, აცხადებდა, რომ იგეგმებოდა პროვოკაცია და სამართალდამცავებს ძალადობის პრევენციისკენ მოუწოდებდა. პრეზიდენტის მისვლის დროისთვის კი  სიტუცია, როგორც მოსალოდნელი იყო, უკონტროლო გახდა. მთელი დღის განმავლობაში შეკრებადაწყებული პოლიტპატიმრებისა და მათი თანამოაზრეების რაოდენობა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის წინ იმდენი გახდა, რომ საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები მათი ძალადობის აღკვეთას ვერ ახერხებდნენ. ძალადობა შემთხვევით არ მიხსენებია - ნაცემი და დასისხლიანებული ნაციონალური მოძრაობის წევრები - ეს იყო შედეგი იმ მასშტაბური შეხლაშემოხლისა, რა დროსაც უკან არ იხევდნენ პოლიტპატიმრები, რა დროსაც ვერაფერს (ან არაფერს) გახდა პოლიცია და რა დროსაც ასევე უკან დახევა არ უცდია ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ეს უკანასკნელნი შეგნებულად (ან შეუგნებლად) აღმოჩნდნენ დემონსტრანტების ’დაღებულ ხახაში’, თუმცა, შეძახილი: ”წავიდა შოუს დადგმა, წავიდა, ჰა, კაია ხო შოუს დადგმა?! (©გ. უგულავა) გვაფიქრებინებს, რომ მათ საქციელს შეუგნებლობის არაფერი ეცხო. -  საპასუხო გამოწვევა #2    
   აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მივიდა. მან იქ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრობის წევრებმა არ ისარგებლეს შსს-ს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული გზით. თავის მხრივ, კი უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, უარყო ცნობა რაიმე სახის უსაფრთხო კორიდორის არსებობის შესახებ. ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ პასუხს აგებს ყველა ის პირი, რომელმაც არეულობის დროს კანონდარღვევაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ამ არეულობის პროვოცირებაში მან ნაციონალური მოძრაობის წევრები დაადანაშაულა. ამგვარად, ნაციონალების დაჩაგრული და ნაცემის იმიჯის საპასუხოდ უმრავლესობამ სწორედ ისინი დაადანაშაულა პროვოკაციის მოწყობაში პათოსით - რომ არა მათი შესვლა აბობოქრებულ ბრბოში, მოვლენები ამგვარი ძალადობის ფორმას არ მიიღებდა - გამოწვევა #3
   აქციის მონაწილეებმა თავისას მიაღწიეს და დანაპირები შეასრულეს - მიხეილ სააკაშვილმა ბიბლიოთეკის შენობაში სიტყვით გამოსვლა ვერ მოახერხა. თუმცა, სიტუაციის გადაწყობის ზემოთნახსენებ ოპერატიულ მანერას ნაციონალური მოძრაობის გუნდმა ამ შემთხვევაშიც მიმართა - გადაწყდა, რომ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა რეზიდენციის შენობაში შედგებოდა. - საპასუხო გამოწვევა #3

