12/05/2010

ნოე ჟორდანიას არჩევანი


   1917 – 1921 წლები, ეს ის პერიოდია, როდესაც დგას საქართველოს თვითგამორკვევის საკითხი, როდესაც ქვეყანა ყალიბდება, როგორც სახელმწიფოებრივი მექანიზმი და როდესაც მას ეძლევა შანსი საერთაშორისო არენაზე დამოუკიდებლად ასპარეზობისა.
  დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოში რუსეთის 1917 წლის რევოლუციის პირველივე დღეებიდან იჩენს თავს. სწორედ ეს რევოლუცია იძლევა სერიოზულ შესაძლებლობას წამოიჭრას საქართველოს საკითხი, როგორც საჯარო სამართლის საკითხი რუსეთში, მაგრამ მხოლოდ ბოლშევიკური გადატრიალება და პირველი მსოფლიო ომის შედეგად წარმოქმნილი პოლიტიკური კონიუქტურა შესაძლებელს ხდის ამ საკითხის საერთაშორისო სამართლის ნიადაგზე გადაწყვეტას.
  რუსეთის რევოლუციას მოჰყვა რუსეთის იმპერიიდან ამიერკავკასიის გამოყოფა, სადაც იქმნება ამირკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (ოზაკომი). ამიერკავკასია შედეგად აშკარად ეთიშება ცენტრალიზებული რუსული სახელმწიფოებრიობისა და საზოგადოებრიობის ჩარჩოებს. თუმცა, ამიერკავკასიის სახელმწიფოების ერთობლივი პოლიტიკურური ქმედებები დიდხანს არ გაგრძელებულა. ამის მიზეზი ხდება პოლიტიკურ ასპარეზზე არსებული თურქეთი, რომელიც შლის სუსტ, მოუწყობელ, ომითა და რევოლუციით შერყეულ ამიერკავკასიის აგლომერატს. მას უჭირავს ბათუმი, ოზურგეთი, ახალციხე, აბასთუმანი, ასევე დაკავებული აქვს სომხური პროვინციები. შედეგად კი აუცილებელია მასთან მოლაპარაკებები და გარკვეულ კომპრიმისებზე წასვლა, კერძოდ, 1914 წლის საზღვრების შენარჩუნება და სომხეთის ავტონომიის მოთხოვნა, თუმცა, სწორედ ამ პერიოდში ფორმდება ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის მიხედვითაც ყარსის, ბათუმის და არდაგანის ოლქები ეთმობა თურქეთს. გარდა ამისა თურქეთი ბათუმში გამართულ კონფერენციაზე აყენებს სახელშეკრულებო ახალი ტექსტს, რომელიც სხვა ეკონომიკურ პუნქტებთან ერთად მოიცავს პრეტენზიას ახალციხისა და ახალქალაქის ფლობაზე. ეს თავის მხრივ არ აწყობს სომხებს, ვინაიდან რკინიგზის ხაზი: ყარსი-ალექსანდროპოლი, ალექსანდროპოლი-სპარსეთი, თურქეთის ხელში გადადიოდა. სწორედ ამ პოლიტიკური ვაჭრობისას ხდება ამერკავკასიის წევრი სახელმწიფოების დაშლა _ მუსულმანური  აზერბაიჯანი ბუნევრივად სცილდება აგლომერატს. მასში მუსულმანური თურქებიდან ჯიშის ძახილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შიიტებისა და სუნიტების დიდხნიანი შუღლი. მარტო ეს გარემოებაც კი გამორიცხავს ამიერკავკასიის ერთიანი საგარეო პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობას. ამიერიდან თითოეულ მის ნაწილს თავად უნდა ეზრუნა საკუთარ თავზე. სწორედ ამას მოჰყვა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს და ასევე მის წინაშე დგება საკითხი, თავად მოძებნოს პარტნიორები სადავო საკითხების გადაწყვეტისას. საქართველოს მთავრობის თავჯდომარედ არჩეულ იქნა ნოე ჟორდანია. 
  დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოსთვის დგება საკმაოდ რთული პერიოდი, რაშიც იგულისხმება ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვრების გამიჯვნასა და ტერიტორიების გადანაწილებასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, აზერბაიჯანი მას ზაქათალის ოლქს, მუსლიმებით დასახლებულ ბორჩალოსა და ახალციხის მაზრების ნაწილს ედავება. სომხეთი ახალციხის, ახალქალაქის მაზრებს ეცილება და ასევე პრეტენზია აქვს თბილისზე, გორზე, ბათუმსა და ბათუმის ოლქზე. თურქეთის პრეტენზიების შესახებ ზემოთ უკვე ითქვა, დამატებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ მათი პრეტენზიების შედეგად საქართველო კარგავს 350 ათას მცხოვრებს და 9500 კმ. ტერიტორიას.
