4/18/2010

მაუწყებლობა ინტერნეტში

ჩვენს თანამედროვეობაში ინტერნეტს ერთ-ერთი წამყავნი ადგილი უჭირავს ადამიანების ყოფით ცხოვრებაში. ინტერნეტი გახდა ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ისინი ყოველდღიურად იღებენ ინფორმაციის განუწყვეტელ ნაკადს. ეს გარკვეულწილად ზეგავლენას ახდენს ისეთი ტრადიციული მედიასაშუალებების ფუნქციონირებაზე, როგორიცაა ტელევიზია, პრესა და რადიო. დღეს უკვე, როდესაც ინტერნეტმომხმარებლების რიცხვი პიკს აღწევს, ტრადიციული მედიასაშუალებებიც ცდილობენ ”დინებას” აჰყვნენ. ავიღოთ ქართული ტელევიზიების მაგალითი. რა ინტენსივობითაც ხდება მათი მხრიდან სიხშირეზე მაუწყებლობაზე ზრუნვა, იგივე ინტენსივობით ცდილობენ ისინი ინტერნეტსივრცეშიც თავიანთი ადგილის დამკვიდრებას. კერძოდ, დღეს უკვე თითეოული ტელევიზიისთვის ბინებრივი მოვლენაა საკუთარი ვებ-გვერდის არსებობა, მისი სისტემატიური განახლება და განვითარება.


პირველი არხი

პირველი არხის ვებ-გვერდი საკმაოდ დინამიური და დახვეწილია. იგი რამდენიმე ბლოკადაა გაყოფილი: ერთი ნაწილი დათმობილი აქვს ახალ ამბებს, რომელიც სისტემატიურად ახლდება და არის ოპერატიული. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია იხილოს ეთერში გასული სიუჟეტების ამსახველი ვიდეო მასალებიც. პირველივე გვერდზეა გამოტანილი ახრის პროგრამა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია მაყურებლისთვის. პირველ გვერდზევე მომხმარებელი იხილავს იმ მთავარ მენიუს, რომლის მეშვეობითაც მას გაუდვილდება ვებ-გვერდზე ნავიგაცია, კერძოდ, ეს რუბრიკებია: ახალი ამბები, გადაცემები, ვიდეო, ტელეპროგრამა, დღიურები, ფორუმი. გარდა იმისა, რომ პირველ გვერდზე იდება უკანასკნელი სიახლეები, მომხმარებელს ასევე შეუძლია იხილოს მასალების არქივი, რაშიც მას ვებ-გვერდზე არსებული საძიებო სისტემა დაეხმარება. პირველი არხის ვებ-გვერდის ბაზაზე არსებობს ასევე ქვედომენები. ესენია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, მეორე არხი, რადიო 1, რადიო 2, ევროვიზია 2010, საბავშვო ევროვიზია 2009, ჩემპიონთა ლიგა. ამ დომენებზე გადასასვლელი პანელის ნახვა მომხმარებელს პირველი არხის ვებ-გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში შუძლია. გარდა ამისა, ნებისმიერი მედიასაშუალების ვებ-გვერდისთვის მნიშვნელოვანია ფორუმის არსებობა, რაც მის ხელმძღვანელობასა და ვებ-გვერდის ადმინისტრაციას მომხმარებლებთან ურიერთობას გაუადვილებს. ამგვარი ფორუმის ნახვა პირველი არხის ვებ-გვერდზეცაა შესაძლებელი. აქვე მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს ინტერნეტშივე პირდაპირ ეთერში უყუროს არხს. გარდა ამისა, შესაძლებელია საიტის ინგლისურ ვერსიაზე გადართვაც.

