2/01/2011

აფეთქება დომოდედოვოს აეროპორტში - ანალიზი


Ø ვისი ბრალია? – უსაფრთხოების საკითხი.
   აფეთქებიდან რამდენიმე ხანში პრეზიდენტმა მედვედევმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა აეროპორტის დაცვის სამსახურს დააკისრა, რომელიც თავის მხრივ უარყოფს ბრალდებას და აღნიშნავს, რომ აფეთქების ადგილის კონტროლი პოლიციის სამსახურს ევალებოდა.
   მაშინ როდესაც პრეზიდენტი დომოდედოვოს აეროპორტს ადანაშაულებს მომხდარში, უცხოური პრესა რუსული სპეცმსამსახურების უსუსურობაზე წერენ. მათი თქმით,  აღნიშნულ სამსახურებს არ შესწევთ უნარი დაშიფრონ ტერორისტთა მოქმედებები და ხელი შეუშალონ აქტების განხორციელებას, განსხვავებით ევროპელებისა და ჩრდილოამერიკელებისა.
   გარდა ამისა, დაიწერა ასევე უსაფრთხოების დაბალი დონის შესახებ აფეთქების შემდეგაც. კერძოდ, ინციდენტის შემდეგ 10 მილიონიან ქალაქში ვითარება მალევე დასტაბილურდა და აეროპორტმაც ჩვეულ რიტმში განაგრძო მუშაობა. არსად იყო უსაფრთხოების მკაცრი კონტროლი. მეტროშიც კი, სადაც გასულ წელს მოხდა ტერაქტი, არ მიუღიათ დამატებითი ზომები.
    სააგენტო რია ნოვოსტიმ გაავრცელა ცნობა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა იცოდნენ ტერაქტის განხორციელების შესახებ, თუმცა, ვერ დაადგინეს ადგილი და შესაბამისად, ვერ მოახერხეს მისი აღკვეთა.
   აქცენტი გაკეთდა ასევე აეროპორტის უსაფრთხოების დაბალ დონეზეც. კერძოდ, თვითმხილველებისა და ჟურნალისტების თქმით, დომოდედოვოს ჩამომსვლელთა ფრიგელი საერთოდ არ კონტროლდებოდა.
Ø  ვერსიები ტერორისტის ვინაობასა და აფეთქების ფორმასთან დაკავშირებით.
   აფეთქებიდან სულ მალე როგორც რუსულ, ისე უცხოურ პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ტერორისტი ჩრდილო კავკასიელი უნდა ყოფილიყო. რია ნოვოსტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით აეროპორტის დარბაზში იმყოფებოდა ორი ტერორისტი – ერთი სავარუდოდ ქალი, რომელსაც ჩანთაში ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა და დანიშნულების ადგილას მისვლისთანავე აამოქმედა იგი თანამზრახველთან ერთად. ამფეთქებლად ქალის დასახელებით სააგენტო ჩრდილო კავკასიურ ხელწერაზე მიანიშნებს, ვინაიდან რუსეთში უმეტესწილად მოკლული ჩრდილო კავკასიელების ცოლები აწყობენ მსგავსი სახის ტერაქტებს.
   დომოდედოვოზე ტერაქტს არაოფიციალურად აკავშირებენ 31 დეკემბერს კუზმინკის პარკთან არსებულ ერთ–ერთ სახლში მომხდარ აფეთქებასთან, სადაც თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა დაახლოებით იგივე სიმძლავრის, რაც დომოდედოვოში. აფეთქებას ერთი ჩეჩენი ქალი ემსხვერპლა. ვარაუდობენ, რომ ბომბი დროზე ადრე მოვიდა მოქმედებაში და რომ ის ახალი წლის ღამეს ასაფეთქებლად იყო გამიზნული. გარდაცვლილი ქალი იყო ჩრდილო კავკასიაში არსებული ნოგაის ბატალიონის ლიდერის ცოლი. მასთან ერთად ცხოვრობდა ასევე მეორე ჩეჩენი ქალიც, რომლის ქმარიც იყო ასევე ამ ბატალიონის შემადგენლობაში და რომელიც დააკავეს 2010 წლის ოქტომბერში. იმ ხანებში კი სპეცსამსახურებმა შეიტყვეს, რომ ბატალიონზე განხორციელებული სპეცოპერაციის შურისსაძიებლად მოსკოვში სამი ბოევიკი ჩავიდა, რომლებსაც უნდა მოემზადებინათ თვითმკვლელობის აქტი. დომოდედოვოს შემთხვევაშიც გარდაცვლილ ტერორისტს სამი თანამზრახველი ჰყავდა, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული და რომლებიც აღნიშნულ ბატალიონში ირიცხებიან.  
   ვრცელდება თვითმხილველების მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც აფეთქება მოხდა შავჩადრიანი ქალის ბარგიდან. სხვა თვითვმიხლველი კი აცხადებს, რომ ტერორისტი იყო კაცი, რომელმაც აფეთქების დროს იყვირა: „მე თქვენ ყველას დაგხოცავთ“, რაც არ ემთხვევა მოსაზრებას, რომ ბომბა თვითნებურად ამოქმედდა.
   ვრცელდება ტერორისტის წარმოშობასთან დაკავშირებული სხვა მოაზრებებიც. კერძოდ, კომერსანტი წერდა, რომ გარდაცვლილი ტერორისტის სხეულის ნაწილების მიხედვით ის არაბი უნდა ყოფილიყო. ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტს გადაეგზავნა დასახიჩრებული ტერორისტის თავის ფოტო, რის მიხედვითაც სპეციალისტები ასკვნიან, რომ მისი წარმომავლობა ხმელთაშუაზღვიური უნდა იყოს, სავარაუდოდ კი არაბული. მათი თქმით, ჩრდილო კავკასიელებისთვის არაა დამახასიათებელი ისეთი ვიწრო სახე, როგორიც ფოტოზე ჩანს. ამ მოსაზრებას ავრცელებდნენ რუსული სპეცსამსახურებიც და ამას თან ერთვოდა პრემიერ პუტინის დარწმუნებული საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორისტი არ იყო ჩრდილო კავკასიელი. მისი თქმით, რუსული მხარე მათთან პერმანენტულად მართავს  მოლაპარაკებებს სიტუაციის დარეგულირების მიზნით, რამაც შედეგი გამოიღო.
   იტარ–ტასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა 30–40 წლის ევროპული გარეგნობის მამაკაცმა.
   ოფიციალურად გავრცელებულია ინფორმაცია, რომ მოხდა მხოლოდ ერთი აფეთქება, თუმცა, თვითმხილველები ამბობენ, რომ იყო ორი. ამაზე მოწმობს შემდეგი რამ: გარდა იმისა, რომ ექიმების განცხადებით დაშავებულთა დიდ ნაწილს ტრავმა ფეხებში ჰქონდათ მიღებული და რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო იატაკზე, ნაპოვნია ასევე თავმოწყვეტილი გვამიც. იატაკზე დადებულ ასაფეთქებელს კი არ შეეძლო გვამის ამგვარად დასახიჩრება. სავარუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ორ ადგილას იყო განთავსებული. ამაზე მოწმობს ასევე გადაღებული ვიდეოების მიხედვით ორ ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ ადგილებზე განლაგებული გვამებიც.
   დღეს უკვე საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ დომოდედოვოს ტერაქტის საქმე გახსნილია. ყველაზე ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სპეცსამსახურებმა ტერორისტის ვინაობა დაადგინეს და რომ ის 20 წლის ჩრდილოკავკასიელი მამაკაცი იყო. მის ვინაობას საჯაროდ არ აცხადებენ, მის თანამზრახველებზე საძიებო სამუშაოებისთვის ხელის არშეშლის მიზნით.
 
