9/08/2012

ქალაქ შარლოტიდან ’ჩამოტანილი’ და საქართველოს 11 სხვადასხვა ქალაქში გადანაწილებული წინასაარჩევნო მუხტი

პარალელები ამერიკულ და ქართულ წინა საარჩევნო კამპანიებში - მინი ექსკურსი 

  დღევანდელ დღეს ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამჯერად მსგავსებას  წინა საარჩევნო პერიოდის მახასიათებლები განაპირობებს. ორივე ქვეყანა არჩევნების მოლოდინშია და ორივე მათგანში აქტიური წინა საარჩენო კამპანიაა გაჩაღებული. განსხვავება არჩევნების ტიპშია - საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, ამერიკა კი საპრეზიდენტო.
   ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების მისამართით ხშირია გზავნილები, რაც ზოგჯერ ბრალდების ხასიათსაც იღებს, რომ ის ამერიკული პოლიტიკური სისტემისა და სტილის კოპირებას ახდენს ჩვენს ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ამგვარი სტერეოტიპი არსებობს, მისი მართებულობის გადასამოწმებლად ერთი კონკრეტული ტიპის აქტივობაში ამ ორი ქვეყნის შედრება უნდა მოხდეს.
  ამგვარად, გთავაზობთ ამერიკული და ქართული წინა საარჩევნო კამპანიების მინი ექსკურსს. სტატია არ მოიცავს ვრცელ ანალიზს, ის მხოლოდ ეხება წინა საარჩევნო კამპანიის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის განხილვას ორივე მხარესთან მიმართებაში. ამერიკის შემთხვევაში ეს ეხება ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას დემოკრატიული პარტიის მიერ ქალაქ შარლოტში, ხოლო საქართველოს შემთხვევაში კი ნაციონალური მოძრაობის ყრილობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
   დაკვირვების შედეგად გამოვლინდა მსგავსების ორი მნიშვნელოვანი დეტალი. ერთ შემთხვევაში საქმე ეხება პირველი ლედების ფაქტორს. მეორე შემთხვევაში - ორი ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლების შინაარსობრივ თანხვედრას ერთ კონკრეტულ საკითხში. რამდენიმე დღის წინ საკუთარი მეუღლის მხარდასაჭერად მიშელ ობამამ საკმაოდ ამაღელვებელი და შთამბეჭდავი სიტყვა წამოსთქვა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე. ის აქცენტს, ძირითადად, მათ ოჯახურ თანაცხოვრებაზე, მეუღლის პიროვნული თვისებების უპირატესობებსა და პოლიტიკურ მიღწევებზე აკეთებდა. მიშელ ობამას ამ გამოსვლამ მსოფლიო პრესის დიდი ყურადღება მიიქცია და მასზე დღემდე  ბევრი საუბრობს იმ კონტექსტში, რომ ამ გამოსვლას ობამას რეიტინგზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
   ამის ფონზე, მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოება სულაც არ იყო მიჩვეული პირველი ლედის, სანდრა რულოვსის საჯარო გამოსვლებს, ნაციონალური მოძრაობის ყრილობის ფარგლებში ის  მოსახლეობის წინაშე წარსდგა. წარმოთქმული სიტყვა გონივრულად სწორედ ისე იყო შედგენილი, რომ დამსწრე საზოგადოებაზე ემოციურად ემოქმედა. ემოციურ ზემოქმედებაში ზუგდიდში მის მიერ მეგრულად გაჟღერებული წინადადებები იგულისხმება, რაც სწორი გათვლა იყო იმ პირობებში, რომ სამეგრელოს კუთხის წარმომადგენლებს ყოველთვის სიამოვნებთ საჯარო პირების მიერ თავიანთი დიალექტური ენის ნებისმიერ ფორმით გაჟღერება. ისევე როგორც ქალბატონი ობამას შემთხვევაში, რულოვსის ამ გამოსვლაზეც ბევრს ილაპარაკებენ. ხოლო როდესაც რაიმეზე ბევრ საუბრობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ საუბრის ობიექტს მოსაუბრეებზე უკვე დიდი შთაბეჭდილება აქვს მოხდენილი.
   ამგვარად პარალელი #1: პირველი ლედი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი წინა საარჩევნო კამპანიის წარსამართად.
   როდესაც ამ პარალელზეა საუბარი, მასში არ იგულისხმება ორი ქვეყნის პირველი ლედის მიერ წარმოთქმული სიტყვის შინაარსობრივი იდენტურობა. როგორც უკვე ითქვა, მიშელ ობამა მეუღლის პიროვნულ ღირსებებსა და მიღწევებზე საუბრობდა, სანდრა რულოვსის შემთხვევაში კი აქცენტი დამსწრე ხალხის გაჭირვებასა და ნაც.მოძრაობის გუნდის პრიორიტეტებზე გაკეთდა. ბუნებრივია, რომ მას არ უსაუბრია მეუღლის პიროვნულ ღირსებებზე, ვინაიდან ეს არაა საპრეზიდენტო არჩევნები. საპარლამენტო არჩევნების წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კი აქცენტი სწორედ პარტიის გუნდურობაზე უნდა გაკეთებულიყო.
   განსხვავება წარმოთქმული სიტყვის ზომაშიცაა. მიშელ ობამას შემთხვევაში საქმე გვაქვს საკმაოდ მასშტაბურ გამოსვლაზე, რულოვსის გამოსვლა კი ლაკონური იყო.
   ამის მიუხედავადან, ამ ორ შემთხვევას შორის მსგავსების ძიების იდეა გამომდინარეობს იქიდან, რომ ქართულ საზოგადოებას აქამდე ნაკლებად ახსოვს სანდრა რულოვსის ჩართულობა წინა საარჩევნო კამპანიაში იმ ფორმით, რასაც საჯარო შეკრებებზე სიტყვით გამოსვლა და ორატორობა ჰქვია. კამპანიის ფარგლებში აქცენტის სწორედ პირველ ლედებზე გამახვილება წარმოშობს პარალელის გავლების საფუძველს.

