10/03/2012

პოლარიზებული საზოგადოების გა-ისტ-ებული გონება


  ცივი ომის რეჟიმში არსებობს ქართული საზოგადოება ბოლო რამდენიმე თვეა. უკანასკნელი კვირეების განმავლობაში კი ამ რეჟიმმა განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი შეიძინა. ყველაფერი კი საიმისოდ, რომ არჩევნების დღემდე - 1 ოქტომბრამდე მოსულიყო, როცა მას ’აზრზს ეკითხებოდნენ’ და პარლამენტის არჩევას ავალებდნენ.
   წინასაარჩევნო გარემოში, ბუნებრივი ვითარებაა ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა და მისი სასარგებლო აქტივობების განხორციელება. მაგრამ ქართულმა სინამდვილემ სრულად აგონიური ხასიათი მიიღო და დღეს სახეზეა პოლარიზებული საზოგადოება - ორი პოლიტიკური ლიდერის გარშემო გაერთიანებული მოსახლეობა, რითაც იმ ორი ცივი ბანაკის ასოციაცია იქმნება,  მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული დიდი ხნის განმავლობაში რომ ვერ ’გალღვა’. ქართული ბანაკები კი სულ ახლახანს ’გაიყინა’ და წინასაარჩევნო პერიოდში მათ შორის დაპირისპირებებმა აქამდე ჯერ  არ არსებულ მასშტაბებს მიაღწია.   
   ამ ყველაფრის ფონზე საზოგადოებაში დამკვიდრდა ე.წ. ისტ-ების ფენომენი, რაც წარმოადგენს მოსახლეობის დაყოფის კრიტერიუმს არა, მაგალითად, მუსიკალური მიმდინარეობის, ან ლიტერატურული ჟანრის მიხედვით, არამედ პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე - ლიდერის (ან პარტიის) სახელს+ისტ და ვღებულობთ ან ერთი ბანაკის წარმომადგენელს, ან მეორისას. ისტ-ების რბოლას გამარჯვებული  არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე არ ჰყავდა, ვინაიდან ერთის ქმედება ყოველთვის აყალიბებდა გარკვეულ ფსიქოლოგიურ კონიუქტურას მეორეში, შედეგად ეს უკანასკნელი ახორციელებდა კონტრ ქმედებას, რაც, თავის მხრივ, ასევე აღძრავდა ჟინს პირველში და ვითარებას ეძლეოდა სპირალის ფორმა, რომელიც დროთა განმავლობაში ’იბერებოდა და იზრდებოდა’. მართალია, გამარჯვებული ვახსენეთ, ეს ცნება მაინც პირობითია, ვინაიდან ისტი ისტად რჩება, მისი ლიდერის გამარჯვების თუ დამარცხების მიუხედევად და კონკურენტ ისტს მაინც ’ებრძვის’.
   რაში გამოიხატება ეს ’ბრძოლა’? ესაა ’ბრძოლა’, რომელიც მეგობარს მეგობართან, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ერთმანეთთან აპირისპირებს. რა დროსაც საპირისპირო პოლიტიკურ შეხედულებას საშუალება ეძლევა არა პოზიციებით, არამედ ფიზიკურად გამიჯნოს ადამიანები ერთმანეთისგან. ამ პირობებში ისმის კითხვა, ღირს კი ვიღაცის პოლიტიკურ ამბიციას გადაჰყვეს ადამიანურობასა და ჰუმანიზმზე დაფუძნებული ფასეულობები?
   ჩემი ამ მოსაზრებებით, მე არ მსურს დავაკნინო სამოქალაქო საზოგადოების როლი ქვეყნის ცხოვრებაში, მისი ჯანსაღი პროტესტი, რა დროსაც მოქალაქე არ გვევლინება გონებადაბინდულ, სრულიად აგონიურ მდგომარეობაში მყოფ აგიტატორად, რომელიც მხოლოდ იმ კურსით მოქმედებს, რომელიც დაუსახეს და არა დაისახა. მე აქცენტს ვაკეთებ ქართულ რეალობაში არსებულ კონფორმიზმის იმ უმაღლეს ფორმებზე, რა დროსაც მასის ქცევა ინდივიდების ან ჯგუფების გავლენით/ქვეცნობიერი ზეწოლით განისაზღვრება.
   რა შეიძლება იყოს ისტ-ობის მიზეზი? ვისიმე სიამოვნება და ვისსამე თვალში სასურველი კუთხით წარმოჩენა? სარგებლის მიღების იმედი/სურვილი? ემპათია? ზემოთ ნახსენები კონფორმიზმი? თუ ნამდვილად გააზრებული და ნაფიქრი დამოკიდებულება? ალბათ, ეს ყველაფერი ერთად, ცალ-ცალკე ან კომბინაციაში, რის შედეგადაც ვღებულობთ ადამიანს, რომელიც არის ვისიმე მხარდამჭერი და ეს მხარდაჭერა გადაუდის გაკერპებაში იმ დონეზე, რომ ხშირად ამ მხადრაჭერის ეშხში შესული რაციონალურაბასაც კი კარგავს ხოლმე.
   ისტ-ების რბოლა დასაბამს, ბუნებრივია, ზედა პოლიტიკური ეშელონებიდან იღებს. კომპრომატების ომი, რაც ორ პოლიტიკურ გუნდს შორის წინასაარჩევნოდ მიმდინარეობდა, ხელს უწყობდა  მოსახლეობის პოლარიზაციას და ისეთი ვითარების შექმნას, რა დროსაც ისინი არათუ უბრალოდ თვიანთი ფავორიტი პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერები იყვნენ, არამედ თავიანთი ლიდერების მსგავსად, აქტიურად იყვნენ ჩაბმული კომპრომატების ომში მეორე ბანაკის ისტ-ების წინააღმდეგ. სწორედ ესაა ის აგონიური სიტუაცია, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი - დაპირისპირებები პოლიტიკურ გუნდებს შორის, დაპირისპირებები მათ ისტ-ებს შორის და მოლოდინი კულმინაციისა.
    კულმინაცია კი დადგა - ერთმა გაიმარჯვა, მეორე დამარცხდა (ოფიციალურად ასე გვეუბნებიან). პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე გარშემომყოფების გაფილტვრა კი კვლავაც გრძელდება.
   ქართველი ხალხი წლებია უკვე ისეთ რეჟიმში ცხოვრობს, რომ ზემოთ სცენაზე/ტრიბუნაზე მდგარ ლიდერს (ისტ-ობის დასაბამს) მისი სახით ყოველთვის ჰყავს ქვემოდან მომზირალი, ტაშის დამკვრელი და ’ჯოს’-ის დამძახებელი საზოგადოება. ამ უკანასკნელის ვალი კი  რაციონალური განსჯის და გონივრული დასკვნების გაკეთების უნარის ქონაა.

No comments:

Post a Comment