11/14/2012

ქართულ-აფხაზური ნონსენსი - ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ და აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსი


  საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას პირველი გამოხმაურებები მოჰყვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მხრიდან. არაღიარებული ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, ის ისაუბრებს მასთან ვინც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა და მოვა მხოლოდ თანასწორ დონეზე. მისი თქმით, თუ ქართული ოცნება აფხაზეთის დაბრუნებაა, ეს ილუზორული ოცნებაა, ხოლო თუ ქართული ოცნება აფხაზეთთან სამშვიდობო შეთანხმებას გულისხმობს, მაშინ ამ საკითხის განხილვა შეიძლება. ანქვაბმა აღნიშნა, რომ აფხაზური მხარისთვის მთავარი საკითხი საქართველოსთან თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმებაა.
   აფხაზური მხარის ამ ინიციატივამ ბუნებრივად წარმოშვა შეკითხვები, რაც უკავშირდება მის უფლებებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან შესაბამისობაში. იმ პირობებში, როდესაც კონფლიქტს ასიმეტრიული ხასიათი აქვს, ანუ როდესაც მასში ჩართული მხარეების რესურსები განსხვავებულია თავისი არსით, მთელი რიგი სადავო საკითხი ჩნდება, რომელთაგან უმთავრესი მაინც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართლებრივ სტატუსს უკავშირდება. როდესაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მხრიდან მოდის შეთავაზება ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, ისმის შეკითხვა, ამ ვითარებაში ვისთან ურთიერთობს საქართველო? ვისთან აფორმებს ხელშეკრულებას? რა ტიპის ხელშეკრულება იქნება ეს? და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: ხელშეკრულების გაფორმება ხომ არ იქნება დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასი, ან წინაპირობა და ხომ არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ საქართველო აფხაზურ მხარეს უყურებს, როგორც თანასწორ სუბიექტს?

    მანამ სანამ, ამ საკითხების გარკვევას შევეცდები, თეორიულად მიმოვიხილავ იმ ცნებებს, რაც საკითხის დასმის დროს წარმოიშვა. კერძოდ, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის ისეთ მონაწილეს, რომელიც არა მარტო ფლობს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, არამედ ურთიერთობის სხვა მონაწილეებთან ერთად თვითონ ქმნის ამ ნორმებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას.
    თანამედროვე საერთაშორისო სამართალი გარკვეული მოცულობით სუბიექტად ცნობს ასევე თავისუფლებისთვის მებრძოლ ერს. გაეროს წესდების პირველი მუხლის მეორე პარაგრაფი და 55-ე მუხლი აღიარებს ერის თვითგამორკვევის უფლებას. მაგრამ სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტია. სუვერენულობა კი გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობას საშინაო საქმეებში და სხვა სახელმწიფოებისგან დამოუკიდებელ ასპარეზს საერთაშორისო დონეზე.
   საერთაშორისო ხელშეკრულების მხარედ გვევლინება მხოლოდ საერთაშორისო სამართლის სუბიექტები - სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცია. ხელშეკრულებების დადების მიმართ სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტი, სარგებლობს განუსაზღვრელი უფლებაუნარიანობით, რომელიც მისი სუვერენიტეტიდან გამომდინარეობს, ხოლო რაც შეეხება თავისუფლებისთვის მებრძოლ ერს, ის მხოლოდ იმ უფლებით სარგებლობს, რაც მისი ბრძოლის ფარგლებშია. თუმცა, მას სახელმწიფოს მსგავს უფლენაუნარიანობას იშვიათად ანიჭებენ. 
    აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართლებრივი სტატუსის, თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფმორმებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ექსპერტი საერთაშორისო სამართლის დარგში, ლევან ალექსიძე და საერთაშორისო სამართლის დოქტორი, კოტე კორკელია საუბრობენ:
- თუ ქართულმა მხარემ აფხაზეთთან თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, ამით ის ხომ არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას, გულისხმობს თუ არა ეს, რომ ის აფხაზეთს უყურებს, როგორც თანასწორ სამართალსუბიექტს?