   პრეზიდენტმა თავისი მიმართვა მაინც გააკეთა. ღელავდა, ვერ იყო ისეთი ქარიზმატული და შეუიარაღებელი თვალით მოსაწონი, როგორც ადრე სჩვეოდა ხოლმე, მაგრამ სიტყვა წარმოსთქვა და მიზანს მიიღწა. რითი იყო განპირობებული სააკაშვილის სიტყვით წარდგომის ასეთი დაუოკებელი სურვილი? რომ ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, ის მაინც უნდა შემდგარიყო? პრინციპულობას, ალბათ, 8 თებერვლის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღის დატვირთვაც ახლდა თან. დავითი - მეფე, გმირი, აღმშენებელი და სააკაშვილის ქვეცნობიერი სურვილი თავი მასთან გააიგივოს და საქართველოს აღმშენებლად იწოდებოდეს.  ამ სიმბოლიზმის ერთ-ერთ გამოვლინებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ინაუგურაციის შემდეგ სწორედ დავით აღმაშენებლის საფლავთან დადებული ფიციც. ამგვარად, დიდ პერსონასთან იდენტობა სასურველი პოლიტიკური, თუ სოციალური მანევრების განსახორციელებლად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. ეს უფრო აღქმასთან დაკავშირებული პროცესია, რა დროსაც წარსულის წარმატების გამო დიდების, გამარჯვების განცდა ისადგურებს და ემსახურება თვითშეფასების ამაღლებას. აქედან გამომდინარე, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს სააკაშვილის მიერ სიტყვით აუცილებლად გამოსვლასა და საამისოდ ყველა დაბკოლების სისხლის ფასად გადალახვაში პრეზიდენტის სიმბოლიზმთან ქვეცნობიერი მიმართების დანახვა შეიძლება.
   ვიხილეთ ესკალირებული გამოწვევები - გამოწვევა, საპასუხო გამოწვევა, პასუხი, პასუხის პასუხი და ა.შ. მაგრამ ისმის კითხვა: განვითარებული მოვლენების შედეგად, მაშინ როდესაც ’შერჩენის’ სურვილი არცერთ მხარეს ჰქონდა, საბოლოოდ ვინ დარჩა გამოწვეულ მდგომარეობაში?
   ეროვნული ბიბლიოთეკის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად ორი სიტყვა და ამ ორი სიტყვის უკან მდგარი პროცესებია ყველაზე მნიშვნელოვანი. ესენია: ძალადობა და პროვოკაცია.
   მოდით, შევეცადოთ გავამართლოთ ძალადობა: გამწარებული პოლიტპატიმრები, იქნებ უსამართლოდ დაპატიმრებულნიც, თავადაც ძალადობის მსხვერპლნი მოდიან აქციაზე და ამ ყოველივეზე სამაგიეროს გადახდის სურვილი ამოძრავებთ. თვითონაც სჩადიან ძალადობას და ნუთუ, მშვიდდებიან? აქ მახსენდება თომას ჰობსის ,,ლევიათანი’’ და მასში აღწერილი მდგომარეობა, რასაც ავტორი ბუნებრივ მდგომარეობას უწოდებს. ბუნებრივი მდგომარეობის უმთავრესი მახასიათებელი არის ის, რომ ადამიანები მასში იძულებითი ძალისადმი შიშის არარსებობის პირობებში ცხოვრობენ. ეს წარმოშობს  სიამაყეს, შურისძიებას. შეთანხმებები მახვილის გარეშე მხოლოდ სიტყვაა, რომელიც ვერ აძლევს ადამიანს უსაფრთხოების გარანტიას. მაშინ, როდესაც არ არსებობს შემზღუდავი ძალა, ადამიანები იყენებენ ძალას თავიანთი მიზნის მისაღწევად.  
   თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ მსჯელობა ბუნებრივი მდგომარეობის შესახებ  ჯონ ლოკმაც განავითარა ნაშრომში ,,წერილი ტოლერანტობის შესახებ’’.  იგი ამბობს, რომ ბუნებრივი მდგომარეობა ესაა სრული თავისუფლების მდგომარეობა, როდესაც ადამიანები არავისთან ათანხმებენ თავიანთ მოქმედებებს. ბუნებრივ მდგომარეობაში ისინი მხოლოდ ბუნების კანონებით ხელმძღვანელობენ, ეს კანონი კი გონიერებას ეფუძნება.
   ეროვნული ბიბლიოთეკის წინ გამართული აქციის შემთხვევაში ჩადენილი ძალადობის მაპროვოცირებელი სწორედ ძალადობა გახდა. ანუ ძალადობამ შვა ძალადობა. რა გამოდის? ნუთუ, ბუნებრივ მდგომარეობაში ვარსებობთ, როდესაც არანაირი კანონი არ მოქმედებს და მხოლოდ ’მახვილით’ მიიღწევა საწადელი?!
   გამწარებული პოლიტპატიმრების მდგომარეობაში შესვლის მიუხედავად, არ გამომივიდა ძალადობის გამართლება. როდესაც შენში პროტესტს იწვევს შენზე განხორციელებული უკანონობა, ამ პროტესტის გამოხატვა ასევე უკანონობით არ უნდა მოხდეს. ჩვენ არ ვცხოვრობთ ბუნებრივი მდგომარეობის პირობებში, როდესაც არ არსებობდა სამართალი, არ არსებობდა ზემდგომი ხელისუფალი და ყოფა თვითნებობას ეფუძნებოდა.
   ახლა მივუბრუნდეთ მეორე სიტყვას - პროვოკაციას და მოდით, მის გამართლებასაც შევეცადოთ; უმცირესობაში დარჩენილი ნაციონალური მოძრაობის ინტერესშია რაც შეიძლება მოძალადედ და არასასურველ კონტექსტში წარმოაჩინოს ახალი ხელისუფლება. ეს პოლიტიკური თამაშია, პოლიტიკური ამბიციები კი პროვოკაციასაც მოიცავს, სასურველ პიარსაც, რომელსაც შავი ფერი აქვს და სხვა ქმედებებსაც, მიმართულს უმრავლესობის სახელის გატეხვისკენ. აქციაზე მისული ნაციონალური მოძრაობის წევრების და განსაკუთრებით, გიგი უგულავას, ჟესტი პროვოკაციის აშკარა შტრიხებით ხასიათდებოდა. არ მივიდნენ სპეციალურად გამზადებული უსაფრთხო კორიდორით, არამედ გაბრაზებულ ხალხში გარევა, მათი გაღიზიანება და დაზარალებულის იმიჯის მორგება გადაწყვიტეს, რათა უფრო უკეთ შესძლებოდათ ახალი ხელისუფლების უსუსურობის ხაზგასმა. უმცირესობაში ამბობენ, არანაირი უსაფრთხო გზა არ არსებობდაო. პრეზიდენტის წარმომადგენელი მანანა მანჯგალაძე იმასაც ამბობს, რომ დასამალი არავისთან არაფერი აქვს და შუკა-შუკა და შარა-შარა სიარულს არ აპირებს. ანუ, არსებობდა ეს ’შუკა-შუკა და შარა-შარა’?! პროვოკაციის გამართლება დავისახე, თუმცა ამ შემთხვევაშიც ვერ მოვახერხე. პროვოკაცია კიდევ უფრო ამძაფრებს ძალადობას. ძალადობას დიდი ალბათობით ყოველთვის თან სდევს მსხვერპლი. მსხვერპლის არ დაშვება კი ნებისმიერ პოლიტიკურ ამბიციაზე მაღლა უნდა იდგეს.
   ზემოთ დაისვა კითხვა იმის შესახებ, საბოლოო ჯამში თუ ვინ დარჩა გამოწვეულ მდგომარეობაში. მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ვინაიდან ძალაუფლება მის ხელშია. რაც არ უნდა პროვოკატორული ზრახვები აღმოვაჩინოთ ნაციონალური მოძრაობის წევრების ქმედებებში, აზრს მოკლებული იქნება მათთვის იმხელა პრივილეგიის მინიჭება, რითაც პასუხისმგებლობა მათ დაეკისრება. დღევანდელ საქართველოში ნებისმიერ რამეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ უმრავლესობას, აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკისრება. მის ხელშია პოლიცია, მის ხელშია მართვის მექანიზმი და მის უმთავრეს საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს ძალადობის არ დაშვება, უფრო მეტიც - სამოქალაქო დაპირისპირების პრევენცია. თუ პრეტენზია გვაქვს ეფექტურ კოჰაბიტაციაზე და თუ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა წყდება იმიტომ, რომ ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს, ამ ორის ვალია, საზოგადოების მიმართ მეტი პატივისცემა განივითარონ.
   და ბოლოს, ბოდიში ბიბლიოთეკას, ბოდიში წიგნებს იმიტომ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში სიტყვები ’ძალადობა’ და ’ბიბლიოთეკა’ გვერდიგვერდ მოიხსენიებიან.
   წიგნებო, აპატიეთ ამ ხალხს..

