1/11/2010

წინასაარჩევნო ვითარება უკრაინაში


   2010 წლის 17 იანვარს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სულ 18 კანდიდატია დარეგისტრირებული. გამოკითხვების მიხედვით, წინასაარჩევნო მარათონს “პარტია რეგიონების” ლიდერი ვიკტორ იანუკოვიჩი ლიდერობს. მისი მთავარი კონკურენტი კი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკოა, რომელიც ლიდერს 13-15%-ით ჩამორჩება. ქვეყნის პრეზიდენტს, ვიკტორ იუშენკოს არჩევნებში გამარჯვების პრაქტიკული შანსებიც კი არ გააჩნია. საპრეზიდენტო კანდიდატების მიახლოებითი რეიტინგი წინასაარჩევნოდ კი ასეთია: 

ეს შედეგები ადასტურებს თებერვლის დასაწყისში მეორე ტურის გამართვის აუცილებლობას, რადგან ვერცერთი კანდიდატი ვერ აგროვებს ხმათა 50%-ზე მეტს, რაც ერთი ტურის ჩატარებისთვისაა აუცილებელი.
  ვიქტორ იუშენკოს რეიტინგზე საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც დსთ-ს წევრებიდან ყველაზე მძლავრად სწორედ უკრაინაზე იმოქმედა. კრიზისი აისახა პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოს წინასაარჩევნო იმიჯზეც და მოწინააღმდეგეებს სერიოზული კრიტიკის საფუძველიც მისცა. იმავე კრიზისმა კი იანუკოვიჩის წარმატება განაპირობა, ვინაიდან ოპოზიციის ლიდერი ვერ იქნება დამნაშავე ეკონომიკურ სტაგნაციაში. ექსპერტების მოსაზრებით, პირველად არის შექმნილი ისეთი სიტუაცია, როდესაც მეორე ტურის პროგნოზირება რთული ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იციან მარათონის ორი ლიდერის ვინაობა. პოლიტიკური ბრძოლა წინასაარჩევნოდ საკმაოდ დაძაბულია.  არჩევნები მკაცრი კონტროლით ჩატარდება. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1500-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი უკვე დაარეგისტრირა.
   ისტორიული მიმოხილვა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა, რომლის პირველი პრეზიდენტიც 1991 წელს გახდა საბჭოთა კომუნისტური ნომენკლატურის წარმომადგენელი ლეონიდ კრავჩუკი. 1994 წელს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოვიდა შედარებით პროდასავლური კანდიდატი ლეონიდ კუჩმა, რომლის მმართველობაც 10 წელს გაგრძელდა. 2000-2001 წლებში პრეზიდენტის წინააღმდეგ აგორდა ოპოზიციური მოძრაობა სახელწოდებით “უკრაინა კუჩმას გარეშე”, რომელსაც 2001 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან განთავისუფლებული ვიკტორ იუშენკო შეუერთდა. 2004 წელს გაიმართა მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მეტოქეები არსებული და ყოფილი პრემიერ-მინისტრები ვიკტორ იანუკოვიჩი და ვიკტორ იუშენკო იყვნენ. არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა იანუკოვიჩმა, რასაც მოჰყვა პოლიტიკური კრიზისი, ვინაიდან მოწინააღმდეგე ბანაკმა არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია. კრიზისი მასიურ გამოსვლებში გადაიზარდა, რამაც რევოლუციის სახე მიიღო და ეწოდა “ნარინჯისფერი რევოლუცია”. მისი მთავარი აქტორები ვიქტორ იუშენკო და იულია ტიმოშენკო იყვნენ. რთული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე სასამართლომ გააუქმა მეორე ტურის შედეგები და დანიშნა ხელახალი არჩევნები, სადაც გამარჯვება ვიკტორ იუშენკომ მოიპოვა.  მისი პრეზიდენტობის პერიოდში რამდენჯერმე შეიცვალა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. საწყის ეტაპზე ეს თანამდებობა იულია ტიმოშენკოს ეკავა, მათ შორის მომხდარი განხეთქილების შედეგად პრემიერ-მინისტრი იუშენკოს ყოფილი მოწინააღმდეგე იანუკოვიჩი გახდა, რომელიც პრეზიდენტმა არასწორი კურსის გამო დაითხოვა და მთავრობის მმართველად 2007 წელს ისევ ტიმოშენკო დაინიშნა, თუმცა, დაძაბული სიტუაცია მასსა და პრეზიდენტს შორის თავიდანვე არსებობდა.  2010 წელს კი მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, სადაც მთავარ კონკურენტებად, როგორც უკვე აღინიშნა, იანუკოვიჩი და ტიმოშენკო გვევლინებიან.