  მეტად მნიშვნელოვანია ამ პერიოდში რუსეთში არსებული მდგომარეობა. 1917 წელს მოხდა ბოლშევიკური რევოლუცია, რომელსაც აქტიურად უპირისპირდება მოხალისეთა არმია. “თეთრ გვარდიად” წოდებულ ამ მოხალისეთა არმიას სათავეში გენერალი დენიკინი უდგას. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მოხალისეთა არმიასთან პირველი შეხება უწევს მაშინ, როდესაც მისმა ჯარმა აფხაზეთში შემოჭრილი ბოლშევიკური რაზმები უკუაქცია და ქალაქები ტუაფსე და სოჭი დაიკავა. ეს ტერიტორიები ხდება სწორედ ჩრდილოელ მეზობელთან დავის საგანი, რასაც სამხედრო დაპირსპირების საშიშროებაც მოჰყვება. თუმცა, ეს ორი ძალა, საქართველო და მოხალისეთა არმია, იმ პერიოდში აღიქმება, როგორც ბოლშევიზმთან შეწინააღმდეგების საშუალება. თავის მხრივ, საქართველოს შეთავაზებები მოსდის ბოლშევიკთა ლიდერის, ლენინისგან, რომელიც მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ კავშირის დადებას სთავაზობს. ამ შემოთავაზებას არ თანხმდება ნოე ჯორდანია, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ჩართული აღმოჩნდება რუსეთის სამოქალაქო ომში.
 ამ პერიოდში ასევე მნიშვნელოვანია რეგიონით ევროპული სახელმწოფიების დაინტერესებაც. ის სახელმწიფოები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მიმდინარე პროცესებში არიან გერმანია და ინგლისი. გერმანია არის პირველი, რომელთანაც საქართველოს დემოკრატიულმა სახელმწიფომ დიპლომატიური ურთიერთობას ამყარებს. საქართველოს ის თურქეთთან არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სჭირდება. კერძოდ, გერმანია გამოდის, როგორც მედიატორი ამ ორ სახელმწიფოს შორის. მან უნდა უზრუნველყოს საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, შედეგად 1918 წლის 28 მაისს მათ შორის იდება შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გერმანია საქართველოს დაემხარება მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის მოგვარებასა და საზღვრების უზრუნველყოფაში, სანაცვლოდ ის მიიღებს ფოთის ნავსადგურის, წიაღისეულისა და ნედლეულის ექსპლოატაციის უფლებას. ასევე შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს საქართველოზე გამავალი რკინიგზა.
  გერმანიისგან განსხვავებით, ინგლისის ჯარები საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოუწვევიათ. ბრიტანელი მეომრებით დაკომპლექტებული მოკავშირე სახელმწიფოთა სამხედრო ძალა კავკასიაში პირველი მსოფლიო ომის ე.წ. “მემკვიდრეობით” აღმოჩნდა, რის მიხედვითაც, ინგლისი რეგიონის მეთვალყურედ იქცა. სწორედ ინგლისი ასრულებს შუამავლის როლს საქართველოსა და მოხალისეთა არმიას შორის. მისი ინიციატივით ტოვებენ ქართველები აფხაზურ ტერიტორიებს, რასაც მოჰყვა ამ ტერიტორიების დენიკის მიერ დაუფლება. ამავე ინგლისის დამსახურებაა ლოიალური ურთერთობის დამყარება დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ვინაიდან მოკავშირეებს საქართველო და “თეთრი გვარდია” ბოლშევიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად სჭირდებათ.