   პ.ს. განვითარებული მოვლენების შემდეგ  სოციალურ ქსელებში ამგვარი ხუმრობა, (უფრო სატირა) გავრცელდა, ,,Грузия самая интеллигентная страна. Недавно освобожденные заключенные штурмом брали библиотеку’’.  სასაცილოა და აქ ერთი დიდი ’მაგრამ’..

5 comments:

  1. ძალიან გემრიელი და დასაბუთებული სტატიაა.

    ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები, სუბიექტური მოსაზრების საფუძველზე:
    მე გამოწვევა N2-სა და საპასუხო გამოწვევა N2-ში ადგილებს შევუცვლიდი ამ გამოწვევების მოქმედ გმირებს.

    არ მიმაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პრეზდენტის ანგარიშის თავიდან აცილება უნდოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო და რა ფასადაც არ უნდა ყოფილიყო.
    მე პირიქით ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ნაციონალების გამოწვევა იყო, პროვოცირება მოეხდინათ სახალხო არეულობის, რომ დისკუსიას უფრო ფართო მასშტაბი მიეღო, ვიდრე მხოლოდ პარლამენტში პრეზიდენტის არმიღება. მანანა მანჯგალაძის პრესკონფერენციაც ამ გეგმის ნაწილი იყო (ჩემი აზრით) და გოგა ხაჩიძის იმავე შინაარსის განცხადებაც. ისინი გზავნიდნენ სიგნალს იმის შესახებ, რაც ყველაზე კარგად იცოდნენ და წინასწარ შეფასებასაც აძლევდნენ ამას.
    ეს სიგნალი არასწორად იქნა შეფასებული კოალიციის მიერ. მათ, როგორც ჩანს, არ მოინდომეს გამაფრთხილებელ განცხადებებს აჰყოლოდნენ. მით უმეტესს, რომ ყოფილი პოლიტპატიმრები აცხადებდნენ, მიშას სირცხვილის დერეფანში გავატარებთო - ანუ, შევუშვებთო.
    კოალიციური მთავრობის შეცდომა და მარცხი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათ სიგნალების იგნორირება მოისურვეს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ აქტორებს, ისე უნდოდათ წარმდგარიყვნენ.
    ანუ, "ოცნების" საპასუხო გამოწვევა ის იყო, რომ ისინი გამოწვევას არ აჰყვნენ და მოსალოდნელი საფრთხეები ვერ გაიანგარიშეს. რაც, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არათუ აცილებს მათ, არამედ პირიქით, აკისრებს.
    როცა მობილიზებული პატრული ხედავს, რომ მზარდი პროტესტანტების ფონზე თვითონ მცირერიცხოვანია, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს და გაიზარდოს კონტინგენტი.
    (ზაფსულში ამნესტი ინტერნეშენელმა ერთ-ერთ არასამთავრობოსთან ერთად გერმანიაში აზერბაიჯანის საელჩოს წინ აქცია გამართა, მშვიდობიანი, ათ კაცამდე. მობილიზებული იყო სამი პოლიციელი და ერთი მანქანა. ორი ადამიანის დამატების შემთხვევაში პოლიცია გვთხოვდა, გვეცნობებინა მათთვის, რომ დამატებითი თანამშრომელი მოეშველებინათ).
    ცალკეული პირების ქმედებას აღარ განვიხილავ, ძალიან გამიგრძელდება სიტყვა.

