7/30/2012

დიდ ჯგუფთან იდენტობა, როგორც პოლიტიკური იარაღი


დიდ ჯგუფთან იდენტობა სასურველი პოლიტიკური თუ სოცალური მანევრების განსახორციელებლად ეფექტურ ბერკეტს წარმოადგენს. ესაა გარემომცველ სამყაროზე იდეებისა და წარმოდგენების სისტემა, რომლებსაც ადამიანების დიდი ჯგუფი, რომლის წევრების უმეტესობა ერთმანეთს არ იცნობს, იზიარებს და აღიქვამს საკუთარი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მოქმედებების უპირობო განმსაზღვრელად. როგორც წესი, ეს წარმოდგენები ქმნიან წარმოსახვით საზღვრებს, რომლის იქით მოხვედრილი ადამიანი აღიქმება როგორც უცხო. დიდი იდენტობა, როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენი, მას შემდეგ წარმოიშვა, რაც შესაძლებელი გახდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ადამიანების დიდ ჯგუფებში კონკრეტული იდეებისა და წარმოდგენების კომპლექსის უცვლელი და უდანაკარგო გავრცელება/დანერგვა.

   დიდ ჯგუფთან იდენტობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტებია შერჩეული დიდება და შერჩეული ტრავმა, რაც მოცემული ჯგუფების წარსულთანაა დაკავშირებული. პირველი მათგანი გულისხმობს დიდი ჯგუფის მიერ ტრიუმფის შედეგად გაზიარებულ კმაყოფილებას. ამ დროს აღქმაში წარსულის წარმატების გამო დიდების, გამარჯვების განცდა ისადგურებს და ემსახურება თვითშეფასების ამაღლებას. შერჩეული ტრავმის შემთხვევაში კი ჯგუფი მსხვერპლის როლში გამოდის - დამცირებული, შეურაცხოყფილი, რა დროსაც მათი შეჭიდულობა იზრდება. მისი ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ ის კოლექტიურ მეხსიერებაში ხანგრძლივად ინარჩუნებს ადგილს.
   პოლიტიკურ ცხოვრებაში ორივე მათგანი აქტიურად გამოიყენება მასებზე მანიპულაციის მოსახდენად და სასურველი იდეოლოგიური შეხედულების პროპაგანდირებისთვის. იგულისხმება, რომ მსგავსი ხერხებით მასების იმ ნაწილის ’მართვაც’ შესაძლებელია, რომლებიც საწინააღმდეგო პოლუსზე იმყოფებიან. ამ შემთხვევაში ე.წ. მიუღებელი ლიდერის მიერ გაცემული გზავნილებიც კი იმდენად მნიშვნელოვანი და ღირებული ხდება მასისთვის, რომ მომენტალურად აღძრავს  სენტიმენტებს, რითაც შესაძლებელი ხდება მათი მომართვა სასურველი მიმართულებით. მსგავრი სენტიმენტები შეიძლება იყოს პატრიოტიზმი,  დამოუკიდებლობის სურვილი, ისტორიული დიდება, მტრის ხატი, პრესტიჟი, ღირსება და ა.შ.
   ქართულ იდენტობასთან მიმართებაში დამოუკიდებლობის დღე შეიძლება მივიჩნიოთ იმგვარ ’დიდებად’, რა დროსაც თავისუფლების, ღირსებისა და პრესტიჟის გრძნობა ადამიანებს თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გვერდის ავლით ეუფლებათ.  ამ დროს თვით პოლარიზებული საზოგადოებაც კი საერთო იდეის - დამოუკიდებლობისადმი პატივისცემის - გარშემო ერთიანდება. ამას გარდა, ქართული ჯარისადმი გამოხატული მიმართებაც, რაც პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ხდება, შერჩეული დიდების დადასტურებაა. ქართველ ჯარისკაცთან იდენტობა ხალხს სიამაყისა და პატრიოტიზმის განცდას უჩენს და ამ შემთხვევაში უკვე მეორე პლანზეა გადაწეული ის პოლიტიკური კონიუქტურა, რასაც თავდაცვის უწყება შეიძლება  ეკუთვნოდეს.
   რაც შეეხება შერჩეულ ტრავმას, ამის საილუსტრაციო საუკეთესო საშუალებაა რუსეთისგან მტრის ხატის შექმნის პრეცედენტი. საზოგადოება წლების განმავლობაში განიცდიდა ჩრდილოელი მეზობლისგან ტანჯვას. ლიდერის მიერ ამ ტანჯვის პერმანენტული შეხსენება კი ძალაუნებურად აღძრავს უარყოფით ემოციებს, სამაგიეროს გადახდის სურვილს და ძალაუნებურად აქცევს მასას იმ ლიდერის თანამოაზრედ, რომელსაც სხვა შემთხვევაში შეიძლება მიუღებლად მიიჩნევდეს.
   დიდ ჯგუფთან იდენტობის დანერგვა/გავრცელების ეფექტური საშუალება განათლება და მასმედიაა. სწორედ მათი მეშვეობით ხორციელდება ქვეყანაში იდეებისა და წარმოდგენების ტრანსლირება და გამყარება. გარკვეული სახის იდენტობები მოზარდს ჯერ კიდევ სკოლის პერიოდშივე უვითარდება, როდესაც ის თუნდაც ისტორიის საგნის მეშვეობით გებულობს სხვადასხვა ტრიუმფისა და მარცხის შესახებ, რაც ქართველ წინაპრებს გადახდენიათ და ამის საფუძველზე ის მათ გრძნობას პირად გრძნობად გადააქცევს. გარდა მაგისა, მასმედიის საშუალებით უკვე თანამადეროვე ფაქტების გამყარება და კონკრეტული შინაარსის კონტექსტის დამკვიდრება ხდება, რაც, ბუნებრივია, ნიადაგს წარმოადგენს ფართო მასების აზროვნების სასურველი კუთხით მოსამართად.

