1/23/2013

კოჰაბიტაციის საჭიროება კოალიციანტებს შორის


   საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ერთ-ერთი სიახლე, რაც ქართულმა საზოგადოებამ იგემა, ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში ახალი სიტყვის,   კოჰაბიტაციის გამოჩენაა. ტერმინმა პოპულარობა სწრაფად მოიპოვა და ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ან ასოთწყობითაა მოხდენილი, ან იმის გამო, რომ ქართველებს გვიყვარს უცხოური ტერმინების ქართულ სალაპარაკო ენაში ხშირი გამოყენება. მესამე ვარიანტიცაა - ქართულ რეალობაში პირველადაა ისეთი სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი ერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია, პარლამენტი კი მეორე. საჭირო იყო ამ ვითარებისთვის რაიმე სახელის დარქმევა. ვარიანტი ,,კოჰაბიტაცია’’ კი დასავლურმა ელიტამ შემოგვაშველა და ჩვენც ავიტაცეთ.  მოკლედ, კოჰაბიტაცია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ახალი მოდური ტენდენციაა და მისით ,,შემოსვა’’ ხელისუფლებისა (კოალიცია ,,ქართული ოცნება’’) და მთავარი ოპოზიციური ძალის (ნაციონალური მოძრაობა) უმთავრესი პრეროგატივაა.

   კოჰაბიტაცია ფრანგული სიტყვაა (Cohabitation)  და თანაარსებობას, თანაცხოვრებას ნიშნავს. ტერმინი კარგად გამოხატავს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობის ხასიათს, როდესაც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პრეზიდენტი სისტემური წყობიდან გამომდინარე იძულებულია დანიშნოს პრემიერ-მინისტრობის ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტისთვისაა მისაღები, პარლამენტში კი უმრავლესობას სულ სხვა პოლიტიკური ძალა წარმოადგენს. კოჰაბიტაცია სათავეს საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის კონსტიტუციიდან იღებს, როდესაც ეს ქვეყანა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა. პრემიერისა და პრეზიდენტის მსგავსი ,,თანაცხოვრება’’ სწორედ  ამ ტიპის მმართველობის პირობებშია შესაძლებელი.
   ამგვარად, ოქტომბრიდან მოყოლებული ქართულ პოლიტიკურ ვითარებას კოჰაბიტირებული ხასიათი აქვს, რისკენაც აქტიური და პერმანენტული მოწოდებები დასავლური თანამეგობრობის მხრიდანაც  ისმის. ხელის ჩამორთმევა, შეხვედრები, ერთობლივი ფოტოები, განცხადებები, კომპრომატები, გაკიცხვა, ლანძღვა - ეს ყველაფერი ახლა უკვე კოჰაბიტაციის ჩარჩოებში ევალებათ ოპონენტებს. სწორედ კოჰაბიტაცია აძლევს ამ ყველაფერს ახსნას, აძლევს ფორმას და განსასჯელად უდებს საზოგადოებას.
   კოჰაბიტაციამ იმდენად მრავლისმთქმელი და ყოვლისშემძლე დატვირთვა შეიძინა, რომ გაჩნდა სურვილი მისი ემპირიულ მნიშვნელობას გაცდენილი, მაგრამ მასვე დაფუძნებული მნიშვნელობით გამოყენებისა. უფრო კონკრეტულად კი კოჰაბიტაცია კოალიცია ,,ქართული ოცნების” რიგებში.
   ამის საჭიროება ბოლო დროინდელმა მოვლენებმა განაპირობა, რა დროსაც გახშირდა საუბრები კოალიციის შიგნით განხეთქილების არსებობის შესახებ, რომ თითქოს ,,მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა’’ და ა.შ. მთავარ დაპირისპირებულ ძალებად რესპუბლიკური პარტია და პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” მოიაზრებიან. პირველი მათგანი ქვეყნის საპარლამენტო წყობის მომხრეა და მას ეს მხარდამჭერი პოზიცია თავის წინასაარჩევნო პროგრამაშიც უწერია,  ხოლო მეორეს კი ყოველთვის ჰქონდა გამოკვეთილი პოზიცია ,,ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის ტიპის სასარგებლოდ ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობის თანხლებით. ’’
   დღევანდელი ყველაზე აქტუალური თემა კი ბიძინა ივანიშვილის მიერ  ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობის პოსტიდან დათხოვნა იყო. მიუხედავად უმრავლესობის წევრების და  მათ შორის თვით ალასანიას ოფიციალური განცხადებებისა, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელის აღნიშნული თანამდებობიდან განთავისუფლება მისთვის დამატებითი ფუნქციების მოხსნასა და მთლიანად თავდაცვის სტრუქტურაზე კონცენტრირებას ემსახურება, ერთი შეხედვით ბოლომდე დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. მითუმეტეს ფონი იმგვარია, რომ ალასანიას ”ორი დღის წინ მძიმე საუბარი ჰქონდა” პრემიერთან, რა დროსაც საკითხი სწორედ საპრეზიდენტო კანდიდატის თემას შეეხებოდა. როგორც ალასანიას საუბრებიდან ირკვევა, მან თავის პარტიაში პრემიერისგან დამოუკიდებლად გაიარა კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, რაც ივანიშვილის შეშფოთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა ბრძანება ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან დათხოვნის შესახებ.
   ბუნებრივია, კოალიცია თავის თავში პლურალიზმს მოიაზრებს. ბუნებრივია ისიც, რომ, როცა საქმე პლურალიზმთან გვაქვს, იქ აზრთა სხვადასხვაობაც ჩვეულებრივი მომენტი ხდება.  მაგრამ როდესაც ამ კოალიციას არჩევნები ახალი მოგებული აქვს, როდესაც საზოგადოება გამადიდებელი შუშებით შეიარაღებული ელოდება მისგან შედეგების დადებას თუ არა, დაწყებას მაინც, ადამიანებში იმ განცდის გაჩენა, რომ კოალიცია კოჰაბიტაციას საჭიროებს, საკმაოდ ნაადრევია. ახლად არჩეულ კოალიციას ხალხის მიერ მინიჭებული 4 წლიანი სახელისუფლებო ვადა იძულებით ,,თანაარსებობად’’ არ უნდა გადაექცეს. თუ კოჰაბიტაცია პოზიცია ოპოზიციის ურთიერთობისას დადებითად მოდურ ტენდენციად იქცა საზოგადოებაში, კოალიციის შიგნით კოჰაბიტაციის მოთხოვნას ამგვარი პოზიტიური ელფერი ნამდვილად არ ექნება. საზოგადოებას სულაც არ სურს კოჰაბიტირებული სახელისუფლებო კოალიცია ჰყავდეს. აზრთა და იდეათა სიუხვე კარგია, პლურალიზმიც მასთან ერთად, მაგრამ კონცეპტუალურ საკითხებზე ერთაზრიანობა ხელისუფლების სათავეში მყოფი კოალიციის მისამართით საზოგადოების უმთავრესი გზავნილია.

