6/29/2013

გადაშლილი ალბომები, აფხაზეთს რომ უბრუნებენ

დევნილთა უბანი..
ვიწრო ქუჩა..
ხის კარი..
ეზო მწვანეში..
პატარა ბილიკი
და სახლი ასეთი.                        











დღეს დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში ვიმყოფებოდი. სამაგისტრო ნაშრომის კვლევისთვის მათთან შეხვედრა, გასაუბრება და კითხვარების შევსება მჭირდებოდა.

პირველი სწორედ ამ სახლში მოვხვდი. მელოდა რა ოჯახის უფროსი, ეზოში პატარა მაგიდასთან ალბომები გამოეტანა და ფოტოებს ათვალიერებდა. ფოტოები კი აფხაზურ წარსულს ასახავდა - შავთეთრები, ფერადები, ძველებურები, წარწერებიანები; სოხუმი, გაგრა, ოჩამჩირე - ეს იყო გადაშლილი ალბომები, ბატონ მერაბს აფხაზეთს რომ უბრუნებდნენ.


არ ვიცი, მისი ყოველი დილა აფხაზეთის ფოტოების თვალიერებით იწყება თუ არა, მაგრამ ამ დილით, როდესაც ალბომებში ჩაფლული ეს კაცი შორიდან დავინახე, რატომღაც სწორედ მე მივიწერე მისთვის ,,აფხაზეთის დამბრუნებლობა’’.
მას უთხრეს, რომ მივიდოდა ერთი გოგონა; სტუდენტიაო, იმასაც დასძენდნენ; გამოგკითხავს რაღაცებსო, რა თქმა უნდა, თემა აფხაზეთს შეეხებაო და..
და ამ ადამიანმა გადაწყვიტა ,,მომზადებული’’ დახვედროდა ამ სტუდენტ გოგონას. გადაშალა ალბომები, დახედა ფოტოებს და ,,გაემგზავრა’’.

ნამდვილად, ,,მომზადებულიც’’ დამხვდა და გულთბილიც, ისიც და მისი მეუღლეც. როგორც წესი, დევნილებთან აფხაზურ კონფლიქტზე და წარსულ ტკივილზე საუბარი მეტწილად სენსიტიურია და სიფრთხილეს მოითხოვს. თუმცა, ამ ადამიანებთან მსგავსი რამ არ მიგვრძვნია. 30 შეკითხვის დასმასა და მათზე პასუხების ჩანიშვნას არ სჭირდება დიდი დრო. მაგრამ მე 45 წუთზე მეტი ვიჯექი ამ ადამიანებთან ერთად და ყოველი კითხვა-პასუხის შემდეგ ფოტოებიდან ხან ერთი პერსონაჟი ,,გვიხტებოდა’’, ხან მეორე; ხან სოხუმში ,,მივდიოდით’’, ხან გაგრაში; ,,ვიყავით’’ მისი აფხაზი ძმაკაცის ქორწილში, სკოლის გამოსაშვებ საღამოზე; ,,ვიდექით’’ ამჟამად იქ მცხოვრები აფხაზების გვერდით, ვიღიმოდით მათთან ერთად და ასე ,,ვიბრუნებდით’’ აფხაზეთს.
ამ ყველაფერს, ბუნებრივია, თან ახლდა ისტორიები, შედეგად სინანული და ასევე შედეგად სევდა სახეზე, მაგრამ ამასობაში მომდევნო ფოტო ,,იდგა რიგში’’ და კვლავ აღტაცებული წამოძახილი -  ,,გააახსოვს?’’.
რა თქმა უნდა, მათ ახსოვთ.
ისინი ხვალვე ბრუნდებიან.
ისინი იქიდან არც წამოსულან.

გააცილებენ ახლა ამ სტუდენტ გოგონას და დახურავენ ალბომებს, მაგრამ ქუჩები, სანაპიროები, პარკები, ქორწილები, ურთიერთობები  და იქაური ღიმილები მთელი დღის განმავლობაში ივლიან გონებაში.
რატომ მთელი დღე?!
სულ..

ამ მოხატული სახლისა და ეზოში ალბომებგადაშლილი ცოლ-ქმრის გარდა, სხვა ოჯახებსაც ვსტუმრობდი. მხვდებოდნენ კეთილები, მხვდებოდნენ სკეპტიკოსებიც, მხვდებოდნენ მომღიმრები და მხვდებოდნენ, იცით, როგორებიც? აი, არა ბევრი კითხვისგან დაბრძენებულები, არამედ წარსულითა და მეხსიერებით დაბრძენებულები.
ამ ყველაფრის შედეგად კი კითხვარი კითხვარად დარჩა, შევსებული, რა თქმა უნდა, მაგრამ კითხვარს გარე საუბრები უფრო პროდუქტიული, ხოლო დამოკიდებულება უფრო დასამახსოვრებელი გამოდგა.

თითოეული მათგანის ოჯახში კი აუცილებლად მოიპოვება ალბომი, რომელიც მათ აფხაზეთს უბრუნებს.

                                                                                       

1 comment:

  1. hm.. ra nacnobi situacia. chemebic albomebit cxovroben. namdvilad imsaxurebs es xalxi rom tavis miwa-wyalze daabrunon

    ReplyDelete