სენსაციური კადრების უჯრებში დების ფენომენი
,,- ჩვენ გამოშვებას სკანდალური ვიდეომასალით ვიწყებთ...’’
,,- გთხოვთ, მოარიდოთ ეკრანებს პატარები...’’
,,- მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა...”
ამ სიტყვებით იწყება დღეს დილიდან თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვება. დიახ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის ტელევიზიებიც ასე უპრობლემოდ ავრცელებენ მკვლელობის, წამების, შეურაცხყოფის ამსახველ ვიდეოკადრებს, ’ამაყნი’ არიან იმით, რომ სკანდალური მასალა ჩაიგდეს ხელში და მიდის რბოლა იმაზე, თუ რომელი მათგანი გაუშვებს ეთერში ექსკლუზიურად პირველი ბოროტებას.
რბოლაში ,,რუსთავი 2-მა’’ იმარჯვა. ბოდიში მოიხადა - მძიმე საყურებელია, მაგრამ მაინც ვუშვებო და გაუშვა ეთერში. მას მიჰყვა მაესტრო, შემდეგ იმედი. ამ უკანასკნელმა ბოდიში არა, მაგრამ ბავშვების ეკრანებიდან მორიდება კი ითხოვა. შემდეგ იყო პირველი არხი და მეცხრე არხი - უბოდიშოდ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
და შედეგად სიტყვა ’კადრების’ ექო მასიურად გავრცელდა:
- ნახე კადრები?
- ეს რა კადრები გაუშვეს!
- მიდი, ნახე კადრები!
- მკვლელობის კადრები...
- ტელევიზიით...
- კადრები...
19 თებერვალს ,,რუსთავი 2’’, უდაოდ, ჯაბნიდა დანარჩენ ტელევიზიებს რეიტინგში. მან პირველმა ექსკლუზიურად მოახერხა სკანდალური ვიდეომასალის ტირაჟირება და მაყურებლების უმეტესობამაც სწორედ მისი ლოგოთი იხილა ეს კადრები პირველად.
ამ შემთხვევაში კი დგება ეთიკის, პროფესიონალიზმის, რეპუტაციის, ჰუმანიზმის საკითხი. მაგრამ როდესაც ექსკლუზიურ კადრები გივარდება ხელში, იქ სისხლი გიდუღს, ჟურნალიზმის ოპერატიულობის პრინციპს ამოფარებული თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილს ივიწყებ, ’რეიტინგი’, ’სკანდალი’, ’პირველი’ - ეს სიტყვები გიფრიალებს თვალწინ და მერე რა, თუ ამგვარი მასალის გაშვებით ვინმე ცუდად გახდება, გაბრაზდება, იტირებს?! მერე რა, თუ გადაუმოწმებელია ეს კადრები და მისი ნახვისას მაყურებელი ბევრ აცდენას შეამჩნევს?! სწორედ ეს ამდენი ’მერე რა’ განაპირობებს დეჰუმანიზაციას და გვაცხოვრებს დეჰუმანურ ეპოქაში.