ფოტო: IPN
- ლევან ალექსიძე: მოდით, გავარკვიოთ პირველი საკითხი: რა არის აფხაზეთი? აფხაზეთი ეს არის კონფლიქტის მხარე, რომელთანაც საქართველოს ხელშეკრულებები აქვს დადებული, მაგრამ ყველგან ხაზგასმულია, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. ავიღოთ უშიშროების საბჭო, რომელიც ამბობს, რომ პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის საზღვრებს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ისინი ხაზს უსვამენ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა. საქართველომ თავის ტერიტორიულ ნაწილთან დადოს ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ, ეს არის ნონსენსი. ასეთი შეთანხმება მას შეუძლია რუსეთთან გააფორმოს. მე მიმაჩნია, რომ აფხაზეთთან ამგვარი ხელშეკრულების დადება არის აღიარება იმისა, ჩვენ მას დე ფაქტო დამოუკიდებლად ვცნობთ.  ყველგან საქართველო და აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც მხარეები, მაგრამ ამავე დროს ნათქვამია, რომ კონფლიქტი უნდა გადაწყდეს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში.
- კოტე კორკელია: ჩვენ სწორად უნდა განვსაზღვროთ, რა არის, ზოგადად, სამართლებრივი აღიარება. ერთი მხრივ, სახელმწიფოს აღიარება სულ სხვა კონცეფციაა, ვიდრე რაიმე დოკუმენტის აღიარება. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო არ აღიარებს მეორე წარმონაქმნს, მაგრამ აღიარებს მის რაღაც დოკუმენტს. ასე რომ, სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ორი რამ უნდა გაიმიჯნოს. საქართველოს განზრახული არ აქვს აღიაროს აფხაზეთი და შესაბამისად, არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ვინმეს უნდა აფხაზეთის აღიარება, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის იმიტომ, რომ ჩვენ თუ ისინი ვაღიარეთ, ვთანხმდებით იმაზე, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სუბიექტი საერთაშორისო სამართლის და რომ საქართველოს უნდა თანასწორი ურთიერთობა ჰქონდეს მასთან. ეს ჩვენს მიდგომას, პოლიტიკას აბსოლუტურად ეწინააღმდეგება და არამგონია საქართველოში ვინმეს განზრახვა იყოს აფხაზეთის აღიარება.
-  ნიშნავს თუ არა დოკუმენტზე ხელის მოწერა დამოუკიდებლობის აღიარებას?
- კ.კ. არა. აფხაზეთი კონფლიქტის მეორე მხარეა. შესაბამისად, კონფლიქტის მეორე მხარედ აღიარება თავისთავად აღიარებას არ ნიშნავს. აფხაზებთან ჩვენ ისედაც გვაქვს ურთიერთობა ჟენევის ფორმატის ფარგლებში. თუნდაც ის, რომ სამშვიდობო ოპერაცია საქართველოში ხორციელდებოდა, ეს მოხდა ნებაყოფლობით. ანუ საქართველო დაეთანხმა, რომ, მაგალითად, დსთ-ს სამშვიდობოები საქართველოში შემოსულიყვნენ და აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულიყვნენ.  იგივე თანხმობა განაცხადა ასევე კონფლიქტის მეორე მხარემ, მაგრამ ეს არაც და არამც არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ისე, თითქოს საქართველო დაეთანხმა აფხაზეთის აღიარებას. ეს არის კონფლიქტის მხარე და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ.
-  თქვენ ამბობთ, რომ აფხაზეთი არის კონფლიქტის მხარე, მაგრამ არის ის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი? რა მახასიათებლები აქვს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს?
- ლ.ა. აფხაზეთი არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. სახელმწიფო იმ შემთხვევაში მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად, როდესაც მას აქვს ტერიტორია, გააჩნია მოსახლეობა, ხელისუფლება და უნარი, აწარმოოს საერთაშორისო ურთიერთობები, მაგრამ ეს სადავოა. აფხაზეთს აქვს ტერიტორია, მას ასევე გააჩნია ხელისუფლება და მოსახლეობა, მაგრამ ისმის კითხვა - რა მოსახლეობა? მისი მოსახლეობა არის მონო-ეთნიკური, მისი მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი ეთნიკური წმენდის შედეგად ტერიტორიიდან განდევნილია. ამიტომ ის ვერ აკმაყოფილებს იმ პოლიტიკური ერთეულის სტატუსს, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფოებრიობა. ის ძალით გამოეყო საქართველოს ტერიტორიას და სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მსოფლიო არ სცნობს მის დამოუკიდებლობას. შესაძლებელია, საქართველომ აფხაზეთს ქვეყნის შიგნით მისცეს მაქსიმალური უფლებები, მაგრამ საერთაშორისო დონეზე მას არავინ აღიარებს, ვინაიდან ესაა აგრესიული სეპარატიზმი, რომელიც ძალით გამოეყო დემოკრატიულ სახელმწიფოს და რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს დამოუკიდებლობის. როგორც კი მათ ესმით, რომ საქართველოს შემადგენელ ნაწილად განიხილებიან, მაშინვე ასრულებენ საუბარს.