Ø  ტერაქტის მიზეზი/მიზანი
   არსებობს მოსაზრება, რომ ტერაქტის მიზანი იყო მედვედევის დავოსში ვიზიტის ჩაშლა,  მისი რეპუტაციის შელახვა და რუსეთის დისკრედიტირება საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის წინ.
   გარდა ამისა, მკვლევარები ბოლო წლებში მოხმდარ აფეთქებებსა და არეულობებს  პუტინის ავტოკრატიული მმართველობის სტილს მიაწერენ და ამბობენ, რომ არარუსების მიმართ მისი იმპერიალისტური პოლიტიკა განაპირობებს სწორედ ექსტრემისტების მიერ მსგავს ქმედებებს.
   მათი აზრით, ეს აქტი მიმართული იყო უცხოელების წინააღმდეგ. ეს იყო მესიჯი, რომ მათ მოსკოვისგან თავი შორს დაიჭირონ, რომ ის სახიფათო ადგილია. ტერაქტი მიმართული იყო ასევე 2014 და 2018 წელს გასამართი ჩემპიონატების წინააღმდეგ.
    ავსტრიელი მკვლევარი წერს, რომ რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ტერორისტული საფრთხე მას კიდევ დიდხანს დაემუქრება, რადგან ჩრდილო კავკასიაში არსებული კორუფცია, მძიმე ეკონომიკური ვითარება და რადიკალიზმი ხელს უწყობს ამ პროცესის განვითარებას.
Ø  შედეგები
   რუსეთში ბუნდესტაგის უფლებამოსილი ადრეას შოკენჰოფი აღნიშნული ტერაქტის შემდეგ რუსეთის მოსახლეობის პოლარიზაციის საფრთხის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ამის შემდეგ არარუსებს უფრო მეტი დისკრიმინაცია და ზეწოლა ემუქრებათ.
   აფეთქების შემდეგ რუსეთში კვლავ აღდგა ანტიიმიგრანტთა მოძრაობა, რომლებიც მოითხოვდნენ ჩეჩენი ტერორისტების ოჯახების კოლექტიურ პასუხიმსგებლობასა და ჩრდილოკავკასიიდან რუსეთში მიგრაციაზე ლიმიტის დაწესებას.
   რუსეთის დუმამ ხმარებაში შემოიღო ტერორისტული საფრთხეების სამდონიანი (სამფერიანი) სისტემა. ესენია: მომატებული (ლურჯი), მაღალი (ყვითელი) და კრიტიკული (წითელი). თითოეული მათგანის დროს უსაფრთხოების რა ზომები უნდა იქნას მიღებული, ამას პრეზიდენტი განსაზღვრავს.

No comments:

Post a Comment