   დეტალები: 
ვიკტორ იანუკოვიჩი – ყველაზე პოპილარული პოლიტიკოსია უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში. სწორედ ეს რეგიონები გვევლინებიან მის ყველაზე აქტიურ მხარდამჭერებად. 
წინასაარჩევნო პროგრამა: “მუშა ქვეყანა საიმედო მომავალია” - პროგრამა მოიცავს კონკურენტუნარიანი ეკონომიკური და თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნას. პროგრამის თანახმად, თითოეულ მოქალაქეს თავისუფლად ცხოვრების და მუშაობის საშუალება მიეცემა. მასში გაწერილია მთელი რიგი სოციალური საკითხები, რაც გულისხმობს ომის ვეტერანების, პენსიონერების, ქალთა უფლებების, ბავშვთა საკითხებს, განათლების სისტემასა და მედიცინის სფეროს. აქცენტი გაკეთებულია ასევე მედიის თავისუფლებასა და ნაციონალური ინტერესების დაცვაზე.  პროგრამის მიხედვით, უკრაინაში მოხდება რუსული ენის თავისუფალი გავრცელება, გარდა ამისა, სხვადასხვა ეთნოსებისა და ნაციონალური კულტურების განვითარება. პროგრამა გულისხმობს საკონსტიტუციო, სასამართლო, ადმინისტრაციულ და სამხედრო რეფორმების ჩატარებას, უკრაინის ჩართვას საერთაშორისო და რეგიონალურ პროცესებში, ევროინტერგაციისკენ სწრაფვასა და ინტენსიურ თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან.



იულია ტიმოშენკო _ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრისა და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პუპულარული პოლიტიკოსის მხარდამჭერად მოსახლეობის ის ნაწილი გვევლინება, რომელმაც 2004 წელს ვიკტორ იუშენკოს მისცა ხმა. ეს ნაწილი კი უკრაინის დასავლეთსა და ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობაა.
წინასაარჩევნო პროგრამა: “მე მჯერა უკრაინის” – პროგრამა გულისხმობს რეფორმებს ჯანდაცვის, განათლების, სამხედრო, სასამართლო, აგრარულ და ადმინისტრაციულ სფეროებში. ტიმოშენკოს უმთავრესი მიზანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. პროგრამაში გაწერილია ინიციატივა ეკონომიკური ინოვაციის შესახებ, რაც გულისხმობს მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან დახსნას. პროგრამა გულისხმობს ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, ინვესტიციების მოზიდვასა და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. რაც შეეხება საერთაშორისო არენას, უკრაინა მოექცევა ევროპულ სტანდარტებზე, რაც იქნება წინაპირობა  ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ტიმოშენკო გეგმავს მეგობრული ურთიერთობის დამყარებას როგორც რუსეთთან, ისე დსთ-ს სხვა ქვეყნებთანაც.



ვიკტორ იუშენკო _ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც 2004 წლის “ნარინჯისფერი რევოლუსიის” შემდეგ უკრაინაში რეიტინგი საგრძნობლად შეუმცირდა. ამის მიზეზად კი ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური არეულობა სახელდება.
წინასაარჩევნო პროგრამა _ ექსპერტები ვიკტორ იუშენკოს 2010 წლის წინასაარჩევნო პროგრამას სუსტ პროგრამად მიიჩნევენ იმის გამო, რომ ის სულ რაღაც 35 პუნქტისგან შედგება, მაშინ როცა წინა საპრეზიდენტო პროგრამა 62 პუნქტიანი ჰქონდა. იუშენკოს წინასაარჩევნო შტაბი კი განმარტავს, რომ პრეზიდენტი არ არის შეპყრობილი წინასაარჩევნო პოპულიზმით. იუშენკო არ ცვლის კურსს და ახალ საპრეზიდენტო ვადაშიც იმ ქმედებების განხორციელებას აპირებს, რაც პრეზიდენტოვის წინა ვადაში დაიწყო. პროგრამის მთავარი მესიჯებია სიტყვის თავისუფლების შენარჩუნება, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვა, 2017 წლამდე შავი ზღვის ფლოტიდან რუსული ჯარების გაყვანა. იგი გულისხმობს ასევე საკონსტიტუციო რეფორმას, რომლის ფარგლებშიც იუშენკო აპირებს 100 დღის ვადაში მოახდინოს არსებული კონსტიტუციის ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაითხოვს უმაღლეს რადას. პროგრამის უმეტესი ნაწილი ეთმობა იმ ქმედებების აღწერას, რაც იუშენკომ თავისი პრეზიდენტობის ვადაში განახორციელა. ამის გამო ექსპერტები მას 1999 წლის კუჩმას წინასაარჩევნო პროგრამასაც ადარებენ.  ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისადმი მოსახლეობის ინტერესი არ იყო დიდი, მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ პრეზიდენტის პოლიტიკა ნაკლებად უკავშირდება მის პროგრამას.

