6/29/2012

ქართული ‘არასამოქალაქო’ სამოქალაქო საზოგადოება


   სამოქალაქო საზოგადოება ესაა ე.წ. შუალედური წარმონაქმნი კერძო ცხოვრების სფეროსა და სახელმწიფოს შორის. ის შეკრულია გარკვეულ წესთა ერთობლიობით და არის თავისუფალი და ნებაყოფლობითი.
   მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების არსებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის, კერძოდ, ისეთისთვის, როგორიც საქართველოა.

     საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების ჩამოყალიბება 80–იანი წლების დასასრულს დაიწყო, თუმცა, იმ პერიოდში არსებულმა დაპირისპირებებმა და სამოქალაქო ომმა მათ განვითარების საშუალება არ მისცა. სამოქალაქო აქტივობის მეორე ტალღა 90–იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) დაარსებამ მზარდად დინამიური ხასიათი მიიღო და მათ აღმოცენებას ხელი დასავლეთის ძალისხმევამ შეუწყო. ეს ერთი შეხედვით ბუნებრივიც კი იყო, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საჭირო იყო ახალი საზოგადოების ფორმირება. ამ საზოგადოების ფორმირებისთვის კი დასავლური პროდუქტი –  NGO ყველაზე ეფექტურ საშუალებად იქცა, რომელსაც მოსახლეობა ტოტალიტარული მემკვიდრეობისგან უნდა გაენთავისუფლებინა, მისთვის თვითრეგულირებადი სახე მიეცა და დემოკრატიულობის გზაზე დაეყენებინა.
   ქართული სამოქალაქო საზოგადოება დღეს რიგი გამოწვევების წინაშე დგას, რომელთაგან ერთ–ერთ უმთავრესად მასში მოქალაქეთა ჩართულობისა და აქტივობის საკითხის დასახელება შეიძლება. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სამოქალაქო კულტურა. იგულისხმება, რომ  ცალკეული ინდივიდები არ არიან ამა თუ იმ სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები, რაც მათ მეტ მოქალაქეობრივ და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას მიანიჭებდა. ეს, თავის მხრივ, მათი პოლიტიკურ ცხოვრებაში თანამონაწილეობის ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფდა, რაც ქვეყნის დემოკრატიულობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს. მეორე მხრივ, არც სამოქალაქო ორგანიზაციები ცდილობენ მხარდამჭერობისა და წევრობის ინსტიტუტის დაფუძნებას. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, შეიძლება ფინანსების დაზოგვის სურვილი იყოს, მეორე მხრივ კი პრობლემა მართვის სტრუქტურის თავისებურებებში მდგომარეობდეს.
   არასამთავრობო სექტორის ეფექტური მუშაობისას მნიშვნელოვანი საკითხია მოქალაქეთა პრიორიტეტებზე ორიერნტირება. ვინაიდან საზოგადოება არის ის მექანიზმი, რომელიც ლეგიტიმაციას აძლევს სამოქალაქო ორგანიზაციებს, ეს უკანასკნელნიც სწორედ მათ წინაშე უნდა იყვნენ ანგარიშვალდენულნი. საქართველოში კი ამ მხრივ პარადოქსული სიტუაციაა. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ეფექტურობა განისაზღვრება მათი დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული ურთიერთობებით და არა მოქალაქეთა პრიორიტეტების მაქსიმალური გათვალისწინებით და საქმიანობის ამ კუთხით წარმართვით. მათი უმეტესი ნაწილი არ მუშაობს იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებისგანაა ნაკარნახევი. იგულისხმება, რომ არასამთავრობო სექტორის საქმიანობის სპეციფიკას უმეტესწილად დამფინანსებელი მხარე განსაზღვრავს. ეს კი ქმნის მორიგ გამოწვევას და რითაც არასამთავრობო სექტორის თავისუფლების საკითხი ეჭვქვეშ დგება.
   მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა მასშტაბი აქვს მოქალაქეებთან კომუნიკაციის პროცესს და როგორია მათი ინფორმირების დონე საკუთარი საქმიანობის შესახებ. ამ მახასიათებლების სისუსტის გამო კი იკვეთება პრობლემა, რაც სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობის გაუმჭვირვალობაში გამოიხატება.
   ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება სულაც არაა სამოქალაქო. ის თითქოს ჩაკეტილ სივრცედ გვევლინება, რომელიც არც საზოგადოების მისამართით რეაგირებს და არც ამ უკანასკნელის მხრიდან ითხოვს რეაგირებას. 

No comments:

Post a Comment