2/19/2013

ბოროტება ექსკლუზიურად


                                        სენსაციური კადრების უჯრებში დების ფენომენი


,,- ჩვენ გამოშვებას სკანდალური ვიდეომასალით ვიწყებთ...’’
,,- გთხოვთ, მოარიდოთ ეკრანებს პატარები...’’
,,- მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა...”

   ამ სიტყვებით იწყება დღეს დილიდან თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვება. დიახ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის ტელევიზიებიც ასე უპრობლემოდ ავრცელებენ მკვლელობის, წამების, შეურაცხყოფის ამსახველ ვიდეოკადრებს, ’ამაყნი’ არიან იმით, რომ სკანდალური მასალა ჩაიგდეს ხელში და მიდის რბოლა იმაზე, თუ რომელი მათგანი გაუშვებს ეთერში ექსკლუზიურად პირველი ბოროტებას.
   რბოლაში ,,რუსთავი 2-მა’’ იმარჯვა. ბოდიში მოიხადა - მძიმე საყურებელია, მაგრამ მაინც ვუშვებო და გაუშვა ეთერში. მას მიჰყვა მაესტრო, შემდეგ იმედი. ამ უკანასკნელმა ბოდიში არა, მაგრამ ბავშვების ეკრანებიდან მორიდება კი ითხოვა. შემდეგ იყო პირველი არხი და  მეცხრე არხი - უბოდიშოდ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
   და შედეგად სიტყვა ’კადრების’ ექო მასიურად გავრცელდა:
- ნახე კადრები?
- ეს რა კადრები გაუშვეს!
- მიდი, ნახე კადრები!
- მკვლელობის კადრები...
- ტელევიზიით...
- კადრები...

   19 თებერვალს ,,რუსთავი 2’’, უდაოდ, ჯაბნიდა დანარჩენ ტელევიზიებს რეიტინგში. მან პირველმა ექსკლუზიურად მოახერხა სკანდალური ვიდეომასალის ტირაჟირება და მაყურებლების უმეტესობამაც სწორედ მისი ლოგოთი იხილა ეს კადრები პირველად.
   ამ შემთხვევაში კი დგება ეთიკის, პროფესიონალიზმის, რეპუტაციის, ჰუმანიზმის საკითხი. მაგრამ როდესაც ექსკლუზიურ კადრები გივარდება ხელში, იქ სისხლი გიდუღს, ჟურნალიზმის ოპერატიულობის პრინციპს ამოფარებული თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილს ივიწყებ, ’რეიტინგი’, ’სკანდალი’, ’პირველი’ - ეს სიტყვები გიფრიალებს თვალწინ და მერე რა, თუ ამგვარი მასალის გაშვებით ვინმე ცუდად გახდება, გაბრაზდება, იტირებს?! მერე რა, თუ გადაუმოწმებელია ეს კადრები და მისი ნახვისას მაყურებელი ბევრ აცდენას შეამჩნევს?! სწორედ ეს ამდენი ’მერე რა’ განაპირობებს დეჰუმანიზაციას და გვაცხოვრებს დეჰუმანურ ეპოქაში.

   აქვე, ბუნებრივია, ბევრი საპირისპირო არგუმენტი იყრის თავს, რომ ტელევიზია იმისთვისაა, ყველაფერი სააშკარაოზე გამოიტანოს, ფაქტები არ უნდა დამალოს, ოპერატიულად მიაწოდოს მაყურებელს ახალი და მნიშვნელოვანი მასალები, რომ საზოგადოებრივი ინტერესი საქმესთან დაკავშირებით დიდია და ამ მოტივით, თუნდაც, ძალადობის შემცველი კადრები აუცილებლად უნდა მოხვდეს ეთერში.
   ვთვლი, რომ ფრაზა/არგუმენტი ,,საზოგადოებრივი ინტერესი საქმესთან დაკავშირებით დიდია’’, საკმაოდ სუბიექტურია იმიტომ, რომ არცერთ მედია საშუალებას არ ჩაუტარებია კვლევა იმაზე, თუ რომელი თემატიკის რომელი კონკრეტული საქმეა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, რომ შემდეგ მასზე დაყრდნობით გაავრცელოს ისეთი ტიპის მასალა, რასაც თვითონვე არაეთიკურად მიიჩნევს. გამოდის, ძალადობის ამსახველი კადრების ეთერში გაშვებამ შეიძლება პროტესტი გამოიწვიოს საზოგადოებაში, მაგრამ ეს ’გაშვება’ ტელევიზიამ სწორედ საზოგადოებასვე ’დააბრალოს’ –,,თქვენ გაინტერესებთ და სწორედ ამიტომ ვარღვევ ეთიკასო”.  პარადოქსია!
   მივუბრუნდეთ ზემოთ ნახსენებ საპირისპირო არგუმენტებს და თვალი გადავავლოთ დასავლურ მედიას, რომელიც ყოველთვის მისაბაძი მაგალითია ხოლმე. გავიხსენოთ, თუნდაც, აშშ-ში სკოლაში დატრიალებული უბედური შემთხვევა. ჩვენ არ გვინახავს ამ ძალადობის ამსახველი კადრები, თუმცა, განვიცადეთ, გავბრაზდით, დამნაშავის უმკაცრესად დასჯის სურვილი გაგვიჩნდა. პროფესიონალი ჟურნალისტები ახერხებენ სიუჟეტის მწვავე ხასიათი შეინარჩუნონ იმ პირობებშიც კი, რომ არ აჩვენონ ამ სიმწვავის ამსახველი გრაფიკული გამოსახულება. არიან რა ისინი  ფრთხილები, ბალანსის პოვნას ახერხებენ მაყურებლებზე ზრუნვასა და სენსაციური მასალის ეთერში გაშვების ჟინს შორის.
   და ბოლოს, სულ რომ ეთიკას, ჰუმანურობასა და მორალს თავი დავანებოთ, საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს რეგულაცია, რომელშიც ნათლადაა გაწერილი, თუ რა ეკრძალება მედიასაშუალებას და რა ტიპის მასალის გაშუქებაა მიზანშეუწონელი მისთვის. მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ვკითხულობთ:
·            მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალარომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროსმათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიან დაკრძალვაზეროდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფსგარდა იმ შემთხვევებისაროდესაც მიღებულია პირის თანხმობაპირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა.
·            ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლითგამოყენებისას მაუწყებელი უნდა შეეცადოსშეამციროს ის პოტენციური ტრავმარომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებსიგივე ეხება ინსცენირებულ რეკონსტრუქციებსა და ფაქტებზე დაფუძნებულ პროგრამებს.
·            შესაძლებლობის ფარგლებში მაუწყებელი უნდა შეეცადოსშეატყობინოს მასალაში ასახულ პიროვნებას (პიროვნებებსდა/ან მისი ოჯახის წევრებს დაგეგმილი პროგრამის შესახებ და  პროგრამის ეთერში გაშვებაზეიმ შემთხვევაშიცთუ აღნიშნული მასალა  საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო წარსულში.

   აქვე მინდა, ყურადღება გავამახვილო სენსაციური კადრების წლების განმავლობაში  უჯრებში დების ტენდენციაზე. კომპრომატებით ჯიკაობას, როგორც ჩანს, ბოლოს ვერ ვუპოვით. ადამიანების წამება, სიკვდილი, შეურაცხყოფა და ამის ამსახველი მასალები გახდა ის იარაღი, რომლითაც პოლიტიკური ელიტები ერთმანეთს აქტიურად უპირისპირდებიან. ამ დაპირისპირების შედეგად, საბოლოო ჯამში, რომელიმე მხარე კი არ ზარალდება, არამედ დაზარალებული საზოგადოებაა, ის ხალხი რომლის ხარჯზეც ტელევიზიები რეიტინგს იკეთებენ, ხოლო პოლიტიკოსები ხმებს აგროვებენ. სწორედ ხალხია ის ობიექტი, რომელზეც წლების განმავლობაში სენსაციური კადრების უჯრაში შემნახავი იმედებს ამყარებს და ფიქრობს, რომ მისთვის ხელსაყრელ მომენტში უჯრის გახსნით და შიგ არსებულის გამომზეურებით, საზოგადოების სასურველ რეაქციას მიიღებს.
   ტენდენციები ყოველთვის რაღაცისკენ სვლას განაპირობებს. ჩვენში არსებული ამ ტენდენციების მიხედვით კი დეჰუმანური ეპოქისკენ მივდივართ, სადაც პოლიტიკური ელიტები შობენ პოლიტიკურ მედიას, პოლიტიკური მედია სიძულვილის ენით ელაპარაკება ხალხს და აი, ის დაზარალებული ხალხიც.

No comments:

Post a Comment