    მაკო

    ReplyDelete
  2. მაკო,

    მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შეფასებებს ვაყალიბებ და დასკვნებს ვაკეთებ, კითხვისნიშნები მაინც საკმაოდ მაქვს შერჩენილი. მე მიჩნდება კითხვა, რატომ უთხრა პარლამენტმა უარი პრეზიდენტს მიღებაზე წინა დღეს? ეცოდინებოდათ ალბათ, რომ ნაცმოძრაობის გუნდი ამას ასე უმოქმედოდ არ მიიღებდა? რატომ დაანონსებისთანავე (რამდენიმე დღით ადრე) არ ეთქვა უარი მას? მაშინაც ხომ ვადაგასული იყო პრეზიდენტი და მაშინაც ხომ უთანხმოება ჰქონდათ საკანონმდებლო ცვლილებებზე? ნუთუ, მართლა 6 თებერვლის დებატებმა გადაწყვიტა პრეზიდენტის გამოსვლა/არ გამოსვლის ბედი?

    მიჩნდება აზრი, რომ პროვოკაციის პროვოცირებას შეეცადნენ, ანუ ყველანაირად შეუწყვეს ხელი იმას, რომ ისე ’გაგიჟებულიყვნენ’ ესენი, როგორც ’გაგიჟდნენ’. პოლიციის უმოქმედობა, მანჯგალაძე, ხაჩიზე - ეს კიდევ ცალკე თემაა. მე უფრო ის დიდი მთავარი საწყისი მაინტერესებს.

    ReplyDelete
  3. არა, ეგ კითხვათა კითხვაა, რატომ ასე უცბად უარი, როცა მანამდე კითხვის ნიშნის ქვეშაც არ იდგა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის საკითხი. უბრალოდ, მთავრობა არ დაესწრებოდა.

    პოლიტ.პატიმრების ნაწილი ქუთაისში, პარლამენტის წინ აპირებდა პრეზიდენტისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას. ანუ, რაღაც ტიპის არეულობის თეორიული შანსი მაინც იმ შემთხვევაშიც არსებობდა, თუკი შეხვედრა ქუთაისში, პარლამენტში მოხერხდებოდა. ამიტომ არ მგონია, რომ ეს "ოცნების" "გეგმა B" იყო, ბიბლიოთეკასთან პოლიტ.პატიმრები მიეყვანათ.

    მე კოალიციური მთავრობის გამართლებას კი არ ვცდილობ. უბრალოდ, მინდა დავუშვა, რომ ხალხი საკუთარი ინიციატივითაც ახერხებს შეკრებას და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის დაძახილზე. მე უფრო იმ აზრს ვიზიარებ, რომ პოლიტ.პატიმართა პროტესტის გამოყენება ორივე მხარემ სცადა. უბრალოდ, მეორეს - ნაციონალებს - უფრო ნიჭიერად გამოუვიდა, თუ შეიძლება აქ ნიჭიერებაზე ლაპარაკი.

    ReplyDelete
  4. და, ნეტა, იმ პოლიტპატიმრებს თუ აქვთ გაცნობიერებული, რომ ერთმაც გამოიყენა და მეორემაც?!
    ,,მინდა დავუშვა, რომ ხალხი საკუთარი ინიციატივითაც ახერხებს შეკრებას’’ <<< სკეპტიკურად ვუყურებ ამ საკითხს ამ შემთხვევაში.

    ReplyDelete