   ახლა რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტებს; პირობები იგივე რჩება - ორი განსხვავებული ტიპის არჩევნები, წინა საარჩევნო კამპანია და საჯაროდ წარმოთქმული სიტყვა.
   ბარაკ ობამამ საკუთარ გამოსვლაში გააკრიტიკა მისი უშუალო კონკურენტი მით რომნი და აღნიშნა, რომ ქვეყნის ნომერ პირველ მტრად რუსეთის და არა ალ-ქაიდის დასახელებით ის კვლავინდებურად ცივი ომის აზროვნებაშია ჩარჩენილი. "After all, you don't call Russia our No. 1 enemy -- not Al-Qaida, Russia -- unless you're still stuck in a Cold War mind warp," -განაცხადა ბარაკ ობამამ ქალაქ შარლოტში გამართულ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე.
   საქართველოს 11 სხვადასხვა ქალაქში გამართული პარტიის ყრილობის დროს სააკაშვილის მიერ გაკეთებულ გამოსვლები ერთი საერთო იდეის გარშემო იყო კონცენტრირებული და ეს იდეა გულისხმობს წარსულში არდაბრუნების სურვილს. ”წარსულში ვეღარავინ დაგვაბრუნებს და ვივლით მხოლოდ წინ, მხოლოდ თავისუფლებისკენ,” - განაცხადა სააკაშვილმა ზუგდიდში.გურია გააგრძელებს აღმშენებლობას და არასდროს დაბრუნდება წარსულში,” - განაცხადი ოზურგეთში.საქართველოს ვერ გატეხავენ, გზას ვერ ააცდენენ, წარსულში ვეღარ დააბრუნებენ, კრიმინალს და კორუფციას უკან ვეღარ მოაბრუნებენ და ჩვენ ვეღარასოდეს დაგვაბრუნებენ უშუქობის და ჩაზნექილი სკამების ეპოქაში,” -  ამონარიდი ბათუმში გამოსვლიდან.
   საერთო უმთავრესი შტრიხი, რაც ორი ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლისას იკვეთება არის მათი გზავნილის შინაარსობორივი თანხვედრა ერთ კონკრეტულ საკითხში. ამგვარად, პარალელი #2 შემდეგში მდგომარეობს: არაწარსულში დაბრუნებას! - სააკაშვილისა და ობამას გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი.
   შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ”არაწარსულში დაბრუნებას!” ორივე შემთხვევაში მთავარ გზავნილად და უნდა გამახვილდეს თუ არა მასზე დიდი ყურადღება გამოსვლების ანალიზისას?
   ამერიკის შემთხვევას თუ გადახვედავთ, ობამას სიტყვაში ის გაჟღერებული იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები კი ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროებია. აქცენტი გაკეთდა საბჭოთა კავშირსა და ცივ ომზე, რომელ დროში დაბრუნებასაც ამერიკელი ხალხი არ ისურვებდა. მით რომნისთან მიმართებაში ცივი ომის ხსენებით კი ობამა ამერიკელ ხალხს სწორედ იმ წარსულზე მიანიშნებს, რომელშიც ქვეყანა არ უნდა დაბრუდნეს.
   მსგავსი ვითარებაა სააკაშვილის შემთხვევაშიც. მის საუბარში სულაც არაა საჭირო ქვეტექსტების ძებნა საიმისოდ, რომ აღმოვაჩინოთ დევიზი წარსულში არდაბრუნების მხარდაჭერის დასადასტურებლად. ის პირდაპირ აცხადებს, რომ მის უშუალო კონკურენტს, ბიძინა ივანიშვილს არ მისცემს უფლებას ქვეყანა ”მწარე წარსულში” დააბრუნებინოს იმით, რომ შეურიგდეს შევარდნაძისდროინდელი მაღალჩინოსნების ხელახლა მოსვლა ქვეყნის სათავეში.
   ამ უკანასკნელის შემთხვევაში საქმე ეხება ქვეყნის შიდა მდგომარეობის წარსულში ტრანსფორმაციას. ობამას შემთხვევაში კი საგარეო კურსის წარსულში დაბრუნებას. ამგვარად, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო კონიუქტურა, აქცენტი ორივე შემთხვევაში კეთდება მიუღებელ წარსულზე და მისი არ განმეორების სურვილზე. 
   და ბოლოს, კამპანიის ამ ფორმით მასშტაბურობა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გამოიყენა,  ვიზუალიზაცია, სტილი და მანერა -  ეს  დასავლური სკოლაა...
დემოკრატიული პარტიის ყრილობა 
 North Carolina, Charlotte, 
Time Warner Cable Arena.


ნაციონალური მოძრაობის ყრილობა
 საქართველო, თბილისი,
 სპორტის სასახლე.

No comments:

Post a Comment