  რაც შეეხება საქართველოს წინაშე მდგარ პრობლემებს; მისი ტერიტორიული მდებარეობა შეიძლება მოვიაზროდ სწორედ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. რუსეთისთვის იგი წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთში შეღწევის საშუალებას, აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის _ დასავლეთთან დაკავშირების საშუალებას, ხოლო ევროპის ორი დაპირისპირებული ბანაკისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს პირველ რიგში მდებარეობა აზიის გზასაყარზე და მასზე გამავალი რკინიგზა, რომლის მეშვეობითაცYმოახერხებენ სპარსეთთან დაკავშირებას და მეორე მხრივ, დასავლეთი დაინტერესებულია საქართველოში არსებული ბუნებრივი რესურსებით. შედეგად, რამდენადაც მიმზიდველი და სასარგებლოა მეზობელი და არამარტო მეზობელი სახელმწიფოებისთვის, იმდენად კონფლიქტში ჩართული გვევლინება ის. მის წინაშე დგას პრობლემა, რომ თითოეულ მეზობელთან მოაგვაროს საზღვრების დაწესებისა და ტერიტორიული გადანაწილების პრობლემა; მის ინტერესებშია ასევე რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარება მსოფლიო ქვეყნების მიერ და ასევე მთავარი მიზანია უსაფრთხოების გარანტიების მიღება, რაც მოხერხდება მისი ერთა ლიგაში მიღების შემთხვევაში.
ნოე ჟორდანიას შემდეგი ალტერნატივები გააჩნია:
  • კავშირის დამყარება სამთა კავშირის სახელმწიფოებთან.
  • კავშირის დამყარება ანტანტის წევრ სახელმწიფოებთან.
  • კავშირი რუსეთის სახელმწიფოსთან.
  • დამოუკიდებელი კავკასიური კონფედერაციის შექმნა, რომელშიც გაერთიანდება ყველა ამიერკავკასიის სახელმწიფო.

  რაც შეეხება კავშირის დამყარებას სამთა კავშირის წევრ სახელმწიფოებთან, აქ, ბუნევრივია იგულისხმება გერმანიის დახმარება. ამ ალტერნატივის დადებით მხარეს წარმოადგენს ის, რომ შედეგად საქართველოს არ ექნება პრობლემები თურქეთთან, მშვიდობიანად მოგვარდება საზღვრების განაწილებასთან დაკავშირებული კონფლიქტი და შესაბამისად, ტერიტორიებზე დავა  შეიძლება მოგვარდეს თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანთანაც. გარდა ამისა, საქართველო მიიღებს ეკონომიკურ დახმარებასაც. საქართველოსთან კავშირით სარგებელს ნახულობს ასევე გერმანიაც, ვინაიდან ამ ქვეყნის სახით მას კავკასიაში ეყოლება დასაყრდენი, სადაც შეეძლება თავისი ბაზების განლაგება ინგლისთან მომავალი დაპირისპირების შემთხვევაში. ასევე გამოიყენებს მასზე გამავალ რკინიგზას და დაუკავშირდება მესოპოტამიასა და ირანს და განახორციელებს ნავთობის ტრანზიტს. თუმცა, არსებობს უარყოფითი მომენტებიც. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ბრესტ-ლიტოვსკის ზავის არსებობა, რის მიხედვიაც გერმანიას რუსეთის წინაშე გააჩნია ვალდებულებები. ამ პირობებში მას რუსეთის ნების გარეშე გაუჭირდება საქართველოს სუვერენინეტის აღიარება და მისი საზღვრების დაწესება. ასევე გერმანია არის პირველი მსოფლიო ომის დამარცხებული ქვეყანა და მას გაუჭირდება საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა იქიდან გამომდინარე, რომ ერთა ლიგა თითქმის მის წინააღმდეგაა შექმნილი გამარჯვებული სახელმწიფოების მიერ. ვინაიდან საქართველოსთვის უსაფრთხოება ასოცირდება ერთა ლიგაში წევრობასთან, ძნელი დასაჯერებელია ერთა ლიგამ თავის ლიგებში გერმანიის მოკავშირე მიიღოს.
  შემდეგი ალტერნატივა ესაა კავშირის დამყარება ანტანტის სახელმწიფოებთან, კერძოდ კი ინგლისთან. საქართველოსთვის ეს იქნებოდა უსაფრთხოების გარანტი, იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისი არის ერთა ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გარდა ამისა, ინგლისის ინტერესებშიც შედის საქართველო, როგორც სტრატეგიული მდებარეობის მქოდე სახელმწიფო აზიასთან ურთიერთობაში და საქართველო, როგორც ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი. ინგლისთან ურთიერთობით საქართველოს ეძლევა შანსი მოიპოვოს უფრო მეტი ქვეყნის პოლიტიკური აღიარება და ინგლისთან ურთიერთობა გულისხმობს ასევე ეკონომიკურ სარგებელსაც. თუმცა, უარყოფით მხარეს წარმოადგენს საქართველოს შანსები ერთა ლიგაში შესვლასთან დაკავშირებით, რის ხელისშემშლელადაც შეიძლება მოვიაზროდ სწორედ ის მუხლი, რომელიც საქართველოსთვის იმედის მომცემია, კერძოდ, ქვეყნის დაცვა გარე აგრესიის შემთხვევაში. ამის გათვალისწინებით საეჭვო იქნებოდა, რომ ლიგას კონფლიქტურ რეგიონში არსებული ქვეყნის დაცვის ვალდებულება აეღო საკუთარ თავზე.