რეალ ტი-ვი

ტელეკომპანია რეალ ტი-ვი სულ რამდენიმე ხნის წინ გამოჩნდა ქართულ ტელესივრცეში და მან უკვე შესთავაზა მაყურებელს საკუთარი ვებ-გვერდი, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს რეალ ტი-ვის გადაცემების (ინტერვიუ, პრესთაიმი, რეალთაიმი, ხალხის აზრი და რეალური ზღაპარი) არქივი იხილოს . ეს საკმაოდ ადვილი მოსახერხებელია, ვინაიდან პირველივე გვედზეა გამოტანილი მათი სათაურები. გარდა ამისა, ვხვდებით ვებ-გვედის მთავარ მენიუს, რაც მოიცავს მთავარ გვერდს, ტელეკომპანიის პირდაპირ ტრანსლირებას ვებ-გვერდზე, ახალ ამბებს (”თაიმს ნიუსი”), ეთერში გასული სიუჟეტების ამსახველ ვიდეო მასალებს (”უკომენტაროდ”) და ექსკლუზივს. რაც შეეხება ახალი ამბების განახლებადობას, ამ მხრივ ვებ-გვერდი არ გამოირჩევა აქტიურობით, ვინაიდან დღეს, 18 აპრილს, ბოლო ახალ ამბად 16 აპრილს მომხდარი სიახლეებია განთავსებული. აქვე მომხმარებელს შეუძლია ნახოს ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი; ვებ-გვერდს თან ერთვის გამოკითხვა, რაც მომხმარებელთან ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. აქვეა მორბენალი სტრიქონიც, საიდანაც მოკლე ინფორმაციებს მიღებაა შესაძლებელი და რისი მეშვეობითაც სხვა მოძრავ ეფექტებთან ერთად ვებ-გვერდი საკმაოდ დინამიურად გამოიყურება. საიტს ინგლისურ ვერსიაზე გადასვლის ფუნქციაც აქვს. top.ge-ს მონაცემებით, რეალ ტი-ვი-ს ვებ გვერდს დღეში, დაახლოებით, 900 მომხმარებელი სტუმრობს.

რუსთავი 2

ზემოთ დასახელებული ვებ-გვერდებისგან განსხვავებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ვებ-გვერდი ყველაზე მრავალფეროვანი და თვალსაჩინოა მომხმარებლისთვის. პირველივე გვერდის სივრცე მაქსიმალურადაა ათვისებული იმისთვის, რათა მომხმარებელი ადვილად გაერკვეს ტელეკომპანიის შინაარსში და ნავიგაცია გაუადვილდეს. ამ შემთხვევაშიც, ვხვდებით ვებ-გვერდის მთავარ მენიუს (ახალი ამბები, გადაცემები, სერიალები, სპორტი, კლუბი, სტელევიზიო პროგრამა, მომსახურება, ჩვენს შესახებ, რეკლამა რუსთავი 2-ზე, დაგვეკონტაქტეთ), რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ადვილად შეუძლია მიაგნოს სასურველ მასალას, ვინაიდან ამ მენიუს შემადგენელი რამდენიმე განყოფილება ასევე ქვე-მენიუდ იყოფა. ვებ-გვერდზე განთავსებულია ტელეკომპანიის ყველაზე რეიტინგული გადაცემების პრომოები და ასევე პოპულარული ვიდეოები. ვინაიდან ტელეკომპანია რუსთავი 2 არის კომერციული არხი, აქედან გამომდინარე, მის ვებ-გვერდზეც რეკლამების სიუხვეა. რაც შეეხება ახალი ამბების ოპერატიულობას და მათ სიუჟეტურ ასახვას ვებ-გვერდზე, ამ მხრივ იგი საკმაოდ მოწესრიგებულია, ვინაიდან მასზე ყოველთვის განთავსებულია არხის საინფორმაციო გამოშვების ჩანაწერი და ასევე ვერბალური ახალი ამბების განახლება ხდება საათოვრივად. ვებ-გვერდს აქვს ასევე საკმაოდ აქტიური ფორუმი. აქვე შესაძლებელია მისი ინგლისურ ვერსიაზე გადაყვანა და პირდაპირი ეთერის ინტერნეტის მეშვეობით თვალყურის დევნება. top.ge-ს მიხედვით, რუსთავი 2-ის ვებ გვერდს დღის განმავლობაში დაახლოებით 17000 მომხმარებელი სტუმრობს.

ITV.Ge - ერთადერთი ქართული ინტერნეტ ტელევიზია

itv.ge ერთადერთი ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელიც არის მრავალპროფილიანი და აშუქებს სიახლეებს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროებიდან. ვებ-გვერდზე განთავსებულია ახალი ამბები როგორც ვერბალური, ასევე ვიდეო მასალის სახით. ინტერნეტ ტელევიზიას აქვს ასევე გადაცემებიც, საინფორმაციო გამოშვებები და ამით ის ემსგავსება ტრადიციული ტელეკომპანიების მუშაობას. ვებ-გვერდზე ახალი ამბების განახლება ხდება საკმაოდ ოპერატიულად. იმისთვის, რომ მომხმარებელს მასში ნავიგაცია გაუდვილდეს, პირველივე გვერდზეა გამოტანილი გადაცემების სათაურები და ასევე ესა თუ ის აქტუალური სიუჟეტი. top.ge-ს მონაცემებით, ინტერნეტ ტელევიზიას დღეში, დაახლოებით, 3000 მომხმარებელი ჰყავს.

itv.ge - პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზია არის ”კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” პროექტი, რომელიც ფუნქციონირებს 2009 წლის 31 მარტიდან.

No comments:

Post a Comment