2 comments:

  1. კი ბატონო, გეთანხმებით ანალიზში, მაგრამ რას ემსახურება ეს ანალიზი? ფსიქოლოგიაა?..კი ბატონო.. მერე? რას გვმატებს ამის ცოდნა ჩვენ, უბრალო მოკვდავებს, თორემ ვინც მასებზე ზემოქმედებას ეწევა (ან აპირებს) მას ეს შესწავლილი აქვს (ალბათ). მაინც ვერ ვხვდები..სად გადის ზღვარი.. რა ვქნა მე უბრალო მოქალაქემ, ავყვე თუ არა. რა თქმა უნდა ეს ჩემს ფსიქოლოგიურ იმწუთიერ განწყობაზეა დამოკიდებული, ან გულის კარნახს უნდა ავყვე ან გონების ან სხეულის (მატერიალურის) ეს სამივე ადამიანის ბუნებრივი არსია, მისი ერთიანობაა (ანალოგიურად განუყოფელი ერთარსება სამებისა) ამიტომ ეს ასე იქნება იმის მიუხედასვად ვინმე ამას შეგნებულად იყენებს თავისი პირადი ინტერესისთვის თუ ეს მოდის; გულიდან, გონებიდან ან სხეულიდან (მატერია–მატერიალური). დიდ ჯგუფთან იდენტობაც ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა მგონია, ის რეალურია, გამომდინარე მორალიდან–სული, ზნეობიდან–გონი და მატერიალური მდგომარეობიდან–სხეული როგგორც მატერია..
    საკმაოდ მსიამოვნებს ასეთი რამის კითხვა და დიდი მადლობ! კარგი თემაა........მომეწონა!

    ReplyDelete
  2. ეს უფრო FYI სტატიაა და ნაკლები ანალიზი. რას ემსახურება? საზოგადოების მზაობის უზრუნველყოფას საიმისოდ, რომ ამგვარი მანიპულაციის ობიექტი არ გახდეს უნებურად. ხაზს ვუსვამ - უნებურად.

    მადლობა შეფასებისთვის.

    ReplyDelete