
2009 წლის 5 აპრილს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც “კომუნისტურმა” პარტიამ გაიმარჯვა და პარლამენტში 60 მანდატი მოიპოვა. კონსტიტუციის მიხედვით, რესპუბლიკის პრეზიდენტს ირჩევს სწორედ პარლამენტი, თუმცა ამავე კონსტიტუციაშია მითითებული, რომ ქვეყნის პირველი პირის ასარჩევად 101 დეპუტატიდან 61-ის (3/5) ხმაა საჭირო. 5 აპრილის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კომუნისტური პარტიის ლიდერი ვლადიმირ ვორონინი მეორე ვადით იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ გახდა პრეზიდენტი, რომ მის პარტიას არჩევნებისას ერთადერთი ხმა დააკლდა. ამის შემდეგ დაინიშნა განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 20 მაისსა და 3 ივნისს, თუმცა, შედეგს ამ შემთხვევაშიც ვერ მიაღწიეს, რის გამოც დათხოვნილ იქნა 5 აპრილს არჩეული პარლამენტი. 29 ივნისს გაიმართა მომდევნი საპარლამენტო არჩევნები, სადაც პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდა:
შედეგად 5-მა პარტიამ გადალახა ბარიერი, 4 მათგანი კი ერთ ალიანსად ჩამოყალიბდა. ესენია: მოლდოვის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, ლიბერალური პარტია, დემოკრატიული პარტია და ალიანსი “ჩვენი მოლდოვა”. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 23 ოქტომბერს დაინიშნა, თუმცა უკვე 17 ოქტომბერსვე იყო ცნობილი, რომ ის არ ჩატარდებოდა. ამის მიზეზი კი ქვეყნის კონსტიტუციის ერთ-ერთი მუხლი გახდა, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი იყო მინიმუმ ორი კანდიდატის არსებობა. ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაში კენჭს მხოლოდ გაერთიანებული ალიანსის წარმომადგენელი მარიან ლუპუ იყრიდა, ქვეყნის პირველ პირად ავტომატურად დაინიშნა პარლამენტის სპიკერი. გარდა ამისა, მარიან ლუპუს არჩევნებში გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ გაერთიანებულ ალიანსს ერთად მხოლოდ 53 მანდატი მოეპოვება, რაც არ არის საკმარისი მათ მიერ წარდგენილი კანდიდატის ასარჩევად. 30 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოალიციამ კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც დასაშვები გახდა საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატის არსებობა. კანონის მიხედვით, თუ აღნიშნული კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, გაიმართება მეორე ტური, რომლის ჩავარდნის შემთხვევაში კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაითხოვს პარლამენტს. სახეშეცვლილ კანონში ასევე მითითებულია, რომ პარლამენტის დათხოვნა შესაძლებელია მხოლოდ 365 დღეში ერთხელ. ამგვარად, თუ ვერ მოხერხდა პრეზიდენტის არჩევა უახლოეს პერიოდში, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა 2010 წლის შემოდგომაზე გაიმართოს.