-  კონფლიქტს საქართველოსა და აფხაზეთს შორის ასიმეტრიული ხასიათი აქვს. ასეთ ვითარებაში რა ტიპის ხელშეკრულება შეიძლება გააფორმონ მხარეებმა?
- ლ.ა. საქართველოს აფხაზეთთან შეუძლია დადოს შეთანხმება, რომელიც მის მოწესრიგებას შეეხება და გარკვეული უფლებებისა და პრივილიგიების მინიჭებას მოემსახურება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. ამგვარ ხელშეკრულებას არ ექნება საერთაშორისო ხასიათი. ჩვენ შეგვიძლია მათ საერთაშორისო რეგიონალურ ორგანიზაციებში მონაწილეობის უფლებაც მივცეთ, მაგრამ როგორც ნაწილმა.
-  კ.კ. ეს არ იქნება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც დებენ სახელმწიფოები და რაც განსაზღვრულია ვენის კონვენციით. საქართველოს რაიმე ხელშეკრულება რომ ჰქონდეს აფხაზეთთან, თუნდაც ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, არ  ნიშნავს ჩვენს მიერ აღიარებას და საერთაშორისო ხელშეკრულების დადებას. თუ საქართველომ ჩაწერა აფხაზეთთან ხელშეკრულებასთან მიმართებაში, რომ ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება და ის დადებულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ამ შემთხვევაში ეს უკვე მისი სუვერენიტეტის აღიარების მანიშნებელი იქნება. ასეთი რამე, არამგონია, ვინმემ გააკეთოს. ეს არის ჩვეულებრივი ხელშეკრულება. საერთაშორისო ხელშეკრულების დეფინიცია ვიცით, ვენის კონვენციიდან გამომდინარე. ხელშეკრულება, რომელიც იდება კონფლიქტის მეორე მხარესთან, ამის დეფინიცია არსად მოცემული არ არის. შესაბამისად, არსად წერია, რომ კონფლიქტის მეორე მხარესთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც არ აღიარებს ამ წამონაქმნს, სადმე განიმარტება. ასეთი რამე უბრალოდ არ არსებობს. მხარეთა განზრახვიდან, თუნდაც დოკუმენტის ტექსტიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, სახელმწიფო ამ ხელშეკრულებას მიიჩნევს დოკუმენტად, რომელიც მეორე მხარის სტატუსს აღიარებს, თუ არა. თუ ქართულმა მხარემ არ განიზრახა, ჩაწეროს, რომ ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, არავინ უნდა განმარტოს ეს დოკუმენტი, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულება, მითუმეტეს, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო არ აღიარებს და განზრახვა არ აქვს, რომ აღიაროს და ასეთი ხელშეკრულების დადება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული, როგორც საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარება.
- რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთთან თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმებას? რა რისკები და სარგებელი არსებობს ორივე მხარისთვის?
-  ლ.ა. აფხაზური მხარისთვის სარგებელია ის, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი მისი დამოუკიდებლობის აღიარების აღმნიშვნელი იქნება. ქართულ მხარეს კი მოთხოვნების წამოყენების საშუალება მიეცემა, რომელთაგან უმთავრესი დევნილების დაბრუნების საკითხია. რისკი იმაში მდგომარეობს, რომ რთულია აფხაზების ნდობა. რატომ უნდა მისცეს საქართველომ მას რამის პირობა?! ადვილი შესაძლებელია, მან ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა წამოიწყოს და საქართველომ ამ ფაქტს გარედან უყუროს?!  ამ შემთხვევაში კი წამქეზებელი მხოლოდ რუსეთია. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა დღეს არაფერს გააკეთებს მანამ, სანამ არ შეათანხმებს რუსეთთან.