2 comments:

  1. კარგი წერილია.

    ჯერ კოჰაბიტაცას შევეხები, როგორც ტერმინს. როგორც ზემოთაც წერია, ყველამ აიტაცა ეს სიტყვა და ლამის, ახალშობილებს კოჰაბიტაცია დაარქვეს. მეორე კომიზმი ამ ტერმინთან დაკავშირებით კი ისაა, რომ ვიღაც "ჭკვიანმა" რაღაც ხნის შემდეგ ლექსიკონში ჩაიხედა და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობაც შემოაგდო საზოგადოებაში, რის მერეც უფრო ჭკვიანებმა, ვიდრე უბრალოდ მოდას აყოლილები არიან, ქართული თარგმანი აიტაცეს და ყველა ბრუნვაში აბრუნეს, მათ შორის საგარეო პოლიტიკის ბრუნვაშიც. მაშინ, როცა პოლიტიკურ კონტექსტში კოჰაბიტაცია წმინდად შიდაპოლიტიკური მოვლენაა და საქართველოს რუსეთთან კოჰაბიტაცია ვერანაირად გამოუვა, ცხვარმა და მგელმა ერთად ძოვაც რომ დაიწყოს. რადგან კოჰაბიტაცია თანამმართველობას ნიშნავს და არა თანაარსებობას, მისი პირდაპირი თარგმანისგან განსხვავებით. ხოდა, როცა ჟურნალისტი ეკითხება პოლიტოლოგს, საქართველოსა და რუსეთის კოჰაბიტაცია როგორ წარმოგიდგენიათო, მას ან საერთოდ არ ესმის ამ სიტყვის აზრი. ან იმას ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია გახდება და მერე როგორღაც საქართველოს გუბერნატორი რუსეთის იმპერატორთან თანამშრომლობას გასწევს. აი, ასეთ აპოკალიფსურ სურათს ვიღებთ ამ კითხვიდან გამომდინარე.