მოლდოვის რესპუბლიკის პოლიტიკის მთავარ კურსს დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავება და მასში ინტეგრირება წარმოადგენს, თუმცა ამავე დროს მის პრიორიტეტებში არც რუსეთთან თანამშრომლობა არის გამორიცხული. საინტერესო სწორედ ისაა, რომ როგორც კომუნისტური პარტია, ისე ლიბერალურ-დემოკრატიული კოალიცია ამ მთავარ კურსს იზიარებენ. განსხვავება მხოლოდ ინტენსივობის ხარისხშია. კერძოდ, კომუნისტური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში გაჟღერებულია როგორც ევროკავშირში შესვლის იდეისადმი მხარდაჭერა, ასევე დსთ-სთან აქტიური თანამშრომლობა. ოპოზიციური ბანაკის თითოეული პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში კი ორიენტაცია ნატოსა და ევროკავშირზე იყო მხოლოდ გაკეთებული და საერთოდ არ იყო განხილული დსთ-სთან რაიმე სახის ურთიერთობის ქონა. უფრო მეტიც, ზოგიერთი პროდასავლური პარტია დნესტრისპირეთის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებად კონფლიქტური ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას მიიჩნევდა. თუმცა, სულ სხვა ვითარებაა დღეს. მაშინ, როცა ეს პარტიები ერთ კოალიციად გვევლინებიან და ჰყავთ საერთო კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, მათში აშკარად შეინიშნება პრორუსული ძვრები. ამაზე მოწმობს 31 ოქტომბერს მარიან ლუპუს მოსკოვში ვიზიტი, სადაც მან დუმის საგარეო კომიტეტის თავჯდომარესთან ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. უცნაურ დამთხვევად შეიძლება მივიჩნიოთ ასევე ზუსტად ამავე დღეს ბლადიმირ ვორონინის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს შეხვდა. კრემლში მას ურჩიეს, რომ კომუნისტურ პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მარიან ლუპუსთვის მიეცა. აქედან ცალსახად ვლინდება, რომ მოსკოვი ოფიციალურად უჭერს მხარს მარია ლუპუს კანდიდატურას და ამ ორი პოლიტიკოსის ერთდროულად ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში მომასწავებელია იმისა, რომ მოლდოვაში არსებული პოლიტიკური არეულობის დარეგულირების გასაღები სწორედ მოსკოვშია.
აქვე განვმარტოთ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს არჩევნების გაწელვას მოლდოვაში. იგი ხელსაყრელი შეიძლება იყოს კომუნისტური პარტიისთვის, რადგანაც ყოველი ახალი არჩევნები საჭიროებს დამატებით სახსრებს, შედეგად ეცემა ეკონომიკა, რაც აისახება მოსახლეობის შემოსავალზეც. ეს ყველაფერი კი შეარყევს კოალიციის პოზიციებს და ყოველი ახალი არჩევნებისას ისინი დაკარგავენ მოსახლეობის ხმების გარკვეულ ოდენობას. გარდა ამისა, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, კომუნისტებს შეუძლიათ მმართველობა გადააბარონ ლიბერალებს იმ აზრით, რომ თვითონ გვერდიდან დააკვირდნენ, თუ როგორ გააუარესებს ეკონომიკური მდგომარეობა მმართველობის პოზიციებს და როგორ დააკარგვინებს ეს მათ ხალხის მხარდაჭერას. მეორეს მხრივ, არჩევნების გაწელვა მანიპულირების საშუალებას მისცემს ლიბერალურ-დემოკრატიულ კოალიციას. მას ეძლევა დრო, ზეწოლა მოახდინოს კომუნისტური პარტიის დეპუტატებზე და რომ შეეცადოს მათ გადმობირებას. გარდა ამისა, სიტუაციის დაურეგულირებლობა იწვევს კრემლის ჩართვას მოლდოვას შიდა პოლიტიკურ პროცესებში და იქიდან გამომდინარე, რომ მოსკოვი ღიად უჭერს მხარს მარიან ლუპუს კანდიდატურას, კოალიციისთვის ხელსაყრელიც კი გამოდის არჩევნების გაწელვის ხარჯზე პროცესში მოსკოვის ჩართვა.
საბოლოო ჯამში, გაურკვეველი პოლიტიკური ვითარება აფერხებს ქვეყნის წინსვლას. მითუმეტეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილიდან გამომდინარე, მოლდოვას მისაღწევი აქვს შესაბამისი კონდიციებისთვის, რაშიც იგულისხმება ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ვითარების ევროკავშირისთვის მოსარგებ ზღვრამდე მიყვანა. შიდა პოლიტიკის დაურეგულირებლობა კი ამ პროცესების შემაფერხებელ ფაქტორად გვევლინება.
No comments:
Post a Comment