9/19/2012

ეს იყო მუხტი!


   პატიმრების წამების შემზარავი კადრები გავრცელდა გუშინ ქართული ტელეარხების მეშვეობით. ამ ფაქტის შესახებ, ალბათ, ბევრისთვის აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა, კადრებს დიდი ემოციური ძალა აქვს, ბუნებრივია და პროტესტის გრძნობასაც უფრო მძაფრად იწვევს, ვიდრე უბრალოდ მონაყოლი, ან დაწერილი ფორმა.
   პროტესტის ის ტალღა, რაც ამ კადრების გავრცელებას მოჰყვა, ქართული სამოქალაქო საზოგადოების გამოფხიზლებაზე მეტყველებს. ოპერატიულობა, ორგანიზებულობა, მიზანი, სურვილი - სურვილი, რომ პატიმრებისთვის ხმა მიეწვდინათ და მათ გვერდში დგომა გამოეხატათ  - ეს ყველაფერი ვიდეო-კადრების გავრცელებიდან სულ მალევე (წუთებზეა საუბარი) გაჩნდა, გაჩნდა იმ დოზით, რომ მოსახლეობა ღამის 12 საათზე უკვე საპროტესტო აქციას მართავდა ფილარმონიის წინ.
   საზოგადოება ყოველთვის  მეტს მოითხოვს სტუდენტებისგან. სტუდენტურ მოძრაობას დიდი ძალა აქვს და ამიტომ ნებისმიერი საკითხის გარშემო სტუდენტთა ორგანიზებულ გაერთიანებას ყოველთვის ენიჭება მნიშვნელობა, ვინაიდან სტუდენტში ყოველთვის არის სიჯანსაღის, ამბოხის, შეუპოვრობის მუხტი და ეს მუხტი შემდეგ მთელს საზოგადოებაზე ხდება გავლენის მომხდენი.
   ბუნებრივია, არც წამების კადრები დარჩენილა სტუდენტთა ყურადღების მიღმა. სოციალური ქსელების მეშვეობით ღამევე დაანონსდა მომდევნო დღის აქციის შესახებ, მოხდა ამის დაუყოვნებლივი გავრცელება და სხვადასხვა უნივერსიტეტის  პროცესში ჩართვა. ამის ინიციატორები კი თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. და უკვე რამოდენიმე საათში სოციალური ქსელების მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ მომდევნო დღის აქციაზე სტუდენტთა კოლოსალური რაოდენობა მიიღებდა მონაწილეობას, რაც გამართლდა კიდეც.
   აქცია უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ 3 საათზე დაიწყო და ტრადიციული დამახასიათებელი ატრიბუტიკით - სიტყვით გამოსვლებით, ტრასპარანტებით, შეძახილებით - მიმდინარეობდა. ეს არ იყო მხოლოდ თსუ-ს სტუდენტების თავშეყრა. მასში მონაწილეობდა თბილისის თითქმის ყველ წამყვანი უნივერსიტეტი. გარკვეული დროის შემდეგ აქციამ ჯერ ტელევიზიის, შემდეგ კი მოდულის შენობასთან გადაინაცვლა.
   ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რითაც ეს აქცია ხასიათდებოდა იყო ის, რომ იგი არ ეწეოდა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პროპაგანდას. სტუდენტები არ დაუშვენდნენ იმას, რომ აქცია ამათუიმ გუნდს საკუთარი პოლიტიკური კამპანიის წარსამართ არენად გამოეყენებინა. ეს იყო სტუდენტთა ყრილობა, პროტესტი მიმართული პატიმართა წამების წინააღმდეგ და არა ვისამე (პოლიტიკური პარტიის) მომხრე ან საწინააღმდეგო პროპაგანდა.
   სწორედ ამის გამო სტუდენტთა ეს აქცია თავისი სიჯანსაღით გამოირჩეოდა. იქ მისული პროტესტანტი საკუთარ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას კარგად აცნობიერებდა. ის აპროტესტებდა იმას, რაც პირადი გრძნობებიდან მომდინარეობდა. ჯანსაღი იყო ეს აქცია იმიტომაც, რომ სტუდენტთა მოთხოვნები არ ატარებდა აფსურდულ ხასიათს (როგორც ეს ზოგადად, საპროტესტო აქციებს ახასიათებს ხოლმე საქართველოში).
   საპროტესტო ტალღა კვლავ გრძელდება. ამ ტალღის სიმძლავრეში კი უდიდესი წვლილი სოციალურ ქსელებს მიუძღვის. ამ ინციდენტის დროს საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, თუ რა ძალა აქვს სოციალურ ქსელებს. ერთ საათში დაგეგმილი საპროტესტო აქცია, ათასობით ადამიანის მობილიზება ისე, რომ რაიმე ინციდენტს არ ჰქონოდა ადგილი, საპროტესტო მუხტის გაჩენა უამრავ ადამიანში ტელევიზიით გასული კადრების მასშტაბური გავრცელებით, გონივრული მოწოდებები, რეპლიკები და ა.შ. - ეს ყველაფერი კი სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით.
   გარდა ფილარმონიის წინ ღამე გამართული და სტუდენტების მიერ მოწყობილი აქციებისა, საპროტესტო ტალღა საქართველოს სხვადასხვა რეგიონსაც მოედო და აქციები ჩატარდა მთელ რიგ ქალაქებში. აქციები იყო ასევე გლდანის მერვე საპყრობილესთან და კანცელარიასთანაც. ამით ჩანს, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის დაირაზმება უსამართლობის წინააღმდეგ, ყოველთვის გააპროტესტებს ჩაგვრას და ყოველთვის ექნება სამართლიანი მოთხოვნები.
   საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ დღევანდელმა აქციებმა და ასევე მომდევნო დღეებში დაგეგმილმა ღონისძიებებმაც გამოააშკარავა ის, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არსებობს. მართალია, სამოქალაქო საზოგადოება პირობითად ყველგან არსებობს და მათ შორის საქართველოშიც იყო, როგორც ჩანასახი, მაგრამ ბოლო მოვლენებმა ცხადყო, რომ მისი არსებობა არ ატარებს ფორმალურ ხასიათს, რომ ის არის აქტიური, მობილიზებული და რომ აქვს უნარი ძირეული ცვლილებები განაპირობოს ქვეყანაში.
   ეს იყო მუხტი, რაც ხალხს ერთი მიზნისკენ, ერთი საქმისკენ რაზმავს, რაც გარეთ გასვლისკენ და პროტესტის საჯაროდ, თავისუფლად დაფიქსირებისკენ გიბიძგებს. ეს იყო მუხტი, რომელიც ემოციურ მოწოდებაზე ტაშს გაკვრევინებს და უფრო მეტად ემოციურებს, ვინ იცის, იქნებ ცრემლსაც კი აყენებს თვალებზე.
 და ეს მუხტი ყოველთვის უნდა არსებობდეს, ყოველთვის უნდა რაზმავდეს საზოგადოებას უსამართლობის წინააღმდეგ და ყოველთვის უნდა უჩენდეს მას იმის განცდას, რომ რეალურად ცვლილებები მხოლოდ მის ხელშია.

No comments:

Post a Comment