7/04/2012

”მასთ ქერი” - არადამაკმაყოფილებლად დაკმაყოფილებული მოთხოვნა


   საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და შედეგად წინასაარჩევნო აქტივობები სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს. ეს ის პერიოდია, როდესაც სამოქალაქო სექტორის საქმიანობა ყველაზე აქტიურ ხასიათს იღებს და როდესაც ხელისუფლების მხრიდან დათმობებზე წასვლის ალბათობა ყველაზე დიდია. დემოკრატიულობის რიტორიკიდან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს წინასაარჩევნო პერიოდი მაქსიმალურად ეფუძნებოდეს ’ხალხის მმართველობის’ ფასეულობებს და ამისთვის ის იძულებულია უსმინოს საზოგადოების კარნახს. საზოგადოების ნაკარნახევის მოსმენა კი მას ე.წ. შუამავლის - სამოქალაქო სექტორის (არასამთავრობო ორგანიზაციები) მეშვეობით შეუძლია. ეს უკანასკნელიც, როგორც უკვე ითქვა, განსაკუთრებით სწორედ წინა საარჩევნოდ აქტიურდება და ცდილობს მიაღწიოს იმ მინიმალურს, რასაც ხელისუფლების მხრიდან მოსმენა ჰქვია და იმ მაქსიმალურს, რასაც ხელისუფლების მხრიდან დათმობაზე წასვლა ჰქვია. ერთი სიტყვით - ცდილობს მიაღწიოს სამართლიანობას.
   სამოქალაქო ერთ-ერთი აქტივობა, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში აქვს ადგილი, ესაა ”მასთ ქერის” (must carry) პრინციპის დანერგვის მოთხოვნა არასამთავრობო სექტორის მიერ. ეს პრინციპი საკაბელო ოპერატორებს წინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო ბადეში ყველა ტელევიზიის ჩასმას ავალდებულებს. ”მასთ ქერი” კოალიცია “ეს შენ გეხებაში” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული  კომპლექსური საკანონმდებლო ინიციატივის ნაწილია. იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება წინასაარჩევნო პერიოდში თვალი ადევნოს ქართული ტელეარხების ეთერს, არასამთავრობოთა კოალიციამ ”ეს შენ გეხება” პარლამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ ”მასთ ქერის” ანიჭებენ. (რადიო ’თავისუფლება’). კოალიციას საკანონმდებლო წინადადების ინიცირების მიზნით 30 000 ხელმოწერის შეგროვება დაეველა. შედეგად კი პარლამენტმა მე-3 მოსმენით 103 ხმით 0-ის წინააღმდეგ  სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­ს­ში "მასთ ქე­რის" პრინ­ცი­პის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის პრო­ექ­ტი დაამტკიცა. საარჩევნო კოდექსის 51- მუხლს მე-17 პუნქტი დაემატა, რომლის მიხედვითაც, ”საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან  არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში. ამ პუნქტის სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება ტრანზიტული გავრცელებისთვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.” (‘netgzeti’)
   სიტყვა-სიტყვით  "მასთ ქერი" ,,უნდა გაატარო" ნიშნავს. ეს სქემა პირველად ამერიკაში განახორციელეს, სადაც ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, საკაბელო ოპერატორები მთავრობამ ნებისმიერი სატელევიზიო სიგნალის გატარებით დაავალდებულა.
   ერთი შეხედვით სახეზეა ფაქტი, სადაც წინასაარჩევნოდ სამოქალაქო სექტორმა ხელისუფლებას წამოუყენა მოთხოვნა, ამ უკანასკნელმა კი ის დააკმაყოფილა. ისმის შეკითხვა, არსებობს თუ არა კმაყოფილების საბაბი? რამდენად პროდუქტიულია ხელისუფლების მხრიდან მსგავსი დამთმობელი ნაბიჯი? არის თუ არა ეს ის, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ითხოვდა?
   არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების აღნიშნულ საკითხთან ურთიერთობისას, ბუნებრივია, აზრთა შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი. საწყის ეტაპზე ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა ამ ინიციატივის მიღებას იმ მიზეზით, რომ ეს იქნებოდა კერძო ბიზნესში სახელმწიფოს ჩარევა. მისი აზრით, საკაბელო კომპანიებს თვითონ უნდა გადაეწყვიტათ ტელევიზიების მაუწყებლობის საკითხი. მსგავსი ჩარევა შეზღუდავდა როგორც კონკურენციას, ისე რეალურად იმის საშუალებას, რომ ამ ბიზნესში მეტი ინვესტიციები ჩადებულიყო. თუმცა, ეს დაბრკოლება გადაილახა, ვინაიდან ხელისუფლებამ განსაზღვრა, რომ მართალია სა­ხელ­მ­წიფო­ კერ­ძო ბიზ­ნე­სე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მი­ნი­მა­ლუ­რად უნ­და ჩარეულიყო, მაგრამ სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, მაინც სპე­ცი­ფი­კუ­რია, რა დროსაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს. უფრო მეტიც, პარლამენტის თავჯდომარემ სახელისუფლებო ინიციატივაც გააჟღერა, რაც ”მასთ ქერის” შემავსებელია და რაც ”მასთ ოფერად” *(must offer) იწოდება. იგი გულისხმობს წინადადებას, რომ ყველა სატალევიზიო არხმა ყველა საკაბელო კომპანიის მომსახურებით უნდა ისარგებლოს წინასაარჩევნო პერიოდში. ამ ინიციატივით კი ხელისუფლება თითქოს არასამთავრობოთა ენით ამეტყველდა - ”მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. (’24 საათი’)
   არასამთავრობო სექტორის უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ კანონში ცვლილება მხოლოდ ორთვიან პერიოდს მოიცავს. იგულისხმება, რომ კერძო საკაბელო ოპერატორებს სახელმწიფო მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ავალდებულებს ბადეში ყველა ლიცენზირებული არხის ჩასმას. ამ შემთხვევაში უკმაყოფილების საგანია ის, რომ საზოგადოებას არჩევნების შედეგებისთვის თვალყურის დევნების საშუალება არ მიეცემა. მნიშვნელოვანი კი სწორედ ისაა, რომ დათვლის პერიოდი იყოს მოსახლეობის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ. ამ შემთხვევაში მთავრობის კონტრარგუმენტი შემდგომში მდგომარეობს: არჩევნების შემდეგ ის არ დაავალდებულებს კერძო საკაბელო კომპანიებს მაუწყებლობის სიგნალის შეჩერებას. ”თუ სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი და სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხ­მე­ბას მო­ა­ხერ­ხე­ბენ, ამას სა­ხელ­მ­წი­ფო მხო­ლოდ მხარს და­უ­ჭერს და წა­ა­ხა­ლი­სებს. არ­ჩევ­ნე­ბის დღეს დამ­თავ­რ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩა­რე­ვა კერ­ძო ბიზ­ნე­სის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თუმ­ცა, თუ ის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გაგ­რ­ძელ­დე­ბა, რო­მელ­საც მათ სა­ხელ­მ­წი­ფო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ აკის­რებს, ეს  მხარ­და­ჭე­რი­ლი იქ­ნე­ბა და წა­ხა­ლის­დე­ბა,"-  აცხადებს დავით ბაქრაძე. (’24 საათი’)
   აქედან იმგვარი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ხელისუფლება თითქოს პასუხისმგებლობას იცილებს და მის კერძო კომპანიებზე  გადამისამართებას ახდენს. ამ შემთხვევაში ხომ მხოლოდ ნაწილობრივ ეფექტური შედეგი დგება არასამთავრობო სექტორისთვის, რომლის მიზანიცაა საქართველოში მედიის პლურალისტური გარემოს შექმნა და მოსახლეობისთვის განსხვავებული აზრის გამტარებელი ტელევიზიების მიწოდება,  რის მისაღწევადაც ის საკაბელო ოპერატორების ბადეში ყველა საკაბელო ტელევიზიის ჩასმას ითხოვს?! მხოლოდ ორთვიან პერიოდში ნებადართული პლურალისტური მედია კი სასურველ რეზულტატს ვერ მოიტანს.  ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის მიხედვით მოსახლეობას განსხვავებული აზრის მიწოდება არჩევნების დასრულებისთანავე შეუწყდება, ვინაიდან სახელმწიფო კერძო კომპანიებს არ ავალდებულებს არასამთავრობოთა მოთხოვნა არჩევნების შემდეგაც დაუკმაყოფილოს. მართალია, ბაქრაძე აცხადებს, რომ კერძო კომპანიების სურვილის შემთხვევაში ის არ შეეწინააღმდეგება შემგდომ პერიოდშიც არჩევნების წინარე მდგომარეობის შენარჩუნებას, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ კერძო კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს გარკვეული მიმართულებით, თუ ხელისუფლება ავალდებულებს. მას რომ ჰქონოდა სურვილი, ეთანამშრომლა ტელევიზიებთან, ამისთვის კანონის დამტკიცება არ გახდებოდა საჭირო. ანუ გამოდის, დამთავრდება არჩევნები, ამოიწურება ”მასთ ქერი”, არასამთავრობოთა მიზნის საბოლოო ეფექტური მიღწევადობა კი კერძო კომპანიების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, იმ ნებაზე, რომელიც ხელისუფლების ჩარევამდე არ არსებობდა და რომელიც ხელისუფლების ”თამაშიდან გასვლის შემდეგ”  მითუმეტეს არ იარსებებს.
     საბოლოო ჯამში, სახეზეა ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის იმგვარი ურთიერთმიმართება, რა დროსაც პირველი აკმაყოფილებს მეორის ინტერესებს ისე, რომ ეს მეორე ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩეს. 

No comments:

Post a Comment