9/26/2012

საჯარო დისკუსია თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

   
მიხარია, რომ რეგიონებში არსებობს ეს ნათელი ადგილები, სადაც შეგიძლია მოხვიდე და ღიად, თავისუფლად და შიშის გარეშე ისაუბრო.”  
დისკუსიის მონაწილე, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ნესტან რატიანი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების შესახებ.

   საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი დასასრულს უახლოვდება. პოლიტიკური პარტიები კი  ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ ამომრჩეველი მოიზიდონ და საზოგადოების თვალში უფრო მიმზიდველად წარმოაჩინონ თავი. პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები ნამდვილად ყურადღების და განხილვის ღირსია. არის თუ არა ეს მათი პროგრამების შეჯიბრი? რამდენად რეალისტური და არგუმენტირებულია მათი პროგრამები? რაზე აკეთებენ პარტიები გათვლას - პიროვნებებზე თუ პროგრამებზე, თუ ორივეზე ერთად? რომელ რეგიონში უფრო აქტიურია კამპანია და ხომ არ რჩება რომელიმე გეოგრაფიული არეალი ყურადღების გარეშე? რა გავლენას მოახდენს ამა თუ იმ პარტიის შესვლა პარლამენტში ქვეყნის საშინაო პოლიტიკასა თუ საგარეო კურსზე? გაუფერულდება თუ უფრო მკვეთრ ფერებს შეიძენს ის ინფრასტრუქტურული თუ სისტემური სიახლეები, რომელიც არსებული ხელისუფლების ანგარიშზეა? აი ეს და სხვა შეკითხვები მიჩნდება მე, როგორც უბრალო ამომრჩეველს, როდესაც პოლიტიკური პარტიების აქტივობას ვადევნებ თვალს.

    როგორც ჩანს, ეს შეკითხვები არამხოლოდ მე, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილსაც აწუხებს. ამის ნათელი მაგალითია საჯარო დისკუსიები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიხსნა საქართველოს 10 ქალაქში და უსასყიდლოდ სთავაზობს საზოგადოებას ნეიტრალურ სივრცეს დიალოგისთვის.  