წინასაარჩევნო მაქინაციები – დაპირისპირებები და შესაძლო კავშირები
  წინასაარჩევნოდ უკრაინაში აქტიურად საუბრობენ იუშენკოსა და იანუკოვიჩის შესაძლო კავშირის შესახებ. კერძოდ, ვარაუდობენ, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში იანუკოვიჩი პრემიერის პოსტს სწორედ იუშენკოს გადასცემს. მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ამ ორი კანდიდატის მხრიდან იშვიათია ურთიერთსაწინააღმდეგო კომპრომატების გაჟღერება. თუმცა, ეს ეჭვი ორივე მათგანმა სატელევიზიო გამოსვლებში გააბათილა. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს მოსაზრება ტიმოშენკოს ბანაკიდან მოდის და ემსახურება იმ მიზანს, რომ ხალხი მათ წინააღმდეგ განაწყოს. ამ ფაქტიდანაც კი ვლინდება, რომ იანუკოვიჩი და იუშენკო ტიმოშენკოს წინააღმდეგ გაერთიანებულები არიან.  გამოკვეთილი პოლიტიკური მტრობა აკავშირებს იუშენკოს ტიმოშენკოსთან. პრეზიდენტი პრემიერს იმაში ადანაშაულებს, რომ რეაქცია არ გამოხატა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს კონფლიქტზე, ასევე იმაში, რომ პოზიციას არ აფიქსირებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებისა და რუსული ჯარების შავი ზღვის ფლოტიდან გაყვანის საკითხებზე. მათ შორის უთანხმოებას იწვევს ურთიერთსაწინააღმდეგო ბრალდებები კორუმპირებულობასთან დაკავშირებით, განხეთქილების საბაბი გახდა ასევე გაზის კონფლიქტების დროს პუტინისა და ტიმოშენკოს შეთანხმება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იუშენკო კონკურენტს ანტინაციონალიზმში სდებს ბრალს.
უკრაინაში განვითარებული მოვლნების საქართველოზე შესაძლო ასახვა
  ქართველებმა შესაძლოა უკრაინაში არჩევნები წააგონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იუშენკო დამარცხდება, რაშიც უკვე ეჭვი არავის ეპარება. ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, დღესდღეობით გამარჯვების რეალურ კანდიდატად იანუკოვიჩია მიჩნეული, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას აფიშირებული მეგობრული სახე აღარ ექნება. დგება საკითხი, მისი ქვეყნის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, აღიარებს თუ არა ის აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იანუკოვიჩი ყირიმის ფაქტორიდან გამომდინარე ნაკლებმოსალოდნელია ამ ნაბიჯზე წავიდეს. მან საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა ასევე რუსეთ-საქართველოს აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ. ეს ნაბიჯი კი შეიძლება იმით აიხსნას, რომ მას წინ არჩევნები ელოდა, რისთვისაც რუსული ფული და მხარდაჭერა სჭირდებოდა. დღესდღეობით საქართველოსა და უკრაინას სერიოზული სამხედრო კონტრაქტები აქვს, რომელსაც იანუკოვიჩი გაპრეზიდენტების შემთხვევაში გააგრძელებს, რადგან მის ინტერესებში არ შედის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, თუმცა, დროთა განმავლობაში შესაძლოა ამ თანამშრომლობის მასშტაბები შემცირდეს.
  რაც შეეხება ტიმოშენკოს გაპრეზიდენტების ასახვას საქართველოზე; არც ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ არსებული მეგობრული ურთიერთობის გაგრძელებას ორ ქვეყანას შორის. ტიმოშენკოს პოზიცია არ დაუფიქსირებია აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, გარდა ამისა, რუსეთთან მან შეთანხმებებს მიაღწია ენერგოსაკითხებთან დაკავშირებით. გამომდინარე აქედან, მისი მმართველობის პერიოდში უკრაინა საქართველოს პარტნიორი ვერ იქნება ვერც ნატოში გაწევრიანების საკითხში და ვერც რეგიონული პრობლემების მოგვარების საკითხში.
   დასკვნა: 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სერიოზული საბაბი არსებობს იმისა, რომ უკრაინა პრორუსულ გეზს აიღებს. ამ მოსაზრებას ამყარებს ფაქტი, რომ მეორე ტურში გასვლის რეალური კანდიდატები კრემლისგან მხარდაჭერილებად მიიჩნევიან. გარდა ამისა, უკრაინაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, რუსეთთან დაახლოებას მხარს მოსახლეობის 51% უჭერს.
  უკრაინაში არსებული წინასაარჩევნო ეს ქაოსი თამამად შეიძლება შეფასდეს, როგორც დემოკრატიული პროცესი, ვინაიდან სახეზეა არჩევნები, სადაც ქვეყნის პირველ პირს გამარჯვების მინიმალური შანსებიც კი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მის ხელთაა ადმინისტრაციული რესურსები. უკრაინელი მოსახლეობა მისგან მხოლოდ არჩევნების დემოკრატიული გზით ჩატარებას ითხოვს.












No comments:

Post a Comment