12/26/2012

უჩვეულო ,,ვიზა’’ საზღვრის გადაკვეთისას და კონფლიქტი კვლავ მოუგვარებელია



-         - თქვენი საბუთები, ქალბატონო! - შუა ხნის აფხაზი მესაზღვრე მიმართავს მოხუც ქალს, რომელიც აფხაზეთიდან სამაგრელოს (!) საზღვარზე  გადასვლას ცდილობს.
-         -  აი, ჩემი საბუთები, - პასუხობს ქალი და იმ ხელჯოხზე მიუთითებს, რომლის გარეშეც მას სიარული არ შეუძლია.

შუა ხნის აფხაზ მესაზღვრეს ეღიმება და ქალს უპრობლემოდ ატარებს.



   ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების თაობაზე სხვადასხვა ვარიაცია არსებობს - თუ რომელ დონეზე უნდა მოგვარდეს ის: პირველზე, რაც გულისხმობს სამთავრობო დონეს, მეორეზე, რაშიც  არასამთავრობო სექტორია ჩართული და მესამეზე, რომელიც პროცესში მოქალაქეების ინტეგრირებას გულისხმობს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ორიენტირი ახალგაზრდა თაობაზეა აღებული, რომელთაც უნდა შესძლონ საერთო ენის გამონახვა აფხაზ თანატოლებთან და ამგვარად გარკვეული ნიადაგი მომზადდეს სამომავლო ურთიერთობის დათბობისთვის.
   რატომ ახალგაზრდები? ალბათ, იმიტომ, რომ მათში შედარებით ნაკლებად უნდა იყოს ომის ტკივილი, სიმწარე, სამაგიეროს მიზღვის სურვილი და ამიტომ უფრო მეტად ცივი გონებით იმოქმედებენ. თუმცა, აქვე მეორე მხარე: დავუბრუნდეთ ხელჯოხიანი მოხუცის საზღვარზე გადმოსვლის ისტორიას. მასში აფხაზი შუა ხნის მესაზღვრის ნაცვლად ახალგაზრდა მესაზღვრე რომ ყოფილიყო, ქალბატონის ,,ვიზა’’ არ გაჭრიდა. ჭაბუკი მკაცრ სახეს მიიღებდა, დირექტიულ ტონს დაიყენებდა, ღიმილზე ხომ საუბარიც ზედმეტია და ქალს ნამდვილი საბუთების ჩვენებას მოსთხოვდა.
   ზემოთ ახალგაზრდების მეშვეობით კონფლიქტის მოგვარებაზე ვსაუბრობდი. სინამდვილე კი ასეთია - დღევანდელი აფხაზი ახალგაზრდა უფრო მეტად მენტორული და მკაცრი იერის მორგებას ცდილობს. როდესაც მას ცივ გონებას ვუწინასწარმეტყველებდით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ცივი გონების გამოცნობაში გაგვიმართლა, აი, კონფლიქტის მოგვარების მცდელობაში კი შევცდით.
   ბუნებრივია, ამ ერთი მაგალითის განზოგადება რთულია. გარდა ამისა, ახალგაზრდა აფხაზი მესაზღვრის მესამე დონის დიპლომატიის ჩარჩოში მოქცევაც მიზანშეუწონელია, თუმცა, თუნდაც ამგვარი უტრირებით, გარკვეული კონტურების დანახვა მაინც შეიძლება სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი აფხაზის ცნობიერებაში გასარკვევად. ამ ერთი უბრალო მაგალითიდან ჩანს,  რომ ახალგაზრდა თაობა უფრო ხისტ პოზიციას იკავებს და ამის მიზეზი, ალბათ, ზემოდგომთა სიამოვნებაა. მას, სავარაუდოდ, უფრო მეტად აქვს ამბიცია იმისა, რომ პირნათლად შეასრულოს დირექტივა. ეს კი თავის წარმოჩენის საშუალებას მისცემს.
   ამ მაგალითს რომ გავცდეთ, რეალობა ასეთია: თანამედროვე ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების შეხვედრებისას ყოველთვისაა ბარიერები ურთიერთობაში და ეს სწორედ აფხაზების მხრიდან მომდინარეობს. ისინი ცდილობენ დისტანცია დაიჭირონ ქართველებთან და ძნელად იხსნებიან ინტერაქციისას.
   და მაინც, გამოსავალი?
  გამოსავალი ცნობიერების შეცვლაშია. აფხაზ ახალგაზრდებს არ უნდა ვესაუბროთ კონფლიქტური სიტუაციის ჭრილში. მათთან არ უნდა ვეცადოთ მტყუან-მართლის გარკვევა და ისტორიის ფესვების ძიება. აფხაზებთან ინტერაქცია უფრო მეტად კულტურულ და შემეცნებით კონტექსტში უნდა მოხდეს, რა დროსაც მათ ქართველის უპირატესობისა და დადებითი მხარეების დანახვა უნდა შესძლონ. ამით ორი მხარის ერთი თაობის დამეგობრებას შეეწყობა ხელი. ამ დონეზე დამეგობრება კი მომავალში ზედა დონეზე წინსვლის წინაპირობაც შეიძლება გახდეს.
   მომავალზე ვსაუბრობდით და ეს ის მომავალი უნდა იყოს, როდესაც აფხაზეთიდან საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში მიმავალ მგზავრს ,,ვიზა’’ არ უნდა სჭირდებოდეს.