    ახლა რაც შეეხება კოალიციაში გაჩენილ ბზარსა და კოჰაბიტაციის აუცილებლობას. ივანიშვილისთვის იმთავითვე ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ რაღაც დონეზე აზრთა სხვადასხვაობა იარსებებდა და შესაძლოა, საარჩევნო ბლოკი პარლამენტში შესვლის შემდეგ ბლოკად კი აღარ დარჩენილიყო, არამედ სამთავრობო კოალიცია შეექმნა მხოლოდ, სადაც ყოველი მასში შემავალი პარტია გარკვეულწილად თავის პარტიულ ხაზსაც გააგრძელებდა.
    მე უფრო ივანიშვილთან ვხედავ პრობლემას, ვიდრე ალასანიასთან. გუშინდლამდე განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, ივანიშვილს აქვს ამბიცია, ერთპიროვნულად "შექმნას ისეთი დემოკრატია, რომ ევროპელებიც გააოცოს". როგორი კეთილი სურვილებიც არ უნდა ამოძრავებდეს ამ პატიოსან ადამიანს, ძალაუფლების ერთი კაცის ხელში მოხვედრა ყოველთვის მიდის ხელისუფალის გარყვნამდე. არაა აუცილებელი, ის მაინცა და მაინც სააკაშვილისეულ მეთოდებამდე დავიდეს. ხელისუფალის გარყვნად შეიძლება მოვიაზროთ თუნდაც ის, რომ ივანიშვილმა ვერ აიტანა ალასანიას და მისი პარტიის განსხვავებული აზრი და პოლიტიკურად სრულიად უსუსური ნაბიჯი გადადგა: ალასანია ჩამოაშორა ვიცე-პრემიერობას. ამ სვლით ივანიშვილი ვერ ჩამოიშორებს მთლიანად ალასანიას და მისი პარტიის იმ აქტივს, რომელის პარლამენტშია და რომლის მხარდაჭერაც დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.
    აქედან გამომდინარე, გუშინ გავრცელებული განცხადება ალასანიას ჩამოქვეითებასთან დაკავშირებით სხვა არაფერი იყო, თუ არა ფეხების ბაკუნი.

    მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სამთავრობო მოდელზე საუბარი არჩევნებამდე არ არსებობდა, არ იყო შეთანხმება ივანიშვილსა და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის, რომ წმინდად საპარლამენტო მოდელზე გადაიყვანდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებით ქვეყანას, არ უნდა ყოფილიყო ალასანიასა და მისი პარტიის განსხვავებული აზრი ღალატად აღქმული.

    ძალიან მიხარია, რომ კოალიციის შიგნით ბზარი გაჩნდა. რადგან აქამდე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რასაც აკეთებდნენ, იყო ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის თავიდან აცილებისკენ მიმართული ღონისძიება. კოალიციის შიგნით კი არ განიხილებოდა საკითხები დიფერენცირებულად. ახლა იძულებული იქნებიან, კარგად აწონ-დაწონონ თითოეული მოდელის ავ-კარგი.

    მაკო

    ReplyDelete
    Replies
    1. მაკო,

      პირველ რიგში მადლობა გამოხმაურებისთვის და ასეთი ვრცელი მიმოხილვისთვის:)
      გეთანხმები - პრობლემა, ნამდვილად ივანიშვილშია. მრავალპარტიულ კოალიცია ადრე თუ გვიან აზრთა განსვლას რომ მოიტანდა, ამაში ეჭვი არავის უნდა შეჰპარვოდა. სწორად შეაფასე მისი ამბიცია, იყოს ერთპიროვნულ მმართველი. ერთპიროვნული მმართველობა, როგორც ვიცით, ავტოკრატიული რეჟიმისთვის დამახასიათებელი უმთავრესი შტრიხია. საქართველოში კი მეეჭვება, ვინმეს ჰქონდეს სურვილი ამგვარი მმართველობის ქვეშ იცხოვროს. მე ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ ამ ადამიანს, როგორც პოლიტიკოსს და უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კი ადვილი შესამჩნევია მისი მოუქნელობა ამ კუთხით.

      Delete