3/17/2010

“იმედის” მიერ იმიტირებული, საზოგადოების მიერ რეალობად აღქმული და რუსული მედიის მიერ დეტალურად გაშუქებული სიუჟეტი... მოტივირებული იმიტაცია


13 მარტი, საღამოს 8 საათი...
ტელეკომპანია იმედის ეთერში “ქრონიკა” იწყება.
წამყვანი _ ლაშა ხარაზიშვილი.
სტუდია _ ნამდვილად “იმედის”.
ერთი შეხედვით მაყურებელს არაფერი აეჭვებს საინფორმაციო გამოშვების ნამდვილობაში. რეალურად კი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად შოუ იწყება. დიახ, შოუ, რომელიც მწარე მომავლის ინსცენირებას წარმოუდგენს მაყურებელს, რომელსაც ჯერ კიდევ ჰგონია, რომ საინფორმაციო გამოშვებას უყურებს და თანაც პირდაპირ ეთერში. გაოცების, პანიკისა და შიშის ნახევარმა საათმა განვლო მთელს საქართველოში. ეს ის ნახევარი საათი იყო, რომლის დროსაც “ჩვენს ქვეყანაში რუსული ჯარიც შემოვიდა, ტერიტორიებიც დაიბომბა, ქართველმა ხალხმა პრეზიდენტიც დაკარგა და ქვეყანაში სრულმა დაუმორჩილებლობამ დაიმკვიდრა ადგილი”. ამ დროს ტელეეკრანს მიჩერებული მაყურებლის მდგომარეობა კი, ალბათ, ადვილი წარმოსადგენია _ მოქალაქეების დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო იმაში, რომ საქართველოში ომი დაიწყო...


13 მარტის მოვლენები აქტიურად გაშუქდა რუსულ მედიაში. რუსული "პირველი არხის" ეთერში რამდენიმე რეპორტაჟი მომზადდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც რუსულ ახრს ჟურნალისტი გრიგოლ რობაქიძე თბილისიდან აწვდიდა. მისი შეფასებით საქართველო ინსცენირებული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ მასიურმა პანიკამ მოიცვა. რეპორტაჟში მან დეტალურად აღწერა ის სიტუაცია, რაც იმ დროისთვის თბილისში იყო და რუსი ტელემაყურებლების ყურადღება მიაპყრო იქითკენ, რომ ეს სიუჟეტი იყო დეზინფორმაცია, რომ მისი ეთერში გაშვებით დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები და რომ ტელეკომპანია “იმედმა” ქართველ ხალხზე ექსპერიმენტი ჩაატარა.

სკანდალურ ექსპერიმენტად აფასებს იმიტირებული სიუჟეტის “იმედის” ეთერში გასვლას რუსული გამოცემა “კომერსანტიც”. გარდა მოვლენის დეტალური აღწერისა, ის მკითხველს ქართული ოპოზიციონერების პოზიციას ამცნობს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ამით ქართველ ამომრჩევლებს მაისში გასამართი მერობის არჩევნებისთვის ამზადებს. რუსული პირველი არხისგან განსხვავებით, გამოცემამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე წუთში გავლენიანი არხის “რუსთავი 2“-ის ეთერით თბილისის მერი გიგი უგულავა გამოვიდა, რომელმაც აღნიშნულ ფაქტს “მოსახლეობის ნერვებით თამაში უწოდა”. “კომერსანტის” ჟურნალისტის თქმით უგულავა სააკაშვილის ახლო მოკავშირეა. გამოცემა “იმედის” თემას უთმობს მორიგ სტატიასაც, რომელშიც უკვე საუბარია მარეგულირებელი კომისიის დასკვნაზე, რომლის გადაწყვეტილებითაც ტელეკომპანიამ დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი, თუმცა, მის წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ გამოუყენებიათ და არ ჩამოურთმევიათ ლიცენზია.

იმიტირებულ სიუჟეტს ეხმაურება რუსული ელექტრონული გამოცემა “იტარ-ტასიც”, რომელიც ასევე დეტალურად აღწერს მოვლენებს. იგი მკითხველს სთავაზობს “იმედის” გენერალური დირექტორის გიორგი არველაძისა და მიხეილ სააკაშვილის პრეს-სამსახურის უფროსის მანანა მანჯგალაძის კომენტარებს.

განხილული არცერთი რუსული მედია საშუალება არ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სიუჟეტის გასვლამდე იყო გამოცხადებული, რომ ეთერში გადიოდა იმიტირებული გადაცემა. თითოეული მათგანის ინფორმაციით, ტელემაყურებელს სიუჟეტის მცდარობის შესახებ ცნობა მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ მიაწოდეს.

მოტივირებული იმიტაცია – სიუჟეტი, რომელმაც ქართული საზოგადოება წარმოაჩინა, როგორც ადვილად მანიპულირებადი ობიექტი, ქართული მედია წარმოაჩინა, როგორც მართვადი და ეთიკის კოდექსების დამრღვევი, ქართული ხელისუფლება წარმოაჩინა, როგორც ძალადობრივი...

მაშ, რა მიზანს ემსახურებოდა “მოტივირებული იმიტაცია”?

No comments:

Post a Comment