-  კ.კ. გააჩნია ხელშეკრულების პირობებს. როგორც ასეთი, რისკი იმისა, რომ ეს ხელშეკრულება განიმარტოს დოკუმენტად, რომელიც აღიარებს აფხაზეთის სტატუსს, ასეთი რისკი არ არსებობს. თუნდაც ის მაგალითი ავიღოთ, რომ ევროსასამართლოში შეტანილია რამდენიმე სარჩელი, რომელიც ეხება აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევას. სტრასბურგის სასამართლომ რომც თქვას, ამ ტერიტორიას აკონტროლებს რუსეთი და ეს იურიდიულად დააფიქსიროს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეს ტერიტორია იურიდიულად ჩამოერთმევა, ან იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო აღიარებს მის რუსეთთან მიკუთვნებულობას. უბრალოდ, სასამართლო აფიქსირებს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე, რომელიც იურიდირულად საქართველოსია და რომელსაც დღეს აკონტროლებს რუსეთი, ან რუსეთის მხარდაჭერილი მარიონეტული ხელისუფლება, უბრალოდ კონტროლირდება რუსეთის მიერ. ასე რომ, ტექსტის არასწორ ჭრილში განმარტება არ უნდა მოხდეს.
-   რატომ წამოვიდა აფხაზეთის მხრიდან საქართველოსთან თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმების ინიციატივა იმ პირობებში, როცა მან იცის, საქართველო თავს არ დაესხმება? საქართველოს აფხაზეთზე თავდასხმა იგივე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიაა, ვინაიდან აფხაზეთს ზურგს სწორედ ეს უკანასკნელი უმაგრებს.
-   კ.კ. სწორი მიდგომაა, რასაც თქვენ ამბობთ. აქ არის სამართლებრივი ელემენტი და პოლიტიკური ელემენტი, რომლებიც ერთმანეთზე იმდენად გადაჯაჭვულია, რომ გამიჯნვა რთულია. ის რაც სააკაშვილმა განაცხადა (განცხადება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ. სტრასბურგი. ავტ.), ლოგიკური იყო და მეორე მხარესაც იგივე განცხადება უნდა გაეკეთებინა, თუ კონფლიქტის მოწესრიგებაზე ფიქრობს. მათ კი არამგონია, ამგვარი განზრახვა ჰქონდეთ და კონფლიქტის მოწესრიგებაზე ფიქრობდნენ. ამ შემთხვევაში სხვა სახის ნაბიჯებს გადადგამდნენ.
  აფხაზეთს სურს საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. დგამს ნაბიჯებს, საიდანაც თითქოს ჩანს კონფლიქტის მოგვარებისკენ სწრაფვა, თითქოს ის არის მშვიდობის მიღწევის ინიციატორი და მშვიდობისმყოფელის იმიჯს იმკვიდრებს.
-   გულისხმობთ აფხაზეთს, თუ რუსეთს?
-   კ.კ. ორივეს. მე მათ ცალ-ცალკე არ განვიხილავ.
- რა ფასად შეუძლია საქართველოს დათანხმდეს შეთანხმებაზე? რისი მოთხოვნა შეუძლია?
-  ლ.ა. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ფსოუდან შემოვიდეს რკინიგზა, საავტომობილო გზა და სხვა. თუ ეს მოხდება, უნდა მოხდეს ქართველი ხალხის დაბრუნების პროცესის პარალელურად. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად შეუქცევადი. ძირითადი საკითხი დევნილებში მდგომარეობს, რომელთაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით უპირობო დაბრუნების უფლება აქვთ.
  კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული მე ვამბობ, რომ აფხაზეთი არის კონფლიქტის მხარე,   რომელთანაც შეიძლება დაჯდე, ისაუბრო, გამონახო საერთო ენა, მაგრამ ეს არის უკანონოდ წართმეული ნაწილი, რომელსაც საქართველო ვერანაირ გარანტიას ვერ მისცემს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, ვინაიდან მსგავსი ხელშეკრულებები იდება სუვერენულ სახელმწიფოებს შორის. პირველ რიგში რუსეთმა უნდა დაუდოს საქართველოს შეთანხმება, რომ აღარ განმეორდება აგრესია.
-  კ.კ. საქართველოსთვის მთავარი საკითხია აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა. მხარეებს შორის ძირითადი პრობლემა არის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ისინი ვერ თანხმდებიან საწყის წერტილზე. ქართული მხარისთვის აფხაზეთი არის მისი ნაწილი და ეს ასეც არის. საერთაშორისო თანამეგრობრობა აფხაზეთის დამოუკდიებლობას არ აღიარებს. აფხაზეთი კი თვლის, რომ უკვე არის დამოუკიდებელი და შესაბამისად თანასწორ საბუძველზე სურს საქართველოსთან ურთიერთობის განსაზღვრა. ხდება ისე, რომ მხარეები თანხმდებიან, რომ ვერ თანხმდებიან. საწყისი წერტილი არის განსხვავებული. ერთიანი საწყისი წერტილი რომ იყოს, მხარეები სადღაც მივიდოდნენ. შესაბამისად ყოველი დასხდომა მოლაპარაკების მაგიდასთან ფიასკოთი სრულდება.
-  საქართველოს შეუძლია, იმგვარი პირობა წამოაყენოს, რომ ჯერ რუსეთმა გაუფორმოს მას  თავდაუსხმელობის ხელშეკრულება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი მხრიდან მსგავსი შეთანხმების დადება აფხაზეთთან?
-  ლ.ა.  სწორედ ამას ვამბობ. მაგრამ ისიც ვიცით, რომ რუსეთი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს. მას არ უნდა რაიმე გარანტია მისცეს საქართველოს და საქართველომ უნდა მოუწეროს ხელი აფხაზეთს თავდაუსხმელობაზე?!   
-   შეიძლება ეს ინიციატივა რაიმენაირად წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში?
-   კ.კ. მე ეს უფრო პოლიტიკური სპეკულაცია მგონია, ვიდრე გულწრფელი მცდელობა იმისა, რომ კონფლიქტი მოწესრიგდეს.
-   როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რატომ წამოვიდა ეს ინიციატივა? აფხაზები ელოდებოდნენ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას?
-    კ.კ. არამგონია. ჩემი აზრით, რაიმე ნიშანდობლივი და ხელმოსაჭიდი არაფერი არის, რაც  ფუნდამენტურად ცვლის მათ განწყობას. როგორც თვლიდნენ აფხაზეთს დამოუკიდებელ სუბიექტად, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა, ისე თვლიან ახლაც. მე ფუნდამენტურ სხვაობას მათ მიდგომაში ვერ ვხედავ.
   ინტერვიუების წაკითხვის შედეგად, მკითხველს საშუალება მიეცა გასცნობოდა შეფასებებს, სადაც მიუხედავად მთელი რიგი საერთო შტრიხისა, ფუნდამენტურ საკითხზე - თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე დათანხმების აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებად/არ აღიარებად ინტერპრეტირებასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული პოზიციები შეინიშნებოდა. ეს იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული ვითარებისადმი მიდგომას მკვეთრად ფორმულირებული აქსიომის სახე არ აქვს. ამ განსხვავებული მოსაზრებების ჩვენების მიზანიც სწორედ ის იყო, რომ მკითხველმა სხვადასხვა კუთხით დაინახოს საკითხის მომავალი განვითარების ტენდენციების ალბათობა.
   აფხაზური მხარის ინიციატივას თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე  საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი ეხმიანება. მისი თქმით, საქართველო ხელს ვერ მოაწერს მსგავს ხელშეკრულებას აფხაზეთთან, ვინაიდან ამ უკანასკნელს აქვს სტატუსის პრობლემა - საქართველოს ის არ უღიარებია. ზაქარეიშვილი ამ ინიციატივას აფასებს, როგორც შიშს მშვიდობიანი საქართველოსადმი. (ტაბულა) მისი თქმით, ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება საჭირო არ არის, რადგან მიხელ სააკაშვილმა საქართველოს სახელით სტრასბურგში ცალმხრივად აიღო ვალდებულება, რომ ცეცხლს არ განაახლებს. ახალი მთავრობა ამ პოზიციას გაიზიარებს. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ვითარების განსამუხტად ცეცხლის არგამოყენების ვალდებულება ახლა ცალმხრივად რუსეთმაც უნდა აიღოს. თუ ხელშეკრულებას მაინცდამაინც ხელი უნდა მოეწეროს, ეს ორმა სახელმწიფომ - რუსეთმა და საქართველომ უნდა გააკეთოს. (24 საათი)