  რუსეთთან კავშირი საქართველოსთვის საწყის ეტაპზევე უარყოფითად შეიძლება მივიჩნიოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში საქართველოს ყველა ნაბიჯი მიმართულია დამოუკიდებლობის აღიარებისკენ და საშინაო ჩაუვრევლობის მიღწევისკენ. რუსეთთან შეერთება კი გულოსხმობს საქართველოს, როგორც სუვერენული ერთეულის გაქრობას და იმ პოზიციების დაბრუნებას, რაც იყო 1917 წლის რევოლუციამდე. ამასთან ერთად, საქართველოს მოუწევს სამოქალაქო ომში ჩართვაც. რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობისადმი თავიდანვე უარყოფითი იყო და მას მტრულ ქვეყნად მიიჩნევდა. საწყის ეტაპზე მის წინააღმდეგ რაიმე ღონისძიებას სამოქალაქო ომის გამო ვერ ახორციელებდა და ასევე შემაკავებენ ფაქტორს წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ გერმანიის შემდეგ კი ინგლისის სამხედრო ნაწილების ყოფნაც. გარდა ამისა, რუსეთისთვის საქართველო არის ძირითადი დასაყრდენი ბაზა კავკასიაში, საიდანაც მას შეეძლება აწარმოოს შეტევები მტრების წინააღმდეგ. მისი მიზანია შავი ზღვის ე.წ. დახურულ შტაბად გადაქცევა, რაც მას აზიაში ბატონობის საშუალებას მისცემს.
  რაც შეეხება დამოუკიდებელი კავკასიური კონფედერაციის შექმნას; ამ კონფედერაციას ქვაკუთხედად უნდა დაედოს შემავალი ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობა, მაგრამ ამავე დროს უნდა მოხდეს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთისგან მომავალი აგრესიის შემთხვევაში ეს კონფედერაცია გამოვა როგორც ერთი სუბიექტი. ამით მიიღწევა მეზობელ სახელმწიფოებთან ტერიტორიული დავის საკითხიც გადაწყვეტაც, თუმცა ამ შემთხვევაში ნაკლები იქნება თვითონ კონფედერაციის მდგრადობის გარანტიები, ვინაიდან ეს იგი თავის თავში გულისხმობს მრავალი კონფლიქტური პუნქტის არსებობას, გარდა ამისა, ის ხასიათდება რელიგიური სიჭრელით, რაც გამოიწვევს იდეოლოგიურ დაპირისპირებებს და ეს აისახება პოლიტიკაზეც. ასევე ამ კონფედერაციას არ ექნება უსაფრთხოების გარანტიები, ვინაიდან ჩრდილოეთით არსებობს რუსეთი, სადაც ბოლშევიზმი აქტიურად იკიდებს ფეხს და რომელიც აუცილებლად გამონახავს დროს ძველი ვითარების აღსადგენად, კერძოდ ამიერკავკასიის მისაერთებლად.
  საბოლოოდ ავირჩევთ ანტანტასთან კავშირს. მაგრამ ვინაიდან ამ ალტერნატივის უარყოფით ფაქტორად მივიჩნიეთ ერთა ლიგაში ვერ შესვლის შესაძლებლობა და შედეგად უსაფრთხოების ნაკლები გარანტიები, საქართველომ უნდა მოახერხოს ისე, რომ ინგლისის წინაშე წარსდგეს როგორც ნაკლებ კონფლიქტური ქვეყანა, კერძოდ, უნდა მოაგვაროს კონფლიქტები სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, იქნება ეს სამხედრო ძალით, როგორც მოახერხა აფხაზეთის შემთხვევაში, თუ დიპლომატიური გზით. გარდა ამისა, მან უნდა დაარწმუნოს ინგლისი ბოლშევიზმიდან მომავალი საფრთხეების სიმწვავეში და უნდა აჩვენოს, რომ თუ რუსეთი ამიერკავკასიის სახელმწიფოებს კვლავ მიიერთებს, ეს მოკავშირე სახელმწიფოებისთვის საფრთხის მომასწავებელი იქნება. 

No comments:

Post a Comment