        იმ პირობებში, როდესაც არჩევნებში მონაწილე პარტიები ელექტორატის მოზიდვით არიან დაკავებულნი, ამომრჩეველი მხოლოდ ტაშის დამკვრელის და ემოციური შეძახილების ავტორის როლში არ უნდა გვევლინებოდეს, არამედ მას უნდა ჰქონდეს არაპოლიტიზებულ გარემოში შეკრების, აქტუალური თემების განხილვის, დისკუსიის გამართვის, შედეგად კი გონივრული დასკვნების და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ამისათვის კი, დამეთანხმებით, საჭიროა ყველასთვის ხელმისაწვდომი სივრცე, სადაც მხარეებს აქვთ ანგარიშვალდებულების განცდა და შეჯიბრის სურვილი, თანაბარი პირობები და აქტიური აუდიტორია.  
     ამჯერად საუბარი თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ საინტერესო დისკუსიას შეეხება, სადაც 2012 წლის 15 სექტემბერს ლიბერალური განათლების ამერიკულ-ქართული ინიციატივის ორგანიზებით პროექტის ”ახალგაზრდები დემოკრატიისთვის” ფარგლებში  საპარლამენტო არჩევნების შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა. საკითხი შემდეგი სახით იყო ფორმულირებული: „თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვლება, ამჟამინდელი მთავრობის რომელ მიღწევებს ემუქრება საფრთხე და რომელი მიღწევები შენარჩუნდება?” ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრის მიზანი იყო ადამიანებმა ღიად ესაუბრათ იმ საკითხებზე, რომლებიც პირად სივრცეში ყველას აწუხებს და აინტერესებს. ”ამ ტიპის შეხვედრები დიდი მნიშვნელობის მატარებელია, ვინაიდან  საჯარო დისკუსიების კულტურის განვითარებას ემსახურება, რაც თავის მხრივ,  სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების წინაპირობაა. როდესაც ღიად და თავისუფლად განვიხილავთ საჭირბოროტო საკითხებს და მივდივართ არგუმენტირებულ დასკვნებამდე, მგონი, ეს ყველასთვის სასარგებლოა” - განაცხადა პროექტის მენეჯერმა სალომე ჩუხუამ.
   დისკუსიას 20-მდე მონაწილე ესწრებოდა, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისე თბილისიდან ჩასული სტუმრები. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, სტუდენტები, ლექტორები, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, კერძო კომპანიების წარმომადგენლები და უბრალოდ დაინტერესებული პირები.
   შეხვედრა დინამიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დასმული კითხვები სხვადასხვა სფეროს ეხებოდა. კერძოდ, დისკუსიამ მოიცვა მსჯელობა სახელმწიფო სიმბოლოებზე, ფინანსებზე, ინფრასტრუქტურაზე, დასაქმების პოლიტიკასა და საჯარო სამსახურის რეფორმაზე, საგარეო პოლიტიკაზე, ჯანდაცვაზე, განათლებასა და სასამართლო სისტემაზე. დისკუსიის მონაწილეები აქტიურად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს ხელისუფლების მიერ გატარებულ საჯარო პოლიტიკაზე, მის ავკარგიანობაზე, ასევე არ ერიდებოდნენ კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებას და  დასკვნების გაკეთებას. შეხვედრისას ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი გამოითქვა, რა დროსაც დისკუსია მწვავე ხასიათს იღებდა და ამით ის უფრო საინტერესო იყო.
      დისკუსიის პროცესში მისმა  ერთ–ერთმა მონაწილემ იკითხა აქვს თუ არა აზრი მსგავს თემებზე მსჯელობას იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების და მისი წევრების ნააზრევს არ ითვალისწინებს არცერთი პოლიტიკური გუნდი და მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ, რომელიც საზოგადოების საჭიროებებს არ ემთხვევა. ამგვარი მოსაზრების არსებობა ყოველთვის აუცილებელია საჯარო განხილვებში.  ამ სკეპტიციზმს თავად მონაწილეებმა გასცეს პასუხი, რომ „დისკუსია გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარებას ემსახურება და მისი თვითმიზანი არ არის პოლიტიკური პროგრამების შეცვლა. დისკუსიის შემდეგ ფიქრის პროცესი უკვე საკუთარ სახლებში და საარჩევნო ყუთთან გრძელდება - აი ეს არის დისკუსიის დადებითი შედეგი“.
        როდესაც შეხვედრის აუდიტორიაზე ვსაუბრობთ, უნდა გამოიყოს მისი ერთ–ერთი აქტიური მონაწილე –  ახალგაზრდობა. სტუდენტების შეფასებით, ძალიან საინტერესო დისკუსიას ჰქონდა ადგილი,  სადაც მათ საშუალება მიეცათ ბევრი ახალი რამ გაეგოთ და, ამავდროულად, თავადაც  ჩართულიყვნენ საუბარში და გამოეთქვათ საკუთარი აზრი. 
       მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა არ ემსახურებოდა რომელიმე პოლიტიკური გუნდის საწინააღმდეგო ან სასარგებლო პროპაგანდას. მისი მიზანი იყო სამოქალაქო დისკურსიდან და არა რომელიმე პარტიის გადმოსახედიდან მომხდარიყო ფაქტებისა და მოვლენების  ანალიზი. ბუნებრივია, დისკუსიის მიმდინარეობისას იყო კრიტიკა, იყო ასევე დადებითი მხარეების შეფასება, თუმცა, საბოლოო ჯამში დისკუსია დაბალანსებული და საინტერესო გამოვიდა და  მონაწილეების აქტიურობის გამო შეხვედრამ დათქმულ დროსაც გადააჭარბა.

საზოგადოება და მითუმეტეს ახალგაზრდები ამაში ჩართულები უნდა იყვნენ, რომ გააცნობიერონ – ცვლილებების ძალა ნამდვილად მათ ხელშია. როდესაც აქედან გავლენ, მათ უკვე საზოგადოების სხვა ჯგუფებზე უნდა იმოქმედონ, დაფიქრდნენ იმ საკითხებზე, რაც აქ განიხილება, პასუხები მოძებნონ და შეეცადონ, რომ უფრო გააქტიურდნენ” - ასე შეაფასა დისკუსია მისმა ერთერთმა მონაწილემ.

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი მომავალში არაერთ საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს. ცენტრების ვებ-გვერდზე განთავსებულ კალენდარს თუ შევხედავთ, აუცილებლად იპოვით თქვენთვის საინტერესო შეხვედრას არჩევნების, სამოქალაქო საზოგადოების როლის, ახალგაზრდული პოლიტიკის, ეკოლოგიის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ქალთა უფლებების, მედიის თავისუფლებისა თუ სხვა საინტერესო თემების შესახებ, რომელშიც თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია. 

No comments:

Post a Comment