   ამგვარად, სახეზეა სიტუაცია, როდესაც ერთი მხარე კონკრეტული სუბიექტის მიმართ აჟღერებს გარკვეული სახის ინიციატივას და შედეგად მსჯელობის საგანს წარმოადგენს ამ მიმართების ხასიათის დადგენა სამართლებრივ ჭრილში. ამ მიზნით, ანალიტიკურ შეფასებებს უკვე გავეცანით, ცნობილია ასევე საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პოზიცია მინისტრის დონეზე. ამას გარდა, შესაძლებელია სიმულაციური დაშვებების საფუძველზე გარკვეული სახის სცენარების შემუშავება და იმ ვარიანტების დასახელება, რაც თეორიულად მხარეებმა შეიძლება მოიმოქმედონ მოცემულ პირობებში. პირველი სცენარის მიხედვით, შესაძლებელია, აფხაზეთი საქართველოს მიერ აღქმულ იქნეს, როგორც თანასწორი სამართალსუბიექტი, რომელთანაც გაფორმდება საერთაშორისო დონის ხელშეკრულება, აფხაზეთის თვითგამოცხადებული სუვერენიტეტიდან გამომდინარე. საქართველოს მხრიდან ამ ხელშეკრულების გაფორმება გულისხმობს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ამ სცენარის განხორციელების შანსი მინიმალურია, ვინაიდან კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს - ის არ სცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
   მეორე სცენარის მიხედვით, აფხაზეთი აღქმული იქნება, როგორც საქართველოს შემადგენელი წევრ სუბიექტი და ხელშეკრულება გაფორმდება ფედერალურ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოსა (საქართველო) და მის შემადგენლობაში მყოფ ავტონომიურ ერთეულს (აფხაზეთი) შორის. აფხაზეთის მხრიდან ამგვარი შეთანხმების გაფორმება გულისხმობს მისი მხრიდან საქართველოს შემადგენლობაში ყოფნასთან შეგუებას. ამ სცენარის განხოციელების შანსიც მინიმალურია, ვინაიდან აფხაზეთის უმთავრესი მისწრაფება დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევაა.
   ვითარების გამოუვალობა აშკარაა და ამაზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში 20 წლიანი სტატიკური მდგომარეობაც მეტყველებს. მიუხედავად ამისა, ლევან ალექსიძე თავის დამოკიდებულებას კონფლიქტთან მიმართებაში ოპტიმიზმზე ამყარებს: ”რაც უფრო უკეთესად იცხოვრებს ქართველი ხალხი და უკეთესს დაინახავენ აფხაზები, მით უფრო დაინტერესდებიან ისინი. მათ სურთ საქართველოში გადმოსვლა, სწავლა, მკურნალობა, მაგრამ რუსები არ უშვებენ. ქართველებს უყვართ აფხაზები და ქართველების გარდა მათ პატრონი არ ჰყავთ. ვინც აფხაზეთში საქართველოს სასარგებლოდ ხმას ამოიღებს, მას კლავენ. ამიტომ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ თუნდაც ანქვაბი ლაპარაკობს გულწრფელად, თუმცა, ის რომ ნამდვილი აფხაზია და აფხაზეთის კეთილდღეობა უნდა, ჩემში ეჭვს არ ბადებს. აფხაზეთი პატარა ერია და წარმატებული საქართველოს ფარგლებში გაცილებით უფრო მეტს მიიღებს. კონფლიქტის მოგვარება შედარებით ქვედა დონეზე უნდა მოხდეს, ვიდრე ეს სამინისტროები და საელჩოებია, მაგრამ ეს რთულია, ვინაიდან ამ პროცესს აკონტროლებს რუსეთი. ამ კონტროლით კი უკვე აფხაზებიც აღშფოთებულები არიან. რაც დრო გავა, აფხაზები და ოსები მიხვდებიან, ვინ არის მათი მეგობარი,” - ამბობს ექსპერტი. ის უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ახალ მთავრობას და იმ პირობებში, როდესაც აფხაზების მხრიდან იმპულსები მოდის,  გონივრული ნაბიჯების გადადგმის იმედს გამოთქვამს. მისი აზრით, ვინაიდან მოლოდინი დიდია, ხელისუფლებამ უნდა გამონახოს სათანადო გზები აფხაზურ მხარესთან საურთიერთოდ.