6 comments:

  1. ამ კონფლიქტის მოგვარების მესამე გზის ძირითად ძალად ახალგაზრდა თაობის გამოყენება ერთის მხრივ გასაგები და გამართლებულია იმ არგუმენტით, რომ მათ ნაკლებად ახსოვთ ომის და მისი თანმდევი პროცესების ტკივილი. მაგრამ მეორე მხრივ, ამ ახაგაზრდებს აღარაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან. საქართველოში მყოფი ახალგაზრდები შეიძლება აფხაზეთში დაბრუნების იდეით იზრდებიან, მაგრამ იმავე შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე აფხაზ ახალგაზრდებში. მათ ალბათ დიდ გამარჯვებასა და ნანატრი დამოუკიდებლობის მოპოვებაზე უყვებიან. ამიტომ არცაა გასაკვირი, როცა ახალგაზრდების შეხვედრისას გაუცხოება შეინიშნება. მიდგომა არის რადიკალურად განსხვავებული. ერთ მხარეს უნდა, რომ დაუახლოვდეს მომავალში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივით. მეორეს კი უბრალოდ მეზობლობის აღდგენის მიზანი ამოძრავებს, ალბათ.
    როგორც უკვე თქვი, მოტივები უნდა შეიცვალოს. კულტურული გაცვლა-გამოცვლა უნდა იყოს ეს შეხვედრები, დაახლოება, თანამშრომლობა და არა მტყუან-მართლის გარჩევა, შერიგება და სხვა.

    მაკო

    ReplyDelete
    Replies
    1. მაკო,

      ძალიან სწორად ჩაწვდი იდეას

      Delete
    2. რაღაცა დოზით ამ პროცესში ძველი თაობის ინტეგრირებას როგორ უყურებ? მაგალითად, ვისაც კარგად ახსოვს ძველი, ოღონდ სასიამოვნო ძველი, ორივე მხარეს. ვისაც შეუძლია, კარგი მეზობლობის და ურთიერთგაგების მაგალითი მისცეს ახალ თაობას. რომ დაახლოება არ იყოს აბსტრაქტული რაღაც, გაურკვეველი და წარმოსახვაში ბუნდოვანი, კეთილი სურვილი, არამედ კონკრეტული გამოცდილების მაგალითზე სასურველი და მისაღწევი მიზანი.

      Delete
    3. ზოგადად, მივესალმები სახალხო დიპლომატიას, როგორც ძველი, ისე ახალი თაობის მონაწილეობით, თუმცა, პრიორიტეტული ჩემთვის მაინც ახალგაზრდობაა იმ აზრით, რომ ’ახალი ფურცლიდან’ იწყება ფიქრი. ე.წ. ძველი თაობის პირობებში 20 წელია კონფლიქტი გაყინულია.

      Delete
    4. მაშინ წინასწარ უნდა შევთანხმდეთ, რა მიზნით ვიწყებთ დიალოგს, რომ შესაბამისი დიპლომატია და მისი ხერხები გამოვიყენოთ. თუ ჩვენ "აფხაზეთის დაბრუნება" გვინდა, ამას მხოლოდ ახალი თაობის ხარჯზე ვერ შევძლებთ, რადგან ... სტატიაშიც წერია და მეც აღვნიშნე კომენტარში.
      ხოლო თუ ჩვენ იმიტომ ვიწყებთ დიალოგს, რომ აფხაზეთი ჩვენი უშუალო მეზობელია, ორივე მხარეს ჯერ კიდევ ნათესაური კავშირები არსებობს, ეკონომიკურად ორივესთვის მომგებიანი იქნება კეთილმეზობლობა და სხვა, მაშინ სხვა პოლიტიკური რეალობის აღიარება დაგვჭირდება წინაპირობად, რომელიც შესაძლებელია, შორეულ პერსპექტივაში კვლავ შერწყმა-შეერთებას არ გამორიცხავდეს, მაგრამ მოკლე და საშუალო პერიოდში ამაზე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს.

      სანამ ჩვენი მოტივი გულწრფელად არ იქნება ღიად გაცხადებული, მანამდე აფხაზი ახალგაზრდები არ გვენდობიან.

      Delete
    5. მე არ მგონია, ჩვენი თაობა ამავე თაობაში ყოფნის პერიოდში აფხაზეთს დაიბრუნებს. ჩვენი თაობის მიზანი სწორედ აფხაზების კეთილგანწყობის მოპოვებაა. ჩვენ არ ვიბრუნებთ მხოლოდ მიწას, ჩვენ ვიბრუნებთ ხალხს. ჩვენდამი მტრულად განწყობილ ხალხს კი ნამდვილად ვერ დავიბრუნებთ. ჩვენი მიზანია ’ვეკეკლუცოთ’, ’ვეპრანჭოთ’, დავანახოთ, რომ ჩვენთან თავს კომფორტულად იგრძნობენ. ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი და არაფრის დიდებით მენტორული პოზიცია, ჩვენ უნდა წავიდეთ კომპრომისებზე. მოკლედ, გვერდზე უნდა გადავდოთ პოლიტიკა. კულტურა, ეკონომიკა და მისთანები უნდა იყოს სასაუბრო ენა.

      Delete