   თავის მხრივ, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის რიტორიკა ქართულ მხარესთან მიმართებაში ექვსი თვეში შეიცვლება:  ”ექვსი თვის შემდეგ ჩვენ ვნახავთ ისეთ დინამიკას, რომ ანქვაბს ასეთი განცხადების გაკეთება (იგულისხმება ანქვაბის განცხადება საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის გამორიცხვასთან დაკავშირებით. ავტ.) არ დასჭირდება,” - ამბობს რეინტეგრაციის მინისტრი. (სააგენტო ”პირველი”)
    ისმის შეკითხვა, თუ რატომ წამოვიდა აფხაზეთის მხრიდან საქართველოსთან თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმების ინიციატივა იმ პირობებში, როცა მან იცის, საქართველო თავს არ დაესხმება, ვინაიდან ამ თავდასხმით ის მხოლოდ აფხაზეთის წინააღმდეგ კი არ მიმართავს აგრესიას, არამედ აფხაზეთის უკან რუსეთია და ეს იქნება ამ უკანასკნელის წინააღმდეგ მიმართული აგრესიაც, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ამ ინიციატივის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ აფხაზეთს სურს, ხაზი გაუსვას საკუთარ დამოუკიდებლობას და საერთაშორისო საზოგადოებას ანახოს, რომ საქართველოს თანასწორი სამართალ სუბიექტია. გარდა ამისა, შესაძლებელია აფხაზეთს სურვილი აქვს თავი უსუსურად წარმოაჩინოს საქართველოსთან მიმართებაში, რომელთანაც ის თავდაუსხმელობის შეთანხმებას აფორმებს და ამით მას საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველო გამოჰყავს, როგორც პოტენციური აგრესორი.
   ანალიზის შედეგად შესაძლებელია გამოიკვეთოს ის სარგებელი და რისკები, რაც თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში დაფიქსირდება როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარისთვის:

       1994 წლიდან დღემდე მოლაპარაკების პროცესის ჩარჩოებში არ აღინიშნება ქართული და აფხაზური მხარეების პოზიციების არსებითი დაახლოება. შექმნილი სიტუაციის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს მოლაპარაკებებზე მხარეების მიერ განსხვავებული პრიორიტეტების წამოწევა. მოლაპარაკების პროცესის დასაწყისში აფხაზური მხარე უშვებდა სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირების საკითხების განხილვის შესაძლებლობას. დროთა განმავლობაში მისი მთავარი ინტერესი აფხაზეთის ფაქტობრივი დამოუკიდებლობის აღიარებაზე იქნა მიმართული. საქართველოსთვის კი მოლაპარაკებებზე პრიორიტეტად ითვლება ლტოლვილების/დევნილების დაბრუნების პრობლემა. ამგვარ მდგომარეობას შედეგად მოლაპარაკების შეთანხმებული სტრატეგიის არქონამდე მივყავართ. თითოეული მხარე, პირველ რიგში, თხოულობს გადაწყვეტილების მიღებას მისთვის საინტერესო პრობლემაზე და მხოლოდ შემდეგ - ყველა დანარჩენ საკითხზე.
   საქართველო მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს აფხაზეთისთვის ერთიანი სახელმწიფოს ჩარჩოებში ყველაზე ფართო უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. აფხაზური მხარის აზრით, საქართველოს და აფხაზეთს შორის მოლაპარაკებების წარმოება ურთიერთობების ფორმის თაობაზე, უნდა ხდებოდეს ისე, როგორც ორ თანაბარუფლებიან სახელმწიფოს ახასიათებს.
       მოლაპარაკების პროცესები ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ხასიათდება იმით, რომ ისინი, როგორც წესი, არ იცავენ მიღებულ შეთანხმებებს. შეთანხმების დაცვის ნაცვლად, მხარეები მას იყენებენ ან საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად, ან ცალმხრივი სარგებლის მისაღებად, ან როგორც დროის გაყვანის საშუალებას. მიღებულ შეთანხმებებში დარღვევის სტიმული სჭარბობს მათი შესრულების სტიმულს. ამის ერთ-ერთი მიზეზია სანქციების მექანიზმის არარსებობა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში. დიდია უნდობლობა მათ შორის. თითოეული მხარე დარწმუნებულია, რომ მეორე არ შეასრულებს შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, მხარეები თავისთვის აკეთებენ დასკვნას, რომ არაა აუცილებელი შეთანხმების შესრულება. მყარი შეთანხმების უზრუნველსაყოფად კი აუცილებელია, მხარეებს არ ჰქონდეთ სტიმული შეთანხმების დარღვევისთვის.

No